კომენტარი

რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე

14 ივნისი, 2023 • 2289
რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე

რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას არასწორად მიიჩნევს და “ნეტგაზეთთან” ამ პროცესის პრობლემურობის შესახებ საუბრობს.

ის არის რეჟისორი ფილმისა “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ”, რომელიც 12 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის 2021 წელს გახდა ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდოს მფლობელიც.

მისი თქმით, კინოცენტრი დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო, რომელიც ქართველი რეჟისორებისთვის, სცენარისტებისთვის და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის საბაზისო დაფინანსების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

ის სხვადასხვა დროს კინოცენტრის კონკურსში მონაწილეობას იღებდა, როგორც კონკურსანტი, ასევე იყო კომისიის წევრიც. ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით კობერიძე აცხადებს, რომ კინოცენტრი დამოუკიდებლად, მხოლოდ კომისიის შეფასებებზე დაყრდნობით იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, რაც შესაძლოა, ახლა საფრთხის ქვეშ დადგეს:

“ვფიქრობ, აშკარაა იმის სურვილი, რომ ეროვნული კინოცენტრი პირდაპირ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყოს. ძალიან რთულია მოტივების დანახვა, მაგრამ, ალბათ, სახელმწიფოს სურს, რომ ნელ-ნელა ყველაფერი დაიქვემდებაროს, მათ შორის- კინოცენტრიც.

ბოლო ერთ წელში რა ინფორმაციაც გამოდის, უკვე ჩანს, რომ გამჭვირვალობა თითქოს დარღვეულია”, — ამბობს ის.

რეჟისორი კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას პრობლემურად მიიჩნევს ორი მიზეზით:

“რეორგანიზაცია უკვე უცნაურია, რადგან როცა არის ორგანიზაცია, რომელიც ისედაც გამართულად მუშაობს, რეორგანიზაციის საფუძველს მე ვერ ვხედავ.

ამასთან, რეორგანიზაცია უნდა ჩაატაროს სულ მცირე კონკურსის შედეგად არჩეულმა დირექტორმა და ასეთი არ არსებობს. შესაბამისად, დასაწყისშივე უკვე არასწორია ეს”, — განმარტავს კობერიძე და დასძენს, რომ კინორეჟისორებისა და ამ სფეროში მოღვაწე ხალხისთვის კინოცენტრის დამოუკიდებელი სახით არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ფილმების დაფინანსებისთვის ერთადერთი წყაროა საქართველოში:

“დაფინანსება ძალიან მწირია, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია მხოლოდ კინოცენტრის დახმარებით ფილმის გადაღება, მაგრამ კინოცენტრში მოპოვებული თანხა ყოველთვის არის გზა იმისთვის, რომ უკვე საერთაშორისო ფონდებშიც გვქონდეს შანსი, რომ მოვიპოვოთ დამატებითი დაფინანსება. ჩვენი საკუთარი თანხა თუ არ გვექნება, საზღვარგარეთაც ძალიან გაგვიჭირდება დამატებითი დაფინანსების მოპოვება”, — ამბობს რეჟისორი.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე, ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის- რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი