რა ხდება: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში მცხოვრებმა რუსმა აქტივისტმა რაფაილ შეპელევმა, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა.

სტრიქონებს შორის: რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" წევრი, რაფაილ შეპელევი, გასულ თვეს თბილისიდან გაუჩინარდა.

  • რუსი უფლებადამცველები წერენ, რომ ის რუსეთის ციხეში იმყოფება.

რაფაილ შეპელევის საქმის შესახებ უფრო მეტი ნახეთ აქ.

დეტალები: შსს ამბობს, რომ შეპელევის ძებნა მისი გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს.

  • გაესაუბრნენ ყველას, ვისაც შეიძლებოდა მასზე რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა.
  • დაათვალიერეს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს შეპელევი მისი საცხოვრებელი მისამართიდან ჯერ გორში, შემდეგ კი — ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით წავიდა.
  • ტაქსის მძღოლისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, რუსმა აქტივისტმა, ტაქსიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ.
  • გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ვინ არის რაფაილ შეპელევი: ის რუსი აქტივისტია, რომელიც წარსულში რამდენჯერმე დააკავეს საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის - ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე.

  • შეპელევი საქართველოში საცხოვრებლად 2021 წელს გადმოვიდა.