ბიზნესი
29/08/2022

მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი: უახლოეს მომავალში ზეთი დაახლოებით 40 თეთრით გაიაფდება

მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი კომპანა "ალფას" ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მზესუმზირის ზეთის ფასი დაახლოებით 30-40 თეთრით შემცირდება.

ამის მიზეზად ციხისთავი რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადის შემცირებას ასახელებს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,2022 წლის სექტემბრიდან რუსეთი მზესუმზირას ზეთზე საექსპორტო გადასახადს თითქმის 2-ჯერ ამცირებს.  თუ აქამდე ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 15,987 რუბლი იყო, სექტემბრიდან ის 8 621 რუბლი გახდება. 

როგორც ციხისთავი განმარტავს, რუსეთში ზეთზე ახალი ფასები ჯერ დადგენილი არ არის, მას შემდეგ რაც გაირკვევა რა ფასად იქნება შესაძლებელი პროდუქტის შეძენა,მოხდება ახალი შესყიდვა. შემცირებული ფასები კი შესყიდვიდან 2 კვირაში ქართულ რითეილ სექტორზეც გავრცელდება.

"ალფა" ზეთის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. მისი ინფორმაციით, 1 ბოთლი (1 ლიტრი) ზეთის ფასი ამჟამად საშუალოდ 6  ლარია.

შეგახსენებთ, რუსეთმა ომის შედეგად ზეთზე საექსპორტო გადასახადი რამდენჯერმე გაზარდა, რომლის ასახვაც ქართულ რითეილ სექტორში მყისიერად ხდება. 

მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი  2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 2 კვარტალში (იანვარი-ივნისი) მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის 2 კვარტალში ქვეყანაში 1.168 მლნ  ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 1.5 მლნ აშშ  დოლარი.

2022 წლის 2 კვარტალში კი 683,86 ტონა ზეთი შემოვიდა, რომელიც 881 000 აშშ დოლარის ღირებულების იყო.

 

 

Businesspartner