"ჯვარის მამა" იყო მეტოქი - ფილიალი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა
"ჯვარის მამის" ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი წერს: "თავდაპირველად ვახტანგ გორგასალმა თბილისში ოთხი ტაძარი ააშენა. ერთი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა - სიონი, მეორე მეტეხი - იერუსალიმის გეთსიმანიის კვალობაზე, მესამე წმინდა ჯვრის - სახელწოდებით გოლგოთის, მეოთხე ბეთლემის, რომელსაც შემდეგ სომხებმა ფეთხაინი შეარქვეს". |
"ჯვარის მამის" ტაძრის შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება, ზოგი წერილობითი, ზოგი კი ზეპირი. ამბობენ, აქ უცხოვრია და უმოღვაწია წმინდა ნინოს და ამიტომაც ამ ადგილას ყოველთვის არსებობდა დედათა მონასტერი. წელიწადნახევრის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით "ჯვარის მამის" ტაძართან გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, ანუ აღდგა ტრადიცია. "ჯვარის მამის" ტაძრის გალავანში მოხდენილად ჩაწნული წმინდა ნინოს ჯვრის ორნამენტები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ადგილი ლოცვითა და მოღვაწეობით არის განწმენდილი და გამორჩეული. დღეს ამ მონასტერში არაერთი დედა ნინო მოღვაწეობს.
"ჯვარის მამის" მონასტრის ისტორიისა და ფუნქციის შესახებ გვესაუბრება მისი წინამძღვარი,
დეკანოზი ტარიელ სიკინჭალაშვილი.
- მამაო, ისტორიულად რა არის ცნობილი "ჯვარის მამის" ტაძრის შესახებ?
- გადმოცემით, მცხეთიდან ბოდბეში მიმავალი წმინდა ნინო გარკვეული ხნით სწორედ ამ ადგილას გაჩერდა. ეს ადგილი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით თხემს წააგავდა, ამიტომაც ეწოდებოდა გოლგოთა. აქ ყოფილა პატარა გამოქვაბული, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა მხლებლებთან ერთად და, ცხადია, აუცილებლად მოილოცავდა იმ ადგილებს, სადაც ახლა არის აშენებული სიონი, მეტეხი, ბეთლემი, ანჩისხატი, წმინდა გიორგის სახელობის კლდისუბნის ეკლესია და ა.შ. აქ იყო აღმართული მისი ჯვარიც. სამწუხაროდ, წმინდა ნინოს გზა დღესდღეობით არ ითვალისწინებს ამ ისტორიულ გადმოცემას...
ორი საუკუნის შემდეგ ვახტანგ გორგასალმა აქ დედაქალაქის აშენება გადაწყვიტა. თავისი ხელით შექმნილი ჯვარი წარწერით - აქ აშენდება ქალაქი - ბორცვზე დადგა. მას მერე, ტრადიციულად, იმ ადგილზე, სადაც მეფე ან პატრიარქი გადაწყვეტს ტაძრის აშენებას, იდგმება ჯვარი. სხვათა შორის, გადმოცემით, ვახტანგის აღმართულ ჯვარს წმინდა ნინოს ჯვრის ფორმა მიუღია. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ამის შემდეგ ვახტანგ გორგასალს მიწა შეუძენია იერუსალიმში, სადაც აშენდა ჯვრის მონასტერი. ცნობილია, რომ წმინდა მეფემ მცხეთა და თბილისი აღაშენა და განაშენა, ვითარცა იერუსალიმი. როგორც ჩანს, ამ ადგილს, სადაც ახლა "ჯვარის მამის" ტაძარია, გოლგოთა დაერქვა. გოლგოთაზე მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ამიტომ ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილას აშენებულ მონასტერს ჯვრის მონასტერი დაარქვა.
არაერთხელ დაუნგრევიათ და აღუშენებიათ ეს ეკლესია. ჯერ თემურ ლენგის შემოსევას შეეწირა და ერთი საუკუნის შემდეგ აღადგინეს. შემდეგ 1795 წელს სპარსელებმა დაანგრიეს. 1825 წელს იგი კვლავ განაახლეს. დიდი ხნით უპატრონოდ დარჩენილ ეკლესიას მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია, გამშვენდა მისი ეზო.
- მამაო, როგორც ცნობილია, "ჯვარის მამის" ტაძარს ისტორიულად განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრა - იგი იყო შემაკავშირებელი წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ სავანეებსა და საქართველოს შორის. რომელი სავანეები იყო ეს და რა მზრუნველობას იჩენდა "ჯვარის მამის" ტაძარი მათ მიმართ?
- ტაძარი V საუკუნიდან იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. ამიტომაც ეწოდება "ჯვარის მამა". ეს სახელი დაერქვა მაშინ, როცა ქართველები იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ასაშენებლად შემოწირულობას აგროვებდნენ. ეს იყო ერის არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი ბაზაც. აქედან მიდიოდნენ სასულიერო პირები იერუსალიმში. "ჯვარის მამა" იყო მეტოქი - ფილიალი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა. იგი თავისი სახსრებით ინახავდა შვილს - იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს. ამ ორ ტაძარს შორის ასეთი მამაშვილური ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. "ჯვარის მამა" ძველთაგანვე იყო შემაკავშირებელი რგოლი წმინდა მიწის ქართულ სავანეებსა და საქართველოს შორის. ეს სავანეები იყო: გოლგოთა, რომელიც სხვადასხვა დროს ხან მთლიანად (XVს-ში) და ხან ნაწილობრივ ქართველებს ეკუთვნოდათ, ასევე წმინდა ჯვრის მონასტერი, წმინდა იაკობ ალფესის შესანიშნავი ტაძარი, რომელიც ააგო გიორგი კურაპალატმა XIს-ში. გადმოცემით, ქართველ მეფეებს აქ ზარაფხანა ჰქონდათ. ეს ტაძარი XV საუკუნიდან სომხების ხელში გადავიდა. ასევე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც შემდგომ ლათინებმა ჩაიგდეს ხელში, ილია წინასწარმეტყველის ეკლესია, რომელიც დადიანმა განაახლა XIII ს-ში და სხვა.
XI საუკუნიდან წმინდა მიწაზე ქართველთა მოღვაწეობის ცენტრი ჯვრის მონასტერი ხდება. აქ ირჩეოდა პალესტინაში არსებული ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის საქმეები. თბილისის "ჯვარის მამა" კი იყო ჯვრის მონასტრის მამულების გამგე საქართველოში. პალესტინის ჯვრის მონასტერში ქართველი იღუმენები ინიშნებოდნენ, რომლებიც, იმავდროულად, გოლგოთის წინამძღვრებადაც ითვლებოდნენ. მათ ქართველი მეფეები ნიშნავდნენ. ისინი აკონტროლებდნენ ქართველთა სამშენებლო საქმეს წმინდა მიწაზე და ყველა საკითხს, რაც იქაურ სასულიერო ძმობას შეეხებოდა. თბილისში "ჯვარის მამის" ეკლესიაში მჯდარი ეგზარქოსი საქართველოში განაგებდა შემოსავალს. მაგალითისთვის: თბილისში ცნობილი იყო "ჯვარის მამის" ლავაში, ტაძრის საკუთრება ყოფილა ქარვასლა, ტაძრის მიმდებარე მიწები და სახლები. ჰქონია აგრეთვე სახელოსნოები. მოსე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ "ჯვრის მამის" ტაძარს მეფე სვიმონმა 1611 წელს შესწირა სამღებრო სოფელ დირბში. სხვა მეფეთაგანაც შეწირული ჰქონდა სოფლები, ყმები და ულუფა, ხოლო მისი წინამძღვარი შემოსავალს უგზავნიდა იერუსალიმის ქართულ ტაძარს. უფლის საფლავის ტაძრის თბილისში დაარსებით საქართველოს მუდმივი კავშირი ჰქონდა პალესტინასთან XX საუკუნის დასაწყისამდე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1