ბუენოს-აირესში დაგეგმილი საზეიმო აღლუმი ჩაიშალა და მესის ევაკუაცია ვერტმფრენით მოხდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ბუენოს-აირესის ქუჩებში მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვების აღსანიშნავად და გამარჯვებული ფეხბურთელების დასახვედრად 4 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. ამის გამო, დაგეგმილი სადღესასწაულო აღლუმის მარშრუტი შეიცვალა და დაცვა იძულებული იყო მესის ევაკუაცია ღია ავტობუსიდან ვერტმფრენით მოეხდინა.
როგორც Bloomberg-ი წერს, ფეხბურთით შეშლილი ქვეყანა სავსე იყო მოზეიმე ხალხით. ისინი 36 წლის შემდეგ პირველად აღნიშნავდნენ არგენტინის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი გულშემატკივარი ხიდიდან არგენტინის საფეხბურთო გუნდის იმ ავტობუსზე ჩაძვრა, რომელსაც მესი გადაჰყავდა. რის შემდეგაც, ავტობუსიდან მესის ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. გზების გადაკეტვის გამო, დაგეგმილი საფეხმავლო ღონისძიებები ჩაიშალა და ფეხბურთელები ხალხის თავზე ვერტმფრენით დაფრინავდნენ.