ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც უკრაინული ფესვები აქვთ

ცნობილი უკრაინელი ქალები

უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის ის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც არიან, რომლებსაც უკრაინული ფესვები აქვთ. ისინი სამშობლოს დასახმარებლად ერთიანდებიან და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.

მილა კუნისი

 

„არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი იმით, რომ უკრაინელი ვარ“ 

მილა კუნისი ჰოლივუდის ვარსკვლავთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც უკრაინული ფესვები აქვთ. 
ცნობილი მსახიობი 1983 წლის  14 აგვისტოს  უკრაინის  ქალაქ ჩერნოვცში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. იმ პერიოდში მილას დედა ფიზიკის მასწავლებლად, მამა კი ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა.  აღსანიშნავია, რომ მსახიობის ბებია და ბაბუა ჰოლოკოსტს სასწაულებრივად გადაურჩნენ.


მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს კარგი ანაზღაურება ჰქონდათ, 1991 წელს კუნისების ოჯახმა  საბჭოთა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.  მაშინ მილა მხოლოდ 7 წლის იყო. 
 

„კარგად ვცხოვრობდით, დედ-მამა ყველა სურვილს მისრულებდა, თუმცა, ჩემი მშობლები მალევე მიხვდნენ, რომ საბჭოთა უკრაინაში გამეფებული ანტისემიტიზმის გამო, იქ მომავალი ვერ გვექნებოდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც ჩერნოვცი დავტოვეთ და საცხოვრებლად ამერიკაში გადავედით. ხელში მხოლოდ 250 დოლარი გვეკავა“,- იხსენებს კუნისი. 


 
უკრაინაში გაზრდილ მილას თავიდან ამერიკულ ცხოვრების წესთან შეგუება ძალიან უჭირდა:


„ყოველ დღე ვტიროდი. ვერ ვხვდებოდი მათ კულტურას, ენას. მიჭირდა ადამიანების გაგება. თითქოს 7 წლის ასაკში სმენა და ხედვა მთლიანად წამერთვა და არაფერი მესმოდა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა“


 
ცნობილი მსახიობი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს თვალს გულისტკივილით ადევნებს და სამშობლოს დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის და ეშტონ კაჩერი უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის შეგროვებას გეგმავენ. 

 


 
 

„უკრაინელები ამაყი და მამაცი ხალხია, რომელიც გაჭირვების დროს ჩვენს დახმარებას იმსახურებს“,- წერს მსახიობი სოციალურ ქსელში. 

 

მილა იოვოვიჩი


უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ცნობილი მსახიობი და მოდელი, მილა იოვოვიჩი, რომელიც წარმოშობით კიევიდანაა.  უკრაინის მხარდამჭერი ემოციური პოსტი მან ინსტაგრამის პირად გვერდზე განათავსა:

 

„გულგატეხილი და შეძრწუნებული ვარ მომხდარით. ვცდილობ, გავიაზრო ის, თუ რა ხდება დღეს ჩემს სამშობლოში, უკრაინაში. ჩემს ქვეყანას და ხალხს დღეს ბომბავენ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან. თვალს ვადევნებ განვითარებულ საშინელებას, ქვეყნის ნგრევას, ოჯახების დევნილობას, რომელთა მთელი ცხოვრებაც განადგურებულია“. 

 

 

მილას მამა ეროვნებით სერბია, დედა კი რუსი. ვარსკვლავი 5 წლის იყო, როდესაც პოლიტიკური მიზეზების გამო ოჯახმა საბჭოთა კავშირი დატოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. 
 
 
„ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები. მახსოვს ომი მამაჩემის მშობლიურ ქვეყანაში, ყოფილ იუგოსლავიაში და ის ისტორიები, რომლებსაც ჩემი ოჯახი განცდილ ტრავმასა და ტერორზე ჰყვება ომი ყოველთვის ომია. სახეზე არიან ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც მშვიდობის მოტანა არ შეუძლიათ…იმპერიალიზმის უსაზღვრო ძალის მსხვერპლი კი ყოველთვის ხალხია, რომელიც მძიმე საფასურს სისხლითა და ცრემლებით იხდის”,- წერს იოვოვიჩი.
 

ვერა ფარმიგა

 
უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებულ ცნობილ ადამიანთა რიცხვს უერთდება ვერა ფარმიგაც. 


„ჩვენი მტერი ისევე გაქრება, როგორც ნამი მზის ამოსვლისას.  მე ვდგავარ უკრაინის გვერდით, მე ვდგავარ ჩემი ოჯახის გვერდით“,- წერს  ის სოციალურ ქსელში და საზოგადოებას უკრაინელი ხალხის დახმარებისგენ მოუწოდებს. 
 
 
მიუხედავად იმისა, რომ ვერა ფარმიგა ნიუ-ჯერსიში დაიბადა და განათლება ამერიკულ კოლეჯში მიიღო,  მას უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ემოციური კავშირი დამოკიდებულება აქვს. ოსკაროსანი მსახიობის მშობლები უკრაინელები არიან. 



„ჩემი ოჯახი მუდმივად ცდილობდა საკუთარი ფესვები არასდროს დამვიწყებოდა და უკრაინულ ტრადიციების მიმართ სიყვარულს მინერგავდა. მახსოვს 6 წლამდე მხოლოდ უკრაინულად ვსაუბრობდი“,- ამბობს ის.