სექსუალობა / სტატიები

“პენისის ქურდი” გრძნეულების ამბავი

კალი ბაუსმანი

ჯადოსნობის აღმოჩენისა და ლიკვიდაციის მე-15 საუკუნეში შექმნილი სახელმძღვანელოს თანახმად, კუდიან ქალებს პენისების გაქრობა შეეძლოთ. ზოგიერთ კუდიანს პენისები ბუდეებში ჰქონდა შენახული და შვრიას აჭმევდა.

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, კაცებს საკუთარ პენისებთან დაკავშირებული საფრთხეების ირაციონალური შიშები სტანჯავდათ. კასტრაციის საშიშროებაზე ბევრად ადრე, მათ გაცილებით ავბედითი შფოთვები აწუხებდათ: მითი კუდიანების მიერ ფალოსების ქურდობის შესახებ, რომელსაც ისინი შინაურ ცხოველებად აქცევდნენ.

ამ პრაქტიკის ყველაზე ცნობილი აღწერა გვხვდება მე-15 საუკუნეში დომინიკანელი ინკვიზიტორის ჰაინრიხ კრამერის (Heinrich Kramer) მიერ დაწერილ Malleus Maleficarum-ში („კუდიანებზე ნადირობის სახელმძღვანელო“). ჩვეულებრივ, ისტორიკოსები მას სასაცილო და ქალთმოძულე ტექსტად განიხილავენ, მაგრამ, სინამდვილეში, მან ჯადოსნობაში დადანაშაულებულ ქალთა ურიცხვ სასტიკ მკვლელობას შეუწყო ხელი. ფრენსის ჰილი (Frances Hill) „სალემელი კუდიანების სასამართლო პროცესში“ (The Salem Witch Trials Reader) მას „ოდესმე დაწერილ წიგნთა შორის ერთ-ერთ ყველაზე კოშმარულსა და ავბედითს“ უწოდებს. Malleus Maleficarum-ში უხვადაა გამოთქმული შეშფოთება ქალის სექსუალობაზე; ფოლკლორისტი მოირა სმიტი (Moira Smith) თავის სტატიაში „პენისის ქურდობა Malleus Maleficarum-ში“ აღნიშნავს, რომ „კუდიანი ქალების ბევრი დანაშაული (maleficia) სექსუალიზებული ხასიათისაა: კოშმარულ სიზმრებში ეშმასთან სექსუალური შერწყმა, მუცლის მოშლა, რასაც უშვილობა და მკვდრადშობილი ბავშვები მოჰყვებოდა, ასევე ცოლ-ქმარს შორის სექსუალური ურთიერთობისთვის ხელის შეშლა“.

შუასაუკუნეებში მიიჩნეოდა, რომ გრძნეული ქალები კაცის სასქესო ორგანოების „დამღუპველ“ სხვადასხვა მაგიურ ხერხს ფლობდნენ. მათგან ყველაზე ავბედითი პენისის „სრულად გაქრობის“ უნარი იყო. სმიტის თქმით, Malleus Maleficarum -ში მოცემულია სამი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ჯადოსნებმა კაცებს მაგიის წყალობით პენისები დააკარგვინეს. პირველ ორ შემთხვევაში, კაცების სასქესო ორგანოები კუდიანებმა „გააქრეს და წაიღეს“, – როგორც კრამერი წერს, „ადამიანის სხეულის ზოგიერთი ნაწილები მომხიბვლელობის ქვეშ მოაქციეს“.

მესამე შემთხვევაში ნათქვამია, რომ კუდიანმა ქალებმა სხეულს მოკვეთილი პენისები შინაურ ცხოველებად აქციეს და მათ შვრიასა და სხვა საკვებ მარცვლეულს უყრიდნენ:

„ჩვენ იმ კუდიანებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ამა თუ იმ ხერხებით იტაცებენ ოცი ან ოცდაათი კაცის გენიტალიებს, მათ ჩიტის ბუდეში ან რომელიმე ყუთში კეტავენ, სადაც ცოცხლად ინახავენ და შვრიას და სხვა საკვებს აძლევენ. ეს უკვე ბევრმა შეამჩნია და საჯარო განხილვის საგნად იქცა. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ეშმაკისეული ჯადოების მეშვეობით კეთდება“.

შემდგომ, კრამერი ერთი კაცის ისტორიას გვიამბობს, რომელიც საკუთარი გამქრალი პენისის საძიებლად გაემართა. მისი თქმით, საბრალო კასტრირებული ახალგაზრდა „ერთ გრძნეულთან მივიდა“. ამ უკანასკნელმა მას „ერთი ხე მიასწავლა, რომელზეც ბევრი პენისით სავსე ბუდე მდებარეობდა. კუდიანმა კაცს ნებისმიერი ფალოსის აღების ნება მისცა, რომელიც კი მას თვალში მოუვიდოდა“ (მან ყველაზე დიდი აარჩია, მაგრამ უარი უთხრეს, რადგან იგი უკვე მღვდელს ეკუთვნოდა)“.

manuscriptადამიანის გონადების მქონე მცენარე შუასაუკუნეებში იშვიათობა როდი იყო. ჟურნალ Sexual Medicine-ში 2010 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, ისტორიკოსი იოჰან ი. მატელაერი (Johan J. Mattelaer) ამბობს, რომ „მე-13 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე, ფალოსის ხე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა“. მისი კვლევის თანახმად, პენისის ხეები ამ პერიოდში მთელი ევროპის მასშტაბით ყვაოდა: მე-14 საუკუნის ფრანგული ხელნაწერის ორ მინიატურაზე გამოსახულია მონაზონი, რომელიც პენისის ხიდან ნაყოფს კრეფს და მათ სამეფო სამოსს აცმევს. ამჟამად გერმანიის მუზეუმში დაცულ მე-15 საუკუნის ხეზე ნაკვეთ გამოსახულებაზე მოცემულია ქალი, რომელიც დაუდევრად სინჯავს პენისებს ხეზე, მაშინ, როდესაც მისი გულისსწორი ყურადღებით ათვალიერებს ვულვების ხეს. მსგავსი შინაარსის დეკორატიული ნიშნული აღმოჩენილია ნიდერლანდებშიც. მასზე გამოსახულია ფალოსის ხის ქვეშ სექსით დაკავებული წყვილი. სავარაუდოდ, მათ ვუაიერისტი უთვალთვალებს.

in-the-middle-ages-witches-allegedly-kept-disembodied-stolen-penises-as-pets12000 წელს არქეოლოგებმა პენისების ხის შთამბეჭდავი გამოსახულება იპოვეს: ტოსკანაში მდებარე მე-13 საუკუნის მასიური ფრესკა. მასზე გამოსახული ხე კაცის სასქესო ორგანოებითაა დახუნძლული (მატელაერი მხიარულად აღნიშნავს, რომ ეს მართლაც ფალოსის ხეა), რომლებიც არაპროპორციულად დიდი ზომისა და უკლებლივ აღგზნებულ მდგომარეობაშია“. ამ კეთილშობილი მცენარის ძირას რვა ქალი დგას. ორი მათგანი, სავარაუდოდ, პენისებისთვის ჩხუბობს, ერთ-ერთი კი ჯოხით ხიდან „ნაყოფის ჩამობერტყვას“ აპირებს. კიდევ ერთი გამოსახული ქალი თითქოს არ აქტიურობს, მაგრამ ფრესკის ახლოდან დათვალიერებისას ჩანს, რომ „მას ხის ერთ-ერთი ნაყოფი უკვე დაკრეფილი და შენახული აქვს“. ჯორჯ ფერცოკო (George Ferzoco), ტოსკანის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ფრესკა „ხელოვნებაში კუდიანად შერაცხული ქალების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულებაა“ და ჯადოსანი ქალების შესახებ ტოსკანურ ფოლკლორს იხსენებს, სადაც გრძნეულ ქალებს პენისები ბუდეებში ჰქონდათ დატყვევებული.

კრამერი Malleus Maleficarum-ში წერს, რომ „ყველა ჯადოსნობა ავხორცობისგან მოდის, და რომ ყველა ქალი სექსუალურად გაუმაძღარი და დაუკმაყოფილებელია“. თავისი არსით, პენისების ხეც და მისი დაკავშირება უსაზღვროდ ზნედაცემულ კუდიანებთან, ერთ კითხვას ბადებს: ფალოსი ხეებზე რომ იზრდებოდეს, მაშ ვიღას დასჭირდებოდა კაცი?“.

წყარო: broadly.vice.com