სექსუალობა

სკარლეტ იოჰანსონი: ქალს სრული უფლება აქვს, სექსის შესახებ გულახდილად ისაუბროს!

ჟურნალ Cosmopolitan-ის ივლისის ნომრის ყდაზე სკარლეტ იოჰანსონს ვიხილავთ. 32 წლის მსახიობმა ჟურნალს გულახდილი ინტერვიუ მისცა, რომლს მთავარი გზავნილი ქალის არჩევანის თავისუფლებაა.

სკარლეტის აზრით, ქალებს სექსის შესახებ ღიად საუბრის უფლება აქვთ, არადა, თანამედროვე სამყაროში, როდესაც ისინი ამ თემაზე ხმას იღებენ, მათ მაშინვე „გარყვნილის“ იარლიყს აწებებენ. „თუ ქალი ამბობს, რომ სექსი მოსწონს, მისი ეს საქციელი მაშინვე რაღაც საშინელ და აკრძალულ მოვლენად აღიქმება. თუ სექსის თემასთან ადეკვატური დამოკიდებულება გაქვთ, თქვენ მაშინვე აგრესიული შეფასებების ნიაღვარს იტეხთ თავს: დაუკმაყოფილებელი, გარყვნილი, პროსტიტუტი, ამორალური. ჩვენს დროშიც კი, სექსუალური ექსპერიმენტები ან სიამოვნება ტაბუირებულია, და ეს გულს ძალიან მწყვეტს“, – ამბობს სკარლეტი.

ინტერვიუში იგი ხაზს უსვამს კიდევ ერთ ფაქტორს: მისი აზრით, თითოეულმა ქალმა თავისი მრწამსისთვის უნდა იბრძოლოს, მაშინაც კი, როდესაც მას სხვები არ ეთანხმებიან. „თუ თქვენ საჯარო განცხადებებს აკეთებთ, ეს ყოველთვის სარისკოა, ასე არ არის? შესაძლოა, ამან თქვენი თაყვანისმცემლების რიგების შეთხელება გამოიწვიოს. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქალი საკუთარი რეპროდუქციული უფლებების შესახებ უნდა დადუმდეს. ეს არის ის, რის გამოც უნდა ვიბრძოლოთ. ამ საუბარში უსიამოვნო არაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენი სხეულის საკითხი პირადია, მაგრამ ჩვენ ეს სტიგმა აუცილებლად უნდა დავძლიოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს გოგონას ასევე ექნება თავისი თვალსაზრისის გამოხატვისა და დაცვის შესაძლებლობა“, – დასძინა მან.