სტატია შეიცავს სპოილერს სერიალიდან თინეიჯერი მგელი

როგორც იქნა, ბიკონ ჰილსში ვბრუნდებით!

MTV-ის გახმაურებული სერიალის, თინეიჯერი მგლის, შემდეგ ამბავი ფილმით გრძელდება. მისი ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სერიალის ერთგულ გულშემატკივრებში დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია. ტრეილერში ვხედავთ, რომ ფილმში ჩვენი ბევრი საყვარელი პერსონაჟი ბრუნდება, მათ შორის სკოტი (ტაილერ პოუზი), დერეკი (ტაილერ ჰეკლინი), ლიდია (ჰოლანდ როდენი) და... კარგი, არ დაგასპოილერებთ — სჯობს, საკუთარი თვალით ნახოთ!

კი, არ გეჩვენებათ — ტრეილერის ბოლოში ნამდვილად ელისონს (ქრისტალ რიდს) მოჰკარით თვალი. ვიდეო პირველად სან-დიეგოს Comic-Con-ზე აჩვენეს და ბოლო კადრი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ადგილზე მყოფი მედიის ცნობით, დარბაზმა შეჰკივლა.

ცხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ ფანების ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟს სერიალის მე-3 სეზონში დავემშვიდობეთ, როცა ეკრანზე მისი ტრაგიკული სიკვდილის ემოციური სცენა ვნახეთ.

თუმცა, ცოტა ხნით რომ ელისონს თავი დავანებოთ — ბიკონ ჰილსში ზუსტად ისეთი ავისმომასწავებელი გარემოა, როგორიც დავტოვეთ. ტრეილერში ვხედავთ, რომ ქალაქს ბოროტი ძალა ისევ უახლოვდება. კიდევ ერთი შესამჩნევი დეტალი კი ისაა, რომ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები ბევრად გაზრდილები არიან — ფილმის სიუჟეტი სერიალის ბოლო სეზონიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ვითარდება.

Comic-Con-ზე ფილმის ტრეილერი სერიალის შემქმნელმა ჯეფ დევისმა და მსახიობებმა წარადგინეს. დევისიც აღნიშნავს, რომ სერიალისა და ფილმის სიუჟეტურ ხაზებს შორის დროის დიდი ნაპრალია.

"მე და ტაილერი წეღან ვამბობდით კიდეც, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მისი პერსონაჟი მასზე უფროსია", — ამატებს ჯეფი.

მართალია, ფილმის ტრეილერში ბევრი ნაცნობი სახე ვნახეთ, სერიალის ორი გმირი მაინც დაგვაკლდა თვალში — სტაილსი (დილან ო'ბრაიენი) და კირა (არდენ ჩო). ორივე მათგანმა პროექტზე უარი თქვა. დილანმა კი ისიც დაამატა, რომ მისთვის სერიალი "კარგ ადგილას დასრულდა" და ასე დატოვება სურდა.

ფოტო: MTV

თინეიჯერი მგელი გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალია, რომელმაც ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღება გამოსვლიდან მალევე მიიქცია. მისი პირველი სეზონი 2011 წელს გამოვიდა, ბოლო კი — 2017-ში.

თინეიჯერი მგლის ფილმს მაყურებელი წლის ბოლომდე იხილავს.