ბიზნესი
12/10/2022

ნედლი რძის დეფიციტი და ქართული ყველის შეზღუდული საექსპორტო შესაძლებლობა

რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტია.

„ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ცივის ყველის“ დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი ამბობს, რომ ნატურალური რძის დეფიციტი მათ წარმოებას აფერხებს, რის გამოც, ვერც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას ახერხებენ სრულად და ვერც საექსპორტო ბაზრების სათანადოდ ათვისებას.

გოჩა ღაღაშვილი, უახლოეს პერიოდში, საკუთარი რძის საწარმოს გახსნას და დაახლოებით, 1 წლის ვადაში, ნედლი რძის წარმოების დაწყებას განიხილავს. როგორც ის განმარტავს, „ცივის ყველი“ თვეში 3-დან 5 ტონამდე ყველს აწარმოებს, რაც ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ეს პრობლემებს ქმნის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისასაც. მაგალითად, „ცივის ყველი“ ამჟამად, საექსპორტო მოლაპარაკებებს ისრაელთან აწარმოებს, თუმცა, საჭირო ნედლი რძის არ ქონის გამო, ეს მოლაპარაკებები დაპაუზებულია.

გოჩა ღაღაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად კომპლექსური მიდგომებია საჭირო, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი კი აქამდე აუთვისებელი მიწების, სრულად ათვისებაა.

„ცივის ყველი“ 10 წელზე მეტს ითვლის. ჩავედით ჩიკაგომდე, ნიუ- იორკამდე, აქატიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ისრაელთან, თუმცა ექსპორტი, ნედლი რძის დეფიციტის გამო, ჯერჯერობით, დაპაუზებული გვაქვს. ჩემი კომპანიის გადარჩენის ერთადერთ გზად, საკუთარი ნედლი რძის წარმოება მესახება. სხვა შემთხვევაში, ვერც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას შევძლებ და ვერც ექსპორტს განვაგრძობ“, - აღნიშნა გოჩა ღაღაშვილმა.

ცნობისთვის, „ცივის ყველი“ ამჟამად 12 სახეობის ყველს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე 3 საექსპორტო ქვეყანაში ხორციელდება.

Businesspartner