ქალი, რომელმაც შვილი 66 წლის ასაკში გააჩინა - როგორ ცხოვრობს დედა-შვილი ახლა

დედა-შვილი

2005 წელს ამ ამბავს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. რუმინელი ადრიანა ილიესკუ უნივერსიტეტის ლექტორი იყო და საბავშვო წიგნებს წერდა.

ახალგაზრდობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო აბორტის გაკეთება მოუწია. 20 წლის იყო, როცა გათხოვდა, მაგრამ მალევე განქორწინდა, რადგან მეუღლე ეწინააღმდეგებოდა მის სურვილს, ეცადათ კიდევ შვილის ყოლა ან აეყვანათ ბავშვი.

როცა კარიერა აიწყო და 60 წელსაც გადააბიჯა და შვილის ყოლაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა. მან ექიმს მიმართა, რათა ხელოვნური განაყოფიერება გაეკეთებინა. 5-წლიანი მცდელობის შემდეგ, მან 65 წლის ასაკში შედეგი მიიღო. სამი ემბრიონიდან ბოლოს ერთი გადარჩა. 

2005 წელს, უკვე 66 წლის ადრიანამ, ქალიშვილი ელიზა მარია გააჩინა. მართალია, ვადაზე ადრე იმშობიარა, თუმცა სავსებით ჯანმრთელი შვილი გაუჩნდა.

შვილის დაბადების შემდეგ ადრიანა პენსიაში გავიდა და მთელი თავისი დრო შვილის გაზრდას დაუთმო. როგორც თავად ამბობს, პრობლემები ასაკის გამო, ცოტა არ ჰქონია. საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც ბავშვებს და მშობლებს უჭირდათ დაჯერება, რომ ქალი ბავშვის დედა იყო და არა ბებია. 

ახლა გოგონა 16 წლისაა. გარეგნულად ძალიან ჰგავს დედას. განვითარებით არანაირად არ ჩამორჩება თანატოლებს, საკმაოდ ჭკვიანია და კარგადაც სწავლობს. გოგონა პატარა აღარაა და კარგად აცნობიერებს მკვეთრ ასაკობრივ სხვაობას დედამისსა და თანაკლასელების დედებს შორის, თუმცა ამის არ რცხვენია. ამბობს, რომ ძალიან ახლოს არის დედასთან, მშვენივრად ატარებენ დროს და კარგი ურთიერთობა აქვთ.

ახლა ადრიანას ერთადერთი ოცნება აქვს - გოგონას სრულწლოვანების ასაკს დაესწროს და თავისუფლად გაუშვას ახალი ცხოვრებისკენ.