დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროქსელიდან მთლიანად გათიშულია - „ენერგოატომი“

ზაპოროჟიეს ატომური სადგური

დღეს დილით, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში „დნეპროვსკაიას“ ქვესადგური დაზიანდა, - ამის შესახებ „ენერგოატომი“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური-დნეპროვსკაიას ხაზი ავარიულად გაითიშა და ავტომატურად ჩაირთო დიზელის გენერატორები.

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ მათ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დიზელის საწვავის მორიგი პარტია გაგზავნეს, თუმცა რუსული მხარე კომპანიის ავტომობილების კოლონას გავლის საშუალებას არ აძლევს.

„რუსული დაბომბვა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ატომური ელექტროსადგურების მუშაობასთან, არის ბირთვული ტერორიზმის იგივე გამოვლინება, როგორც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირდაპირი დაბომბვა და იწვევს რადიაციული ავარიის იგივე შედეგებს და საფრთხეებს“, - აცხადებენ „ენერგოატომში“.