„ეს ღალატი ჩემთვის პირველი იყო და მტკივნეული აღმოჩნდა...“ - ვისზე საუბრობს თეონა კოჭლამაზაშვილი

teona kochlamazashvili

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის დასრულების შემდეგ მონაწილეებისადმი საზოგადოების ინტერესი კვლავ დიდია. ყველა აღნიშნავს, რომ ქუჩაში სცნობენ, აჩერებენ, ესაუბრებიან, ფოტოებს იღებენ და ა.შ. 

თეონა კოჭლამაზაშვილი, რომელიც პროექტს ნახევარ ფინალამდე დაემშვიდობა ამბობს, რომ ადამიანებისგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს იღებს, თუმცა, მანამდე ღალატი და გულისტკენაც გამოიარა,

„ადამიანებისგან ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულსა და გვერდში დგომას ვგრძნობ. ეს ჩემთვის ყველაფერია. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე. ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა ამ პროექტისგან მიმეღო, ეს არის. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა სიყვარულს გამოხატავს და თითოეული მათგანის მადლიერი ვარ.

საკმაოდ ბევრი რამ გამოვიარე – გულისტკენა, მეგობრის ღალატი, საყვარელი ადამიანის ღალატი, მაგრამ ამან პიროვნულად უფრო მეტად ძლიერი გამხადა. თან ღალატი ჩემთვის პირველი იყო და მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაა და დასკვნების გამოტანა უნდა შეძლო“, - ამბობს ქორეოგრაფი „თბილისელებთან“ საუბრისას.