ბიზნესი
01/06/2022

ნოზაძის მეფრინველეობა: ქათმის ხორცი 10%-ით გაძვირდება

გაზის ტარიფის ზრდას ავტომატურად მოჰყვება ქათმის ხორცის გაძვირება. „ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე  „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ კომპანია დგება ორი არცევანის წინაძე - გაზარდოს ფასი და გადარჩეს ან დატოვოს იგივე და დაიხუროს.

შესაბამისად, 1 ივლისიდან ქათმის ხორცი „ნოზაძის მეფრინველეობაში“ დაახლებით 10%-ით გაძვირდება.

„სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ მეორე ამბავიცაა - რამდენად შეძლებს გაჭირვებული ადამიანი  გაზრდილ ფასად პროდუქციის შესყიდვას, არ ვიცი. გაზრდილი ინფლაციის პირობებში კომპანიას რამდენჯერმე მოუწია სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, რაც განახევრებულ სარეალიზაციო მაჩვენებელში გამოსახა.

ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმოება საქართველოში მოკლან და ქვეყანა იმპორტდამოკიდებული გახადონ. საბოლოოდ, მიაღწევენ ამას,“-აცხადებს მამუკა ნოზაძე.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის იზრდება. რეგიონებში,  შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ განცხადებები თავად კომპანიებმა გაავრცელეს.

დედაქალაქში, როგორც ,,თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ტარიფი  ერთ კუბურ მეტრ გაზზე 1.10 ლარს შეადგენდა, რაც 1.35 ლარამდე იზრდება. ცვლილება 20 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს შეეხება.

Businesspartner