ჰოლივუდში რომ სექსიზმი ჯერ კიდევ არსებობს, ეს არ არის ახალი თემა. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ფილმია გადაღებული ქალი მსახიობების მონაწილეობით და კიდევ უფრო ცოტა - ქალი რეჟისორების მიერ.

კვლევითი ინსტიტუტები ყოველ წელს აქვეყნებენ ამ თემაზე ანგარიშებს და მეტ-ნაკლებად მსგავს შედეგებამდე მიდიან. ჰოლივუდში გენდერული უთანასწორობა მართლაც არსებობს და ამ თემას ტაბუ უკვე აღარ ადევს.

მერლინ მონროდან დაწყებული მერილ სტრიპით დამთავრებული, ჰოლივუდს საკუთარი საკულტო მსახიობი ქალები ჰყავს. ინდუსტრია გასცემს ჯილდოებსა და წამახალისებელ თაყვანისცემას, მაგრამ როდესაც საქმე ხელფასზე მიდგება, გაღმერთებული ქალი მსახიობებიც აღმოჩნდებიან ხოლმე "უბრალოდ ქალები".

გენდერულად განსხვავებული ხელფასები ყველა ინდუსტრიაში არსებობს, უბრალოდ ვარსკვლავებმა, რომელთაც მეტი ასპარეზი აქვთ ამ საკითხის წამოსაწევად, ხმამაღლა დაიწყეს უთანასწორობაზე საუბარი.

მაგალითად ჯესიკა ჩესტეინი, რომელიც ცოტა ხნის წინ კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს, ჰოლივუდში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ადვოკატი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ჯესიკა ქალი რეჟისორების, მსახიობებისა და ფილმებში ქალი პერსონაჟების უკეთეს წარმოჩენაზე იზრუნებს. მსახიობმა აღნიშნა ისიც, თუ რამხელა ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ მისი ჰონორარი მამაკაცი პარტნიორების ჰონორარის თანაბარი ყოფილიყო.

"არ ვთანხმდები ისეთ ფილმებში მონაწილეობას, სადაც მიხდიან იმაზე ნაკლებს, ვიდრე ჩემს კაც პარტნიორს. ეს ჩემი არჩევანია, არ დავუშვებ ასეთი რამ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მთავაზობენ როლს, აუცილებლად ვარკვევ რამდენად სამართლიანად ხდება ჰონორარების გადანაწილება, რადგან ჩემი პარტნიორიც და მეც, ორივე გარკვეულ სამუშაოს ვასრულებთ და ნამდვილად არ არის სამართლიანი, მას ჩემზე სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტი გადაუხადონ", - ამბობს ჯესიკა.

ამავე თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია: