„ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა... და მედიკო, ხომ გახსოვარ-მეთქი? გამიღიმა... ეს უკანასკნელი ღიმილი არასდროს დამავიწყდება“ - იმერი კავსაძე ლეგენდასთან ბოლო შეხვედრაზე

imeri

სახალხო არტისტის, პროფესორისა და პედაგოგის, სოპრანო მედეა ამირანაშვილის გასვენება შედგება 5 დეკემბერს, 14 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან. დიდ მომღერალს დედის, სოპრანო ნადეჟდა ცომაიას გვერდით კრძალავენ. 

ლეგენდარულ სოპრანოს 10 სექტემბერს 93 წელი შეუსრულდა. უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...

საოპერო მომღერალი იმერი კავსაძე "პრაიმტაიმთან" მედეა ამირანაშვილს იგონებს.

იმერი კავსაძე: ჩვენს შორის ძალიან კარგი და თბილი დამოკიდებულება, მეგობრობა იყო. ერთად ბევრი სპექტაკლი გვაქვს ნამღერი. ძნელია იმის თქმა, რომელი ჯობდა, მომღერალი მედიკო, მისი ადამიანობა, თუ მუსიკალურობა? ყველანაირად შემკული ადამიანი იყო, დიდი ადამიანი... 

რუსეთში როდესაც ვმუშაობდი, ჩამოდიოდა. ბევრჯერ გვაქვს ერთად ნამღერი, მათ შორის "დაისი" "ფაუსტი", "ტრავიატა". მასთან ერთად სიმღერას არაფერი სჯობდა. 

ასეთი დიდი მუსიკოსი და პიროვნულად ასეთი თბილი ადამიანი ერთად, ძალზე იშვიათია. ბედნიერი ვარ, რომ იმის საშუალება მქონდა, რომ მასთან სცენაზეც ვყოფილიყავი და სცენის მიღმაც. 

ყველას უყვარდა. ყველას! "პეტროვნას" ეძახდნენ. სტუდენტები, ახალი გამოჩეკილი მომღერლები ყველა ასე მიმართავდა. ემეგობრებოდნენ. ყველა მოწაფე, სტუდენტი, ვისაც მასთან შეხება ჰქონია, ყველა უდიდესი სიყვარულით იხსენებს დღეს მედიკოს. ეს ხომ იმის გამომხატველია, თუ როგორი ადამიანი იყო. 

ყველამ, ვინც მას როგორც მხოლოდ მომღერალს სცემდა პატივს, არ იცოდა როგორი ადამიანი იყო. და ვინც იცოდა, ის გრძნობდა თუ როგორი პიროვნება იყო.

ერთი კვირის წინ პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...

ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება. 

ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა... 

მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.

იკრძალება დიდუბის პანთეონში, დედის, სოპრანო ნადია ცომაიას გვერდით...

ასევე დაგაინტერესებთ:

ვატყობდი, რომ ემოციებისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა. სახლში მისულს მხოლოდ ეს დაცდა...“ - ლენუკა მამის ვარსკვლავის გახსნაზე გვიყვება

ალი ავარდა! თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო...“ - სასწაული, რომელიც ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში შეემთხვა

"აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ..." - მოძღვრები აღსარების საიდუმლოზე