მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ ოქროპირიძე ოპოზიციას: ორწელიწად-ნახევარი დემაგოგიაში გაატარეთ და ვიმედოვნებ, დარჩენილ დროს მეტად პროდუქტიულად გამოიყენებთ

გურამ ოქროპირიძე

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის ცვლილების შემდეგ დედაქალაქის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს და ჯამში 2 004 389,6 ათას ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის მერიამ, მისმა შესაბამისმა სამსახურებმა და რაიონულმა გამგეობებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს თბილისის საკრებულოს კომისიის რეკომენდაციები, რაც აისახა ბიუჯეტის ცვლილების პროექტში.

სხვადასხვა პრიორიტეტულ პროგრამებთან ერთად, იზრდება სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებების დაფინანსება 22 144,9 ათასი ლარით და მთლიანობაში შეადგენს 39 061,6 ათას ლარს. მისი თქმით, ბიუჯეტის მატება მოხმარდება სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციას, თბილისის მასშტაბით ღია ტიპის სკეიტმოედნების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო სამუშაოებს.

„კახა კალაძემ დააანონსა, რომ დიღმის მასივში აშენდებოდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და უკვე მიმდინარე ცვლილებით 5 მილიონამდე ლარი გამოიყოფა სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის. ეს იქნება გარდამავალი პროექტი და ნაწილი იმ კონცეფციისა, რომელიც გულისხმობს თბილისი ყველა რაიონში მასშტაბურ სპორტულ ცენტრებზე ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, იზრდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, გრძელდება მუშაობა eurodesk.ge-სა და ევროპის ახალგაზრდული ბარათის (youth card) განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანი სიახლეა ახალგაზრდული ბარათი, რომელიც საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდებს შესთავაზებს სერვისებსა და პროდუქტებზე წვდომას საბაზრო ფასზე ნაკლებად. აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება და ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.

აგრეთვე, რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ მილიონ ლარზე მეტით იზრდება პროგრამა კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისა რაიონებში (08 11), რაც თბილისის სხვადასხვა რაიონში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებს მოხმარდება“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.

გურამ ოქროპირიძე ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ცოტა უცნაურია, რომ ყოველ სხდომაზე ვისმენთ განცხადებებს, თითქოს არაფერი კეთდება. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ მოამზადეთ ალტერნატიული ფინანსური დოკუმენტი და მოდით არგუმენტებით. ორწელიწად-ნახევარი დემაგოგიაში გაატარეთ და ვიმედოვნებ, დარჩენილ დროს მეტად პროდუქტიულად გამოიყენებთ“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.