მოკლედ: პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ტვ პირველთან განაცხადა, რომ ის და ირმა ინაშვილი არ არიან გამოსახული ხატზე, რომელიც მათ სამების ტაძარს შესწირეს და რომელზეც, მატრონა მოსკოველთან ერთად, იოსებ სტალინის გამოსახულებაც არის.

თარხან-მოურავი: "როდის დაიწერა ეს ხატი? — 2018 წელს, და მე თმები არ მაქვს უკვე 10 წელიწადია. 10 წელია, მელოტი ვარ. მე ასეთი თმა მაქვს, ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი ?", — თქვა თარხან-მოურავმა პირველებთან.

რა მოხდა: ვერსია, რომ პრორუსი პარტიის ლიდერებიც არიან გამოსახული იმავე ხატზე, რომელზეც მატრონა მოსკოველი და სტალინია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

  • "წმინდა მატრონას ხატზე, სტალინთან შეხვედრის სცენის გარდა, ასევე, გამოსახულები არიანო ინაშვილი და თარხანმოურავი. დაჩოქილები ლოცულობენ და ევედრებიან არჩევნებში გამარჯვებას. მარცხენა კუთხეშია ეს. დაიწყეთ ახლა, არ დაგვინახავს, არ შეგვიფასებია. საინტერესოა, ვისი დავალებით შეიტანა ეს ხატი ირმამ და თარხანამ სამებაში", — წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტის ავტორი.

კონტექსტი: 6 იანვარს სამების ტაძარში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნდა, სადაც ჩანს რომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინია გამოსახული.

  • 7 იანვარს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო და თქვა, რომ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარს "მათ შესწირეს";
  • 9 იანვარს, აქტივისტის, ნატა ფერაძის მიერ ფეისბუქზე გამოაქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სტალინისა და მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს;
  • 10 იანვარს, ნატა ფერაძის სახლთან პრორუსულმა, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა მოძრაობამ, ალტ-ინფომ აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია;
  • 11 იანვარს სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატის გამოტანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა;

2024 წლის 13 იანვარს პრორუსულმა და ძალადობრივმა პარტიამ კონსერვატატიულმა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტის წინ აქცია გამართა. ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ, "მკრეხელობისთვის" დაისაჯოს ფერაძე და პასუხი აგოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით, რაც 2-წლამდე პატიმრობასაც გულისხმობს.

ძალადობრივი პარტია კონსერვატიული მოძრაობის აქციაზე, პარლამენტთან პრორუსული ძალების ლიდერების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეკრებამ რუსთაველის გამზირზე პოლიციის სამმართველოსკენ გადაინაცვლა, სადაც ოფიციალურად შეიტანეს საჩივარი აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ.

რეპორტაჟი: ამბორი მატრონა მოსკოველსა და სტალინს — ფოტორეპორტაჟი

ბოლო ხაზი: ამჟამად ნატა ფერაძის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განიხილება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.