თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
ეპარქიის მღვდელმთავარი
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწო-თიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან – ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას მიეკუთვნება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – მცხეთა-თბილისის ეპარქიას ესაზღვრება, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.
ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი „მთეულნი“ ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურესი სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა „ერწუ“ ანუ „ერწო“. ერწოს ზემოთ იორზე იყო „თიანეთი“, რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო „ფხოეთი“. ფხოეთი, იგივე ფხოვი, XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე – ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით – „ფხოვზე“) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე „ჟალეთის ქვეყნის“ სახელით იყო ცნობილი).
თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმიდა მეფე მირიანისა რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ. ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ „მოეწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ; ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქუეყანაჲ მათი და გარდავიდეს თუშეთს“, ხოლო ერწო-თიანელებზე უწყებულია, რომ „მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო“. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: „ესე არს მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“, და ცოტა მოგვიანებით წმიდა მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელს: „რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა წმიდამან აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან“. აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმიდა დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა თანამედროვე ეპარქიის ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს დაფუძნდა ეპარქია, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „ჟალეთი“, იგივე „ბერ“ ანუ ჩელეთიაო. ჟალეთს „გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერკისა. მოგვიანებით, ჟალეთის დამცრობის შემდეგ, როდესაც იგი მხოლოდ „ჟალეთის ქვეყნის“ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელთმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას დაქვემდებარებია.
ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათოლიკოსის გამგებლობაში ითვლებოდა. ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო, ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისგან იცლებოდა. მთის ძირძველი კუთხეების მასობრივი დაცარიელება მოსახლეობისაგან რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო. XIX ს. 80-იან წლებში აქაურ მკვიდრთა სხვა რეგიონებში გასახლება გეგმაზომიერად მიმდინარეობდა. XX ს. 50-იანი წლებიდან ამ პროცესმა ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ მთლიანად დაცარიელდა კავკასიონს შეფენილი ფშავისა და ხევსურეთის მრავალი სოფელი და თემი. ისინი ნასოფლარებად გადაიქცნენ.
1811 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიულეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ, კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა, მთლიანად მოიშალა საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა მმართველობით-ადმინისტრაციული ფორმები, რაც ქვეყნის თითოეული კუთხის სპეციფიკას ჰარმონიულად ეთანადებოდა. 1917 წ. სექტემბერში ავტოკეფალიააღდგენილ საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს „მთეულთ“ _ მთიანეთს, გუდამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთს და სხვ. 2003 წ. 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე, წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების ხელახალი გადანაწილების საფუძველზე, დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება _ „თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთისა“, არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული „ჟალეთის“, შემდეგ კი თითქმის ორსაუკუნენახევრის წინ გაუქმებული ძველი „ხარჭაშნის“, იგივე „ხარჭაშოს“ ეპარქიის განახლებას ნიშნავს.
დროის მდინარებისა და ხილული თუ უხილავი მტრის მძლავრობის მიუხედავად, თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ტერიტორიაზე მრავლად არის შემორჩენილი ეკლესია-მონასტრები და ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლები ან მათი ნანგრევები, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: თიანეთში სოფ. ნოდოკრას (ვახუშტი ნოკორნას უწოდებს) „მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, დიდი. ესე აღაშენა მეფემან არჩილ და ყო მონასტრად“. მონასტრის ეკლესიაში, ჩრდილოეთი კედლის ძირში, საკურთხეველთან ახლოს დაკრძალულია ტაძრის ამშენებელი წმიდა მეფე არჩილი; სოფ. ჟებოტას (ყოფ. მათურიანთკარი) იხინჭას სამონასტრო კომპლექსი; სოფ. ჭიოტაანთკარის აღმოსავლეთით, მდ. ივრის მარცხენა მხარეს, მთაზე აღმართული ეკლესია და ციხესიმაგრე, ადგილობრივი მოსახლეობა მას „ჯალეთს“ უწოდებს; სოფ. საყარაულოსთან არსებული სამნავიანი ბაზილიკა, მას მოსახლეობა „წმიდა გიორგის ხატს“ უწოდებს; სოფ. ჭურჭელაურებთან ცხრაკარის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი „გუმბათიან, დიდშენ, ყოვლაწმიდის“ მონასტერს უწოდებს; ხარჭაშნის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ჩელეთსაც უწოდებს; ფშავისა და ხევსურეთის უპირველესი სალოცავი „ეკლესია მეფის ლაშასგან აღშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯუარს“; ბეწენწურების ეკლესია; საყდრიონის ეკლესია და სხვა მრავალი.
2015 წლიდან თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მწყემსთავარია
ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე).
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მოქმედი და მშენებარე ტაძრები:
თიანეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ზემოთიანეთის ზარიძეების წმიდა გიორგის ეკლესია
ახალსოფლის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია
ნადოკრას წმიდა არჩილ მეფის სამონასტრო კომპლექსი
ნადოკრას წმიდა მოწამე არჩილ მეფის მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
არხალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი
ალაჭანის წმიდა გიორგის ტაძარი
არტანის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
ალოტის ჟალეთის წმიდა გიორგის ტაძარი
ბოჭორმის წმიდა გიორგის ტაძარი
ბოჭორმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი
გოჯიაანების ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი
გოჯიაანების ტაძარი
კვერნაულას ტაძარი „მოლამური“
მამადაანების მთავარანგელოზის ტაძარი
ნაქალაქარის ღვთისმშობლის ტაძარი
საყდრიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი
სიონის კოპრიაანთკარი
ტოლაანთ სოფლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი
ჟებოტას ტაძარი
ჟებოტას ამაღლების ტაძარი
ღორღას ტაძარი „ყვარა“
ყვარას ტაძარი.
ფშავ-ხევსურეთი:
არდოტის ტაძარი
ბარისახოს გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძარი „ხმალა“
ბოდავის წმიდა გიორგის ტაძარი
მაღაროსკარის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი
როშკას ტაძარი გვიანდელი ფეოდ. ხანა
ფუძნარის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძარი
ჩარგალის წმიდა გიორგის ტაძარი
არჭიშოს წმიდა გიორგის ტაძარი „თვალივი“.