ბიზნესი
07/09/2020

ბევრი რესტორანი გაზაფხულამდე ვერ მიაღწევს – კოტე გაბრიჩიძე

2 თვეზე მეტია, რაც რესტორნებს მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა როგორ უმკლადება სექტორი პანდემიის პერიოდს ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე ესაუბრა.

„რესტორნების ნახევარზე მეტი დაკეტილია, რომელიც გახსნილია, 30-50%–იანი ან უფრო მეტი კლება აქვთ. აქედან გამომდინარე, თანამშრომლების რაოდენობაც საგრძნობლად შემცირებულია. ზამთრის პერიოდში, ტერასაზე და შიდა სივრცეში დასხდომა მომხმარებელს ჩვეულებრივად შეუძლია, მაგრამ ეს მაინც მოახდენს გავლენას და ბევრი რესტორანი გაზაფხულამდე ვერ მიაღწევს,“ – აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.

როგორც ასოციაციაში ამბობენ, საქართველოში 10 ათასი რესტორანია. რეგულაციების მოხსნის შემდეგ ნაწილი გაიხსნა, ნაწილმა კი ვერ შეძლო პანდემიასთან გამკლავება. ზოგიერთი გაიხსნა, თუმცა ისევ დაიხურა.

„ბათუმში შედარებით გამოცოცხლდა სარესტორნო ბიზნესი, უამრავი ადამიანი სტუმრობდა შავი ზღვისპირეთს. სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სულ მალე აქაც ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება. გაიხსნა ახალი კაფე, რესტორნები თუმცა ეს ზოგად ტენდენციას არ ცვლის,“ – ამბობს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

Businesspartner