ჰამასმა ამერიკელი დედა-შვილი ტყვეობიდან გაათავისუფლა

0
98

ორი მძევალი – ამერიკის მოქალაქე დედა-შვილი ჰამასმა უკვე გადასცა წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციას: ისინი დატოვებენ ღაზის ტერიტორიას რაფიას საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, გადავლენ ეგვიპტეში, იქედან კი ისრაელში დაბრუნდებიან.

ჰამასის მიერ გათავისუფლებული ამერიკელი დედა-შვილი იუდით რაანანი და 18 წლის ნატალი არიან, რომლებიც აშშ-ში, ილინოისის შტატში ცხოვრობენ და ღაზის სექტორთან ახლოს მცხოვრებ ნათესავთან აშშ-დან სტუმრად იყვნენ ჩასული, 7 ოქტომბერს კი ტერორისტებმა გაიტაცეს. 

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, ჰამასელების ტყვეობაში 200-ზე მეტი მოქალაქე რჩება, აქედან 20-ზე მეტი ბავშვია, რომელთა უმრავლესობის სია უკვე არსებობს:

🔘 11 წლის ოფრი, 8 წლის იუვალი, ოთხი წლის ორია ბროდუჩები კფარ-აზადან გაიტაცეს;

🔘 15 წლის დაფნა და 8 წლის ელა ელიაკიმები კიბუც ნაჰალ-ოზში გამოჩნდნენ კადრში, სადაც ტერორისტებს ჰყავდათ დატყვევებული და, დიდი ალბათობით, ღაზაში გაბრუნებულებმა, თან გაიტაცეს;

🔘 12 წლის ეთან ვაჰალომი, გატაცებულია სახლიდან;

🔘 15 წლის ნოამი და 13 წლის ალმა ორები – კიბუც ბეერში მეზობელმა დაინახა, როგორ გაჰყავდათ ისინი სახლიდან;

🔘 8 წლის ნავე და 3 წლის იაჰელ შოამები – კიბუც ბეერიდან, მშობლებთან ერთად გაიტაცეს.

🔘 12 წლის ნოამ ავიგდორი – გატაცებულია დედასთან და რამდენიმე ნათესავთან ერთად;

🔘 სამი წლის არიელ და 9 თვის კფრი ბიბასები – კადრში მოხვედრილ დედას ეჭირა ხელში, როცა ის ტერორისტებს მიჰყავდათ სახლიდან;

🔘 12 წლის ერეზ კალდერონი – სახლიდან გაიტაცეს რამდენიმე ნათესავთან და ოჯახის წევრთან ერთად, კიბუც ნირ-ოზიდან;

🔘 5 წლის რაზ და სამი წლის ავივ აშერები – გაიტაცეს დედასთან, დორონთან ერთად, როცა ნათესავებს ესტუმრნენ, ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს.

წინა სტატია“ძალიან კარგი შედეგები ჩვენების ფრონტზე” – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაზე
შემდეგი სტატია“რუსეთი ამის ფასს გადაიხდის, დავიმახსოვრებთ, რასაც აკეთებთ…” – ებრაელი დეპუტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური