ბიზნესი
11/03/2021

"კამუსიას" ხელნაკეთი პროტოტიპი თოჯინები აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში იყიდება

„კამუსია“ ქართული ხელნაკეთი პროტოტიპი თოჯინების ბრენდია. კომპანიის თანადამფუძნებელი ლიკა ქობალია „ბიზნესპარტნიორთან პროექტის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„იდეა გამიჩნდა მაშინ, როდესაც დედაჩემმა შექმნა ორი თოჯინა, თავდაპირველად ოჯახის წევრებისთვის ამზადებდა, შემდეგ მეც ჩავერთე პროცესში და ვეხმარებოდი ფეისბუქ გვერდის შექმნაში, ფოტოების ატვირთვაში და ა.შ. თავიდან, ამ საქმიანობას არ ვუყურებდი სერიოზულად, თუმცა, მოთხოვნის ზრდამ და მომხმარებლის მხრიდან დიდმა ინტერესმა, ჩვენი ერთობლივი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია.

ყოველი შეკვეთა, ექსპერიმენტია. ვფიქრობ, ვქმნით გამორჩეულ და საინტერესო თოჯინებს. ყველა ადამიანი ინდივიდი და თავისებურად გამორჩეულია, ასევეა ის თოჯინები, რომლებსაც მათთვის ვქმნით. 2 წელია ჩვენი სახელოსნო გვაქვს. მოთხოვნა ძირითადად ზრდასრული პიროვნებების თოჯინებზეა. უამრავი პროტოტიპი თოჯინა გვაქვს შექმნილი, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და პროფესიისა,“ – აღნიშნავს ლიკა ქობალია.

„კამუსიას“ თოჯინების რეალიზება მეტწილად საქართველოში ხდება, თუმცა ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნამუშევრები წარმატებით იყიდება და მოთხოვნაც საკმაოდ დიდია. კომპანია მზა პროდუქტის შექმნასაც გეგმავს, რომელიც არ იქნება ინდივიდუალურ შეკვეთებზე დამოკიდებული, ასევე გეგმაშია გაფართოებაც.

„ბევრი სიახლე გვაქვს  დაგეგმილი. სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა გეგმების განხორციელებაში. რეგულაციების გამო ფიზიკურად აღარ გვრჩებოდა დრო ახალ პროდუქტზე სამუშაოდ. გვიჭირდა მასალის მოძიება, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საქართველოში შევიძინოთ ყველაფერი, რაც თოჯინების შექმნისთვის გვჭირდება. მასალის გარკვეულ ნაწილს ქართულ ბაზარზე ვვიდულობთ, ნაწილს სხვა ქვეყნებში ვუკვეთავთ. თითოეული თოჯინა გარკვეულ მდგომარეობამდე სტანდარტულად იქმნება, ხოლო როდესაც გადავდივართ ინდივიდუალურ პროცესზე, ყველა დეტალი არასტანდარტულია. იმედია, პანდემია მალე დასრულდება და ჩვენს მომხმარებელს უფრო და უფრო საინტერესო პროდუქტს შევთავაზებთ,“ – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

Businesspartner