თურქეთში გამოცხადებულ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი, ვალე, კარწახი) საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელსიუფლებას ულება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა და სხვა".

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:

  • თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905418184400
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: + 90541 326 22 26
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზზე: 57798402