მსურს თმის ერთ-ერთ საინტერესო ვარცხნილობაზე – ნაწნავზე გესაუბროთ, რომელიც არასდროს კარგავს თავის აქტუალობას. ის ქალბატონებში ძალიან პოპულარულია დღესაც და სუსტი სქესის უმრავლესობა თმას ხშირად იმ მიზნით იზრდის, რომ სხვადასხვა ნაწნავი მოიხდინოს. თავი მოიწონოს შეხვედრებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებზე.

ნაწნავი – ვარცხნილობა, როდესაც თმის რამდენიმე ღერი ერთმანეთს ეუღლება. მარტივი ნაწნავის დროს თმის ღერების რაოდენობა სამი ან ოთხია. არსებობს უფრო რთული ნაწნავებიც. ზოგ მათგანს თავისი დასახელებებიც აქვს. მაგალითად ფართოდ გავრცელებულია ე.წ. “აფრიკული ნაწნავები”, “თევზის კუდი” და ა.შ.

ძველ მსოფლიოში ნაწნავს მხოლოდ ქალები არ იკეთებდნენ. ეგვიპტეში ფარაონები ნაწნავს წვერისგან იკეთებდნენ საკუთარი  ძალაუფლების დემონსტრირებისთვის. სამსონს თავზე 7 ნაწნავი ჰქონდა, ამ ნაწნავებში მისი ძალა ინახებოდა.

ნაწნავი რომ სიძლიერესთან ასოცირდებოდა ეს ნათლად ჩანს სხვადასხვა ლეგენდაშიც. მაგალითად “ლეგენდა ამირანზე”: მონადირე სულკალმახი უდაბურ ტყეში ნადირობდა, როდესაც უეცრად კლდიდან ქალის კივილის ხმა შემოესმა. კლდის თავზე, გამოქვაბულში ულამაზესი ქალღმერთი, ოქროსთმიანი ორსული ქალი იწვა და საშინელი ტკივილისგან იტანჯებოდა. ქალღმერთმა დალიმ  მონადირეს თავისი ისტორია მოუყვა: თურმე დალის მამაცი მონადირე დარჯელანი შეყვარებია და თავის გამოქვაბულში დაუსახლებია.

დარჯელანის კოჭლმა ცოლმა მიაგნო შეყვარებულებს, მიეპარა მძინარე ქალღმერთს და ოქროს ნაწნავი მოაჭრა. ამის შემდეგ დალიმ ძალა დაკარგა და დარჯელანი კი იძულებული გახდა ოჯახს დაბრუნებოდა. ორსულად მყოფ ძალადაკარგულ ქალღმერთს მშობიარობა არ შეეძლო და სულკალმახს სთხოვა ალმასის დანით გაეჭრა მისთვის მუცელი და ბავშვი ამოეყვანა. მონადირემ შეუსრულა ქალღმერთს თხოვნა – ასე გაჩნდა ამირანი.

არამხოლოდ ფარაონები და ქალღმერთების მაგალითები, არამედ ჩვენი თანამედროვე ცხოვრებაც გვიჩვენებს თმისა და ნაწნავის “სიძლიერეს”. ძალიან მომხიბვლელი და შთამბეჭდავია ლამაზად დაწნული თმა და სხვადასხვა ფორმის ნაწნავით შესრულებული ვარცხნილობები, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს მოაჯადოვებს:)

ქეთი გალუმაშვილი