რა არის არტერიული სისხლის გაზის ტესტი?

არტერიული სისხლის გაზის (ABG) ტესტი ჩვენს სისხლში აფასებს ჟანგბადის და CO2-ის დონეს და სისხლის მჟავიანობას, რომელიც ცნობილია pH-ის ან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სახელით. მასალის აღება ხდება არტერიიდან, რომლის მეშვეობითაც ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ფილტვებიდან სხეულში ტრანსპორტირდება. ABG ტესტით ფასდება, თუ რამდენად ეფექტურად გადააქვთ ფილტვებს ჟანგბადი ჰაერიდან სისხლში, ჩასუნთქვის დროს. ნახშირორჟანგის განსაზღვრა მიუთითებს ფილტვების ეფექტიანობას ნახშირორჟანგის მოშორებაში სისხლიდან, ამოსუნთქვის დროს.

ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება თქვენი სხეულის მიერ, არის ნარჩენი პროდუქტი, რომელიც მჟავა ბუნებისაა. მჟავიანობის მცირედი ცვლილება თქვენს სისხლში და ქსოვილებში, მისი მომატება ან დაქვეითება შესაძლოა ორგანოებისთვის მძიმე შედეგების მომტანი და სიცოცხლისთვის სახიფათოც კი იყოს.

თქვენი ფილტვები და თირკმელები ბევრს შრომობენ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმაში შენარჩუნებისთვის. მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ABG ტესტი გვეხმარება იმ მდგომარეობების დიაგნოსტიკასა და მონიტორინგში, რომლებიც თირკმელებზე და ფილტვებზე ახდენენ გავლენას, ასევე სხვა მდგომარეობების, რომლებმაც შესაძლოა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი დაარღვიონ.

სხვა სახელები: სისხლის გაზების ტესტი, არტერიული სისხლის გაზები, ABG, ჟანგბადის სატურაციის ტესტი

რისთვის გამოიყენება?

ABG ტესტი გამოიყენება:

  • თქვენი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესამოწმებლად.
  • თქვენი ფილტვებისა და სუნთქვის სერიოზული პრობლემების დიაგნოსტიკისთვის.
  • თირკმლის პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.
  • იმის შესამოწმებლად, ეფექტურია თუ არა სუნთქვის დარღვევების, თირკმლის დაავადებების და მჟავა-ტუტოვან ბალანსზე მოქმედი სხვა მდგომარეობების მკურნალობა.

 

რისთვის მჭირდება არტერიული სისხლის გაზის (ABG) ტესტი?

ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს ტესტი შეიძლება დაგჭირდეთ, მაგალითად:

  • მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პრობლემებთან დაკავშირებული შემდეგი სიმპტომები გაქვთ:
  • უკონტროლო ხშირი ან ღრმა სუნთქვა, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თქვენი ფილტვები მჟავების ან ტუტეების დაბალანსებას ცდილობს, ჟანგბადის ან ნახშირორჟანგის დონის ცვლილებით თქვენს სისხლში.
  • გულისრევა და ღებინება.
  • არითმია (თქვენი გულისცემის სიხშირის ან რიტმის პრობლემა)
  • დაბნეულობა
  • დაღლილობა
  • კუნთების კრთომა და/ან კრამპები
    • მკურნალობთ ფილტვის დაავადებაზე ან მდგომარეობაზე, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს სუნთქვაზე, მაგალითად:
  • ასთმა
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
  • ცისტური ფიბროზი
  • მიასთენია გრავისი
  • გაქვთ სიმპტომები:
  • ნახშირჟანგით მოწამლვის შემდეგ
  • გამონაბოლქვის, ცხელი ჰაერის და/ან მავნე ქიმიკატების შესუნთქვის შემდეგ
  • ცოტა ხნის წინ გადატანილი თავის და კისრის დაზიანება, რომელმაც შესაძლოა სუნთქვაზე იმოქმედოს
  • ჰოსპიტალში ჟანგბადის თერაპიაზე ხართ

რა ხდება სისხლში ჟანგბადის ტესტირების დროს?

სისხლის ანალიზების უმრავლესობისთვის სისხლს ვენიდან იღებენ, ამ ტესტისთვის კი ჯანდაცვის პროვაიდერი სისხლს არტერიიდან აგიღებთ, რადგან არტერიული სისხლი მეტ ჟანგბადს შეიცავს, ვიდრე ვენური.

სისხლს როგორც წესი მაჯის არტრიიდან იღებენ, ასევე შესაძლოა მხრის ან საზარდულის არტერიიდან აიღონ. ახალშობილის სისხლის აღება ქუსლიდან ან ჭიპლარიდანაცაა შესაძლებელი დაბადებისთანავე.

მაჯიდან აღებულ სისხლის სინჯს წინ უძღვის სისხლის მიმოქცევის ტესტი. პროვაიდერი დროებით შეაჩერებს სისხლის ნაკადს ხელზე მაჯის არტერიებზე ზეწოლის გამოყენებით, შემდეგ გაათავისუფლებს წნევას სისხლის დაბრუნების სიჩქარის შესაფასებლად. ნორმალური სისხლის ნაკადის შემთხვევაში, ნიმუში გროვდება.

სისხლის ნიმუშის არტერიიდან აღება უფრო არაკომფორტულია, ვიდრე ვენიდან, ამიტომ პროვაიდერმა შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი გამოიყენოს თქვენს კანზე, შემდეგ შპრიციან ნემსს მოათავსებს თქვენს არტერიაში და ცოტა სისხლს აიღებს. როდესაც შპრიცი გაივსება, ნანემსარს შეგიხვევენ. ზეწოლა სულ მცირე 5 წუთი უნდა გაგრძელდეს, სისხლდენის შესაჩერებლად.

 

ტესტისთვის მოსამზადებლად რა დამჭირდება?

თუკი სისხლის გამათხებლებს ღებულობთ, მათ შორის ასპირინს, ჯანდაცვის პროვაიდერს ჰკითხეთ მათი მიღება თუ უნდა შეწყვიტოთ ტესტამდე.

თუ ოქსიგენოთერაპიაზე ხართ, ტესტის ჩატარებამდე 20 წუთით ადრე უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჟანგბადით თერაპიის გარეშეც შეგიძლიათ სუნთქვა.

 

ტესტის გაკეთება სარისკოა?

სისხლის ჟანგბადის ტესტირებას ძალიან მცირე რისკი ახლავს.  შესაძლოა სისხლდენა, სისხლჩაქცევა ან ტკივილი გქონდეთ ნანემსარ ადგილას. ძალიან იშვიათად კი ნემსმა შესაძლოა ნერვი ან არტერია დააზიანოს. შეიძლება გირჩიონ მძიმე საგნების აწევა, სისხლის აღებიდან 24 საათის განმავლობაში.

 

შედეგების მნიშვნელობა

ABG ტესტის შედეგები მოიცავს ორგანიზმის მრავალ სისტემას, რომლებსაც ერთმანეთზე აქვთ გავლენა. ჯანმრთელობის მრავალმა მდგომარეობამ შეიძლება ნორმისგან განსხვავებული შედეგი გამოიწვიოს. ამიტომაც სჯობს პროვაიდერმა აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს შედეგი კონკრეტულად თქვენი ჯანმრთელობისთვის.

თქვენი ABG ტესტის შედეგებში მრავალი კომპონენტი იქნება, მათ შორის:

  • ჟანგბადის სატურაცია (O2Sat). ზომავს სისხლის წითელი უჯრედების მიერ ჟანგბადის გადატანას.
  • ჟანგბადის პარციალური წნევა (PaO2). ამოწმებს განზავებული ჟანგბადის წნევას სისხლში, რომელიც ჟანგბადის ფილტვებიდან სისხლის მიმოქცევაში გადატანის ეფექტურობაზე მიუთითებს.
  • ნახშირორჟანგის პარციალური წნევა (PaCO2). ამოწმებს ნახშირორჟანგის კონცენტრაციას სისხლში და ასევე იმას, თუ რამდენად ადვილად განიდევნება ის ორგანიზმიდან.
  • მჟავატუტოვანი ბალანსი (pH). თქვენი სისხლის მჟავიანობას ამოწმებს. მომატებულ მჟავიანობას აციდოზი ჰქვია, ზედმეტ ტუტიანობას კი ალკალოზი. ეს მდგომარეობები, თქვენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევაზე მიუთითებს.

ერთჯერადი ABG ტესტი იშვიათადაა საკმარისი დასკვნითი დიაგნოზისთვის. თუ შედეგი ნორმალური არ არის, დიდი ალბათობით სხვა სადიაგნოსტიკო ტესტები ჩატარდება. ნორმიდან გადახრილი შედეგები მიუთითებენ ფილტვების, თირკმელების პრობლემებზე ან მეტაბოლიზმის დარღვევაზე. მეტაბოლური დარღვევები გავლენას ახდენს თქვენი ორგანიზმის მიერ ენერგიის გამოსამუშავებლად საკვების გამოყენებაზე. მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ზოგიერთმა მედიკამენტმაც შეიძლება დაარღვიოს და ABG ტესტის ანომალური შედეგი გამოიწვიოს.

კიდევ რა უნდა ვიცოდე სისხლში ჟანგბადის დონის ტესტის შესახებ?

სხვა ტიპის ტესტიც არსებობს, რომელსაც პულსოქსიმეტრია ეწოდება და თქვენს სისხლში სატურაციის დონეს ამოწმებს. პულსოქსიმეტრი პატარა სარჭის მაგვარი მოწყობილობაა, რომელიც ჩვეულებრივ ხელის თითზე მაგრდება. მოწყობილობა ზომავს ჟანგბადით გაჯერებული წითელი უჯრედების პროცენტულობას. პულსოქსიმეტრია გამოდგება იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ჟანგბადის დონე გვაინტერესებს. თქვენს პროვაიდერს ჰკითხეთ, ეს ტესტი თუ გამოგადგებათ.