წითელა

დამირეკა ყოფილმა პაციენტმა, მთხოვა დრო გამომენახა მისი ახლობლისთვის რომელსაც ჰქონდა ალერგიული გამონაყარი, უკავშირებდა აუგმენტინის (ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავა ) მიღებას. ეს ის კლასიკური შემთხვევაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ  ტელეფონით დანიშნულება არ უნდა მისცე და არც გადაწყვეტილების მიღებაში უნდა იჩქარო, რაც არ უნდა გიბიძგონ ამისკენ. დაავადება დაიწყო ცხელებით, ყელის ტკივილით, პირის ღრუში გრძნობდა გამონაყარს, დალია აუგმენტინი თვითნებურად , დაახლოებით 5-6 საათში გამოაყარა, შეწყვიტა ანტიბიოტიკის მიღება , ჩაიტარა ინფუზური თერაპია დექსამეტაზონით, დინამიკაში გამონაყარი გაფერმკრთალდა თუმცა ბოლომდე არ ალაგდა, მე-3 დღეს მკვეთრად გაუარესდა, გახდა გენერალიზებული , გრძნობდა ძლიერ სისუსტეს, ცხელება გრძელდებოდა, გამოხატული იყო მაკულო-პაპულური ელემენტები, გუმკერდზე ,ზურგის მიდამოში და კიდურებზე , სახეზე მთლიანად გაუწითლდა , უჩიოდა კონიუქტივიტის მოვლენებს ( თვალის ლორწოვანის შეშუპება, სიწითლე, ცრემლდენა) , ძლიერ გაღიზიანებას, პირის ღრუს დათვალიერებისას გამოვლინდა ხახის ძლიერი სიწითლე, ლოყის კუთხეებში თეთრი, წვრილმარცვლოვანი გამონაყარი. ჩემი დიაგნოზი იყო წითელა და არა მედიკამენტური ალერგია, რადგან დიდებში ხშირია გართულებები, გავაგზავნე ინფექციურ საავადმყოფოში სადაც ლაბორატორიულადაც დადასტურდა წითელა.

 

IMG_6903

 

წითელა ერთ-ერთი ყველაზე  გადამდები დაავადებაა – ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.  ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს  ნებისმიერი ასაკის ადამიანი , თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს. წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი  გზით. პირადად მე დაახლოებით 4 წლის წინ ავიცერი, რადგან ჩატარებული კვლევით წითელას და წითურას მიმართ ანტისხეულები არ აღმომაჩნდა.  რადგან წელს წითელას ეპიდემიასთან გვქონდა საქმე , რაც აუცრელი ინდივიდების სიმრავლემ განაპირობა , ჩემი გოგო ცოტათი ადრე ავცერი, რადგან საზღვარგარეთ ვაპირებდი წასვლას, გულწრფელად შემეშინდა აუცრელ მდგომარეობაში დამეტოვებინა ჩემს გარეშე ..

 

IMG_3530

უამრავი ქართულად ნათარგმნი , სარწმუნო , მაღალი მტკიცებულების ინფორმაცია დევს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე : http://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=d9c61c1e-c38c-431d-86da-38c1f72a0cd4

  1. ზოგადი მიმოხილვა – წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაცემის აეროგენული მექანიზმით, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულარული) გამონაყარით, ხველებით, რინიტით ან კონიუქტივიტით.
  2. გამომწვევი აგენტი – მიეკუთვნება paramyxoviridae-ს ოჯახს, Morbillivirus-ის გვარს და წითელას ვირუსის სახეობას.
  3.  მიზეზები/რისკ ფაქტორები – წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინაცინით დაბალი მოცვა, მოსახლეობის ფართო ფენებში იმუნიტეტის არარსებობა და ინფექციის მიმღები კონტიგენტის დიდი ხვედრითი წილის დაგროვება.
  4. რეზერვუარი – ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ვირუსი ბინადრობს ავადმყოფის ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანში. ხველების და ცემინების დროს იგი იფრქვევა და ვრცელდება ჰაერში, რაც იწვევს კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას.
  5. გადაცემის გზები – აეროგენული მექანიზმი-სუნთქვის, ხველების და ცემინების დროს.
  6. ინკუბაციური პერიოდი – ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეადგენს 7-18 დღეს (ჩვეულებრივ, 10-12 დღეს). მაქსიმალურ შესაძლო ინკუბაციურ პერიოდად ითვლება 21 დღე.
  7.  გადამდებლობის/კონტაგიოზურობის პერიოდი – წითელას ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა (გადამდებლობა) – თითქმის 100%, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება ექსპოზიციის ქვეშ და არ აქვს იმუნიტეტი, დიდი ალბათობით დაავადდება. ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყარის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყარის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.
  8. მიმღებლობა – არის ძალიან მაღალი: 24 საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48 საათიანი კონტაქტის პერიოდში 60%; 72 საათიანი კონტაქტის პერიოდში 80%.წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები – ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა.

    ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი  (1 შემთხვევა წითელას 10 000-დან 100 000 შემთხვევაზე) რომელიც შესაძლებელია განვითარდეს წითელას გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

     

  9. კლინიკური მიმდინარეობა – წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ -ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს – ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.
  10. კონტროლის ღონისძიებები – წითელა ვაქცინით მართვადი დაავადებაა.

წითელას გეგმიური ვაქცინაციის მაღალი მოცვით-95% (პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით წითელას იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით – ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში) ქვეყანაში შესაძლებელია შემცირდეს ავადობა და მიღწეული იქნას დაავადების ელიმინაცია.

სრულყოფილი ვაქცინაცია ან დაავადების გადატანა ძირითადად ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

 

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები,  წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს  წითელათი დაავადების, მისი გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული ორსული ქალები.

დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის  ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით:

  • ბავშვთა გეგმიური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა;
  • წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია;
  • 20 – 40  წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია;
  • 40 წლამდე ასაკის ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია;

წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!

ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა!

 

წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს!!! არ გადადო – აიცერი და დაიცავი შენს ირგვლივ მყოფი მომავალი დედები!

აიცერი და წითელასაგან დაიცავი შენი და შენი შვილის ჯანმრთელობა!

შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში – არ გადადო, აიცერი!

40 წლამდე პირებისა და ბავშვებისათვის უფასო აცრებს უზრუნველყოფს სახელმწიფო!

 

 

არ გადადო – აიცერი!

აიცერი და დაიცავი!

 

ვებ გვერდი – www.ncdc.ge  

ფეისბუქი – National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),

 

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ტკიპის ნაკბენით გადაცემადი დაავადებაა . მისი გამომწვევია სპიროქეტა (ძირითადად Borrelia burgdorferi). რადგან ბოლო პერიოდში ძირითადად პატარებს დაუდასტურდათ ჩვენს კლინიკაში, გადავწყვიტე მოკლედ დამეწერა თუ რა სახით ვლინდება ბავშვებში . გამონაყარი ხშირად ჰგონიათ ურტიკარია ( ჭინჭრის ციება ) , რის გამოც თვითნებურად მიმართავენ ანტიალერგიულ მკურნალობას, რაც დაუშვებელია და მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი.

კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.

  • გარდამავალი ერითემა 89% ( ერთეული ერითემა გხვდება 66% -ში , მრავლობითი 23%-ში )
  • ართრიტი 7%
  • სახის ნერვის დამბლა 3%
  • ასეპტიური მენინგიტი 1%
  • კარდიტი 0,5%

გარდამავალი ერითმა გვხვდება ლაიმის დაავადების ადრეული ლოკალური სტადიის დროს, დაავადების გადამტანი ტკიპის კბენიდან 10-14 დღის შემდეგ. თავიდან ჩნდება წითელი მაკულა ( ლაქა )  კბენის ადგილას .

მკურნალობის გარეშე  ლაქა თანდათან გარდაიქმნება დიდი ზომის, ანულარულ , ერითემულ დაზიანებად, რომლის დიამეტრიც  მერყეობს  5 სმ-იდან 70 სმ – მდე . დინამიკაში ცენტრის არე შესაძლოა გაფერმკრთალდეს და განვითარდეს ე. წ. “ხარის თვალი “, თუმცა გამონაყარი უხშირესად ერთიანად წითელია. შესაძლოა პაციენტი უჩიოდეს ქავილის ან წვის შეგრძნებას.

წარმოგიდგენთ ჩემი პაციენტების ფოტოებს,  გთხოვთ არ გამოიყენოთ საკუთარი მიზნებისთვის

IMG_8881

პირველი , ლოკალური სტადიის თანმხლები სიმპტომებია :

  • ცხელება 24 %
  • დაღლილობის შეგრძნება 58%
  • თავის ტკივილი 42%
  • კისრის ტკივილი  26%
  • ართრალგია 33% ( სახსრების ტკივილი )
  • მიალგია 16 % ( კუნთების ტკივილი )

თუ ლაიმის დაავადების ადრეულ ლოკალურ  სტადიაზე არ მოხდა მკურნალობა, სპიროქეტა ხვდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ხდება  სისტემური დაზიანება, ვლინდება :

  • მრავლობითი გარდამავალი ერითემა
  • სახის ნერვის დამბლა
  • კარდიტი

მრავლობითი გარდამავლი ერითემა ყველაზე ხშირი სიმპტომია ადრეული დისემინირებული სტადიის  ლაიმის დაავაადების. მეორადი გარდამავალი ერითემის ელემენტები ვლინდება ტკიპის კბენიდან 3-5 კვირაში. პირველად ელემენტთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა. მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებში პრაქტიკულად არ გვხვდება მენინგორადიკულიტი.

ლაიმის დაავადების გვიანი სტადია დგება ინფიცირებიდან  რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ.

  • ართრიტი ყველაზე ხშირი სიმპტომია გვიანი სტადიის ლაიმის დაავადების. შეიძლება დაზიანდეს ერთი ან რამდენიმე სახსარი, 90 % -ში მუხლის სახსარი.
  • ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები – თავის ტკივილი , მეხსიერების დაქვეითება, გონებაგაფანტულობა.
  • კანის დაზიანება – კვანძოვანი გამონაყარი

ლაიმის დაავდების გადაცემის გზა და ტკიპების განვითარების ციკლი :

ტკიპა

როგორ ავირიდოთ თავი ლაიმის დაავადებისგან ?

1.     შეძლებისდაგვარად  თავი აარიდეთ ტკიპების გავრცელების ზონებში აქტივობას.

2.  ტკიპებით ინვაზირებულ ზონებში მუშაობის ან თამაშის შემთხვევაში ყოველდღიურად შეიმოწმეთ სხეულის მთლიანი ზედაპირი. დროულად მიიღეთ შხაპი სახლში დაბრუნებისას. კარგად დაათვლიერეთ თმიანი ადგილებიც და მოიშორეთ ტკიპები დაუყოვნებლივ,  ფრთხილად, პინცეტის კანთან მჭიდროდ მიმაგრებით, ისე რომ მოცილებისას არ მოხდეს ტკიპის თავის რაიმე ნაწილის ჩარჩენა. ტკიპების მოშორებისას გამოიყენეთ ხელთათმანები, ნაჭერი ან ქსოვილი. ნარჩენების მოცილების შემდგომ ტკიპის მიმაგრების ადგილი გაწმინდეთ საპნითა და წყლით.

3. ატარეთ დახურული სამოსი, რომელიც დაფარავს ზედა და ქვედა კიდურებს.

4.  ძალზედ ეფექტურია რეპელენტების გამოყენება. მათი საშუალებით ხდება სხეულის შიშველი ნაწილების, შარვლის, ზედა ტანისამოსის, გარე მოსაცმელის დამუშავება.  სხეულის შიშველი ნაწილის დასამუშავებლად რეპელენტები უნდა შეიცავდნენ  დიეთილტოლუამიდს ( DEET (N,N-diethyl-meta-toluamide),  ხოლო ტანსცმლის, კარვის,   საძილე ტომრის  დამუშავება შეგიძლიათ პერმეტრინით.

 

ჯიანოტი – კროსტი სინდრომი ( პაპულური აკროდერმატიტი ) Gianotti-Crosti syndrome (papular acrodermatitis)

სახელწოდება უცნაურად ჟღერს და ხშირად პაციენტის მშობლებს უჭირთ ამ დიაგნოზის მიღება, ურჩევნიათ ვინმემ უთხრას “ნაღველი აქვს თქვენს შვილს გაღიზიანებული ” ან მისთანანნი, თუმცა მე ყოველთვის მომხრე ვარ ყველა უცნაურ გამონაყარს თავის სახელი დაერქვას და სწორი დეფინიცია  მიეცეს, მითუმეტეს როცა ასეთ “უწყინარ” სინდრომთან გვაქვს საქმე . აღსანიშნავია რომ არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც ხშირად არ ხდება სწორი დიაგნოზის დასმა , მოიხსენიება როგორც “ვირუსული გამონაყარი” ან “არასპეციფიური ვირუსული ეგზანთემა ” , ამიტომ ზუსტად რა სიხშირით გვხდება დაუდგენელია.

ჯიანოტი-კროსტი სინდრომი – პაპულური აკროდერმატიტი არის სიმეტრიული პაპულური გამონაყარი, რომელსაც ახასიათებს სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე განაწილება ( ლოყები, დუნდულო , წინამხრის გამშლელი ზედაპირები და ქვედა კიდურები )
პირველად აღწერილ იქნა 1955 წელს ჯიანოტის მიერ, 1957 წელს ჯიანოტის და კროსტის მიერ . თავდაპირველად თვლიდნენ რომ გვხვდებოდა მხოლოდ ბავშვთა ასაკში, თუმცა მოგვიანებით აღწერილ იქნა მოზრდილებშიც.

ახასიათებს 3 კარდინალური მანიფესტაცია:

ერითემატო-პაპულური დერმატიტი ლოკალიზებულია სახესა და კიდურებზე, გრძელდება საშუალოდ 3 კვირა , არ ახასიათებს რეციდივი , ლიმფური კვანძების პარაკორტიკალური ჰიპერპლაზია , მწვავე ჰეპატიტი, როგორც წესი სიყვითლის გარეშე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თვეები და პროგრესირდეს ღვიძლის ქრონიკული დაავადება.

ჯნკ -ის სინდრომი ვლინდება პაპულური ან პაპულოვეზიკულური გამონაყარით სხეულის წარზიდულ ნაწილებზე , რომელსაც  შესაძლოა ახლდეს ქავილი

ეპიდემიოლოგია

ინციდენტობა და პრევალენტობა უცნობია, რადგან ამ სინდრომის მქონე ბავშვების უმრავლესობა დიაგნოსტირებულია როგორც “ვირუსული გამონაყარი” ან “არასპეციფიური ვირუსული ეგზანთემა” , უპირატესად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თანაბარი სიხშირით გოგონებსა და ბიჭებში, თუმცა მოზრდილებში ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში.

უხშირესად გვხვდება სპორადულად , თუმცა აღწერილია რამდენიმე აფეთქების შემთხვევა, როგორც წესი ასოცირებულია ვირუსულ ინფექციასთან , უხშირესად გამომწვევი  B ჰეპატიტის და ებშტეინბარის ვირუსი გვხვდება , თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი ინფექციებიც :

  •  ენტეროვირუსები
  • ციტომეგალოვირუსი
  • პარვოვირუსი
  • პარაგრიპი
  • A ჰეპატიტის ვირუსი
  • როტავირუსი
  • კონტაგიოზური მოლუსკი
  • რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი
  • აივ
  • ადამიანის ჰერპესვირუს 6
  • მიკოპლაზმა პნევმონიე
  • ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი
  • —Bartonella henselae
  • —Borrelia burgdorferi

 

ასევე შემდეგი ვაქცინები :

გრიპის ვაქცინები :

  • MMR
  • B ჰეპატიტი
  • პოლიომიელიტი
  • A ჰეპატიტი
  • იაპონური ენცეფალიტის ვაქცინა

პათოგენეზი უცნობია, დაზიანებული უბნის ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები არასპეციფიურია, მოიცავს ფოკალურ სპონგიოზსს ( ეპიდერმისის ექსუდაციური ანთება) და პარაკერატოზი, პერივასკულარული ინფლტრაციით დერმის ზედა შრეში. ერთ-ერთი ჰიპოთეზით კლინიკური მანიფესტაცია დაყოვნებული ჰიპერმგრძნობელობითი რექციის შედეგია ვირუსულ ინფექციაზე. პათოგენეზში IგE-თ განპირობებული პასუხი ჯკს-ის და სხვა ვირუსული ეგზანთემის დროს კვლევის ცალკე საგანია. კველებში ნაჩვენებ იქნა რომ ჯკს-ს მქონე ბავშვებში ან მათ ოჯახის წევრებში ატოპიური დერმატიტი უფრო ხშირი იყო ვიდრე მორეციდივე ვირუსული ინფექცია .

 კლინიკური მახასიათებლები

გამონაყრის გამოვლენამდე ხშირად პაციენტებს წინ უსწრებთ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია ან გასტროენტეროლოგიური დაავადება, გამონაყრის პერიოდში ძირითადი დაავადება შესაძლოა ალაგებული იყოს.

დერმატოლოგიური გამოვლინებები 

ახასიათებს სიმეტრიული გამონაყარი მრავლობითი წვრილი პაპულური ან პაპულოვეზიკულური ელემენტები მონომორფული , ბრტყელი, მოვარდიფრო-მოყავისფრო პაპულები ან პაპულოვეზიკულები, 1- 10 მმ დიამეტრის , შესაძლოა გაერთიანებისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. უპირატესად ვლინდება სახეზე, დუნდულოებზე, წინამხრის გამშლელ ზედაპირებზე და ქვედა კიდურებზე.
სხეულზე იშვიათად ვლინდება, ასევე უფრო გარდამავალია და მალე ლაგდება ვიდრე პერიფერიაზე. ლორწოვანი და ფრჩხილები არ ზიანდება.

სხვა სიმპტომები :

ქავილი ზომიერია , იშვიათად ახასიათებს ჰემორაგიული დაზიანებები , დაბალი ცხელება, დიარეა , ლომფადენოპათია 25-30% -ში ,
სპლენომეგალია იშვიათად .
ლაბორატორია: შესაძლოა იყოს ლიმფოციტოზი ან ლიმფოპენია, მომატებული ღვიძლის ფერმენტები – ეპშტეინ-ბარის ვირუსის , ციტომეგალოვირუსის, ჰეპატიტის დროს.

—პროგნოზი კეთილსაიმედოა, გამონაყარი გრძელდება 10 დღიდან 6 თვემდე, თუმცა შესაძლოა 5 დღიდან 12 თვემდე გაგრძელდეს. ქავილი გრძელდება რამდენიმე კვირა. გამონაყრის პირველი 2-3 კვირა ჩნდება ახალი პაპულები და პაპულოვეზიკულები, დაზიანების არეალიც ფართოვდება, კლასიკური გამონაყარი დაავადების შუა ფაზის მიმდინარეობაში ვლინდება. დაავადების დასასრულს დაზიანებული არე მცირდება, შესაძლოა გამოვლინდეს ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია თუმცა იშვიათად,  რეციდივი შესაძლებელია. ლიმფადენოპათია და ჰეპატომეგალია (ან ჰეპატოსპლენომეგალია) როგორც წესი გვიან იწყებს უკუგანვითარებას ვიდრე კანის დაზიანება.

 გართულება

ანთებისშემდგომი ჰიპოპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია უფრო ხშირია მუქი კანის მქონე ბავშვებში, შესაძლოა გამონაყრის ალაგებიდან რამდენიმე თვე გაგრძელდეს , თუმცა საბოლოოდ ქრება. იარების დარჩენა იშვიათია, სახეზე გამონაყრის შემთხვევაშიც კი. სხვა შესაძლო გართულება დაკავშირებულია თანმდევ დაავადებასთან, EBV დაკავშირებით- შესაძლებელია ელენთის გახეთქვა ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადება, B ჰეპატიტის შემთხვევაში –  მწვავე ინფექციის გაქრონიკულება.

დიაგნოზი

ლაბორატორიული მონაცემები არაინფორმატიულია, თუმცა შესაძლებელია სხვა დაავადების გამორიცხვა . დიაგნოზი  ემყარება ძირითადად კლინიკურ მახასიათებლებს – მონომორფული, ბრტყელი დაბოლოებით, მოვარდისფრო-მოყავისფრო პაპულები ან პაპულოვეზიკულები 1 დან 10 მმ დიამეტრის, 4 დან 3 პერიფერიული არის დაფარვა , სიმეტრიული გამონაყარი , არანაკლებ 10 დღიანი ხანგრძლივობა.

სიმპტომები რომელიც გამორიცხავს სინდრომს:
დისემინირებული გამონაყარი სხეულზე
ქერცლიანი გამონაყარი

ჰისტოპათოლოგიურად ცვლილებები არასპეციფიურია და ვერ ადასტურებს დიაგნოზსს. გამოიყენება სხვა დიაგნოზის გამოსარიცხად. ღვიძლის ფუნქციური ტესტები – შრატში ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას, ალკალაინ ფოსფატაზას და გამაგლუტამილ ტრანსფერაზას განსაზღვრა, B ჰეპატიტის სეროლოგიური კვლევები.

დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს შემდეგ დაავადებებთან :

  • ინფექციური ერითემა (მე-5 დაავადება)
  • მრავალფორმიანი ერითემა
  • ხელის, ფეხის და პირის დაავადება
  • მუნი
  • პაპულური ურტიკარია (მწერის ნაკბენით განპირობებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია)
  • ბრტყელი ლიქენი
  • წამლისმიერი გამონაყარი
  • პაპულური პურპურა ხელთათმანის და წინდის სინდრომი
  • ენტეროპათიული აკროდერმატიტი
  • ჰენოხ-შონლაინის პურპურა
  • კავასაკის დაავადება

 

Gianott Gianott_2Gianott_3 Gianot_3

ხელის , ფეხის და პირის სინდრომი ( დაავადება) Hand, foot, and mouth syndrome

ამ სინდრომით ბოლო დროს ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, ქართულად ვეძებე და არსადაა მასალა რომ გაეცნონ. გადავწყვიტე მოკლედ დავწერო.

ხელის , ფეხის და პირის სინდრომი უხშირესად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში , გაზაფხული – ზაფხულის პერიოდში. გამოწვეულია კოქსაკი  A და B ვირუსებით. ახასიათებს ცხელება, ბუშტუკოვანი გამონაყარი პირის ღრუში ( ლოყის ლორწოვანზე, ენაზე ) და პერიფერიულად მცირე ზომის გამონაყარი  – ხელის მტევნებზე, ტერფებზე, დუნდულოზე და ( იშვიათად ) გენიტალიებზე. ამ სინდრომთან ხშირად ასოცირებულია ონიქომადეზისი ( ფრჩხილის ფირფიტის პროქსიმალური აცილება ფრჩხილბუდიდან ) .

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 5 დღემდე, დაავადება როგორც წესი ლაგდება 3 – 4 დღის შემდეგ, გართულების გარეშე. ხელის, ფეხის და პირის სინდრომი თუ გამოწვეულია ენტეროვირუს 71 -ით , შესაძლოა ასოცირებული იყოს უფრო მძიმე მიმდინარეობასთან, რომელსაც ახლავს  ცენტრალური ნერვული სისნტემის დაავადება, ფილტვის შეშუპება , ჰემორაგია და გულის უკმარისობა.

ხფპ – სინდრომი ზომიერად გადამდებია, ინფექცია ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის ცხვირიდან გამონადენით, ნერწყვით, ბუშტუკებიდან გამოყოფილი სითხით ან ფეკალიებით . ინფიცირებულები ყველაზე მეტად  დაავადების პირველ კვირას არიან კონტაგიოზური ( გადამდები ) . თუმცა, ვირუსი შესაძლოა პერსისტირებდეს რამდენიმე კვირა კიდევ კლინიკური სიმპტომების ალაგებიდან.

ფოტოებზე წარმოდგენილია საკუთარი მასალა :

20131115_162841 20131115_162902 Mouth