ბიზნესი
14/12/2020

სვანური ალკოჰოლური სასმელი “ლირდე“ მაღაზიათა ქსელ “ალკორიუმშიც“ გაიყიდება

სვანური ჭაჭა, იგივე ღეჰის არაყი „ლირდე“ მიმდინარე კვირიდან მაღაზიათა ქსელ “ალკორიუმშიც“ გაიყიდება.

კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ სვანურ ჭაჭას, იგივე ღეჰის არაყს აწარმოებს, რომელსაც სვანეთში საუკუნეების განმავლობაში ამზადებდნენ. როგორც „ლირდეს“ დამფუძნებელმა  იასონ ონიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, პროდუქტი რეალურად ტრადიციული ცოდნიდან თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიურ დონეზე გადავიდა. სასმელი მკვეთრად გამოხატული სურნელითა და მოტკბო გემოთი გამოირჩევა.

„სვანები ხილის ან ყურძნის ჭაჭისა და კავკასიური ენდემური სახეობის მცენარის, დუცის ერთობლივად დაყენების შედეგად ამზადებდნენ ამ სასმელს. ალპური მცენარე დუცი, სვანურად ღეჰი არის სწორედ ის განსაკუთრებული ინგრედიენტი, რომელიც სასმელს გამორჩეულ ფერსა და არომატს სძენს. სახელწოდება „ლირდე“ სვანურად სიცოცხლეს ნიშნავს, სვანები ოჯახში ახალი სიცოცხლის გაჩენას ამ სასმელით აღნიშნავდნენ.“ - ამბობს „ლირდეს“ დამბუძნებელი იასონ ონიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლური სასმელების ბაზარი ქვეყანაში საკმაოდ გაჯერებულია, იასონ ონიანის თქმით, “ლირდეს“ მიმართ ინტერესი ნამდვილად არის, ვინაიდან პროდუქტი მომხმარებლებისთვის უცხოა.

კომპანიის დამფუძნებლის  განცხადებით, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად, ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი, პანდემიის ფონზე კი, როგორც ყველა საწარმოს, მათაც შეუფერხდათ გაფართოების გეგმები. 

„ვგეგმავთ განსხვავებული ლიტრაჟისა და სასაჩუქრე შეფუთვების დამატებას ასორტიმენტის გასაზრდელად, ადგილობრივ ბაზარზე ყველა მსხვილ ქსელში შესვლას და ბრენდის ცნობადობის გაძლიერებას. გვინდა, რომ მალე ყველა სადღეგრძელო „ხოშა ლირდე“-თი (სვანურად: დიდხანს იცოცხლეთ) სრულდებოდეს.“ - აღნიშნა იასონ ონიანმა.

„ლირდეში“ აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბაზარი წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად საკმარისად დიდი არ არის, ამიტომ კომპანია სამომავლოდ პროუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. სვანური ღეჰის არყის ექსპორტზე გატანა უკრაინის, ბელორუსიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ლიტვის ბაზრებზე განიხილება.

შეგახსენებთ, სვანური ღეჰის არაყი „ლირდე“ ბაზარზე მიმდინარე წლის ივნისში გამოჩნდა. სხვადასხვა სახის სამუშოებისთვის პერიოდულად ათამდე ადამიანი საქმდება. „ლირდეს“ საწარმო თბილისში მდებარეობს, თუმცა, პროდუქტის შექმნა და მიწოდების ჯაჭვი სვანეთში იწყება. პროდუქტი “აგროჰაბისა“ და “სმაგლერსის“ ქსელებში, ვოლტზე - „ჭაჭა ქორნერის“ ელ-მაღაზიაში, მესტიაში „ჰეშკილის ქოხებში“, ქუთაისში მესხიშვილის თეატრის მიმდებარე მარკეტებში და რესტორან “წისქვილშია“ ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ქსელშია  0.5 ლიტრიანი შეფუთვით, რომელთა სარეალიზაციო ფასი საშუალოდ 25 ლარს შეადგენს.

Businesspartner