საახალწლო ტრადიციები

ახალი წელი ყველაზე მხიარული და ბედნიერი დღესასწაულია. ამ დღესთან უამრავი ტრადიციაა დაკავშირებული.ვნახოთ  როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ავსტრალიელები ახალი წლის შესახვედრად მიდიან სანაპიროზე, სადაც შეუძლიათ მშვენიერი ფეირვერკის ცქერით დატკბნენ და მეგობრებთან ერთად გაერთონ. ქალაქის ქუჩებში კი ამ დროს ზარების, საყვირების ხმა ისმის: მათი ტრადიციის მიხედვით, თუ ახალ წელს ხმაურით შეხვდებიან, ის წელი ბედნიერი იქნება.

ინგლისში დიდ ყურადღებას აქცევენ მეკვლის გარეგნობასს.მათი აზრით, მეკვლე აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი, სასიამოვნო გარეგნობის, ახალგაზრდა, შავგრემანი და თან უნდა ჰქონდეს ცოტაოდენი  ნახშირი, პური, მარილი და ფული. ეს ნივთები ითვლება ბარაქის სიმბოლოდ.
ინგლისელი გოგონები კვერცხის ცილას წყალში აგდებენ.სჯერათ, რომ მათი მომავალი მეუღლის სახელის პირველი ასო ცილით გამოიკვეთება.

საფრანგეთში ახალი წელი საოჯახო დღესასწაულად არის მიჩნეული. ამიტომ ყველა ოჯახში აღნიშნავს მას უახლოესი ადამიანების გარემოცვაში.

 იტალიაში ახალი წლის ღამეს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან საყოფაცხოვრებო ნივთებს, იტალიელებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მე ნივთს გადაყრიან და გაატანენ ძველ წელს, მით მეტი სიმდიდრისა და ბარაქის მომტანი იქნება ახალი წელი.

საბერძნეთში, ისევე როგორც საქართველოში, ახალი წელი წმინდა ბასილის დღეა. წმინდა ბასილი კეთილი წმინდანია, რომელსაც ბავშვები უყვარდა. ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს თავიანთ ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ წმინდანმა საჩუქრებითა და მადლით აუვსოს.

საქართველოში კი ყოველ კუთხეს ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებული ტრადიცია აქვს.

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს “კალანდა” ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება

საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბერებს.” საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება.

მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: “აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი”-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: “ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).” სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით “შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის”, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს “კერია-ბერია”-ს უნაწილებენ.  

ბედნიერ შობა ახალ-წელს გისურვებთ!!!!!! 

 

 

 

 

 

Commen now