მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული ბინა-მუზეუმი გაიხსნა

გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალაქს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა - ჩვენი დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში, მუზეუმების გაერთიანებამ იმუშავა. განახლებულ სივრცეში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, მუზეუმებისა და ჩვენი ისტორიის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ. შემოდგომაზე გავხსნით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. მომავალ წელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტის გახსნა იგეგმება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, როგორც მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურების, ისე სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა. განახლებულ სივრცეში დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ჰყვება.

ბინა-მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.