„ტროლები ნამახვანჰესზე ერდოღანისა და თურქეთის ელჩის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებენ" - „მითების დეტექტორი"

პუბლიკა

„ტროლები ნამახვანჰესზე ერდოღანის და საქართველოში თურქეთის ელჩის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებენ”, – facebook-გვერდების მიმოხილვის შედეგებს „მითების დეტექტორი” ავრცელებს. უცვლელად გთავაზობთ მას:

„6 ივნისს ფეისბუქჯგუფში „ჩვენ გვიყვარს საქართველო” ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა, მაკა გუწაძემ გამოაქვეყნა საქართველოში თურქეთის ელჩის ფოტო და  ციტატა „ან ნამახვანჰესი აშენდება… ან ქართველ ერს დავასრულებთ”. ფოტოს აღწერაში მაკა გუწაძე უთითებდა, რომ ელჩმა ეს განცხადება თურქულ მედიაში გააკეთა.

ბოლო 12 საათის განმავლობაში ამავე ჯგუფში კიდევ ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა იოსე-თაღლაურ მაღალჭრიანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვარლამ გოლეთიანის ციტატები გაავრცელა. ჯგუფში ატვირთული ფოტოს მიხედვით, ერდოღანმა თითქოს თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ვიზიტისას მას გარანტია მისცა, რომ ნამახვანჰესი აუცილებლად აშენდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხს ქართველი ერი აგებს,  რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანს, ფოტოს მიხედვით, მან აღნიშნა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ლგბტ აქციას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ქართული მიწის დამცველ სახალხო მოძრაობას. ჯგუფში „ჩვენ გვიყვარს საქართველო” გამოქვეყნებული ამ პოსტების გავრცელება 6 ივნისის საღამოდან დაიწყო.

საქართველოში თურქეთის ელჩის, თურქეთის პრეზიდენტის და ვარლამ გოლეთიანის ციტატები, რომლებიც ჯგუფში „ჩვენ გვიყვარს საქართველო” გავრცელდა, გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის კომენტარები ღია წყაროებში არ იძებნება. თურქეთის ელჩის ბოლო განცხადებაში, რომელიც თურქულ მედიაშიც გავრცელდა ნათქვამია, რომ ნამავანჰესის აშენების საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა. ოფიციალური წყაროების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს პირველ ივნისს გამართულ  შეხვედრაზე ნამახვანჰესის საკითხზე არ უსაუბრიათ.

5 ივნისს თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მას კომპანია „ენკას” მიმართ ეთნიკურ ნიადაგზე სავარაუდო დისკრიმინაცია აშფოთებს, ხოლო ჰესის აშენების საკითხი ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. იაზგანიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროტესტის ფონზე „ენკას” ქართველი თუ თურქი თანამშრომელების შეზღუდვა არ უნდა მომხდარიყო და მათ სამუშაო ადგილზე წვდომა უნდა ჰქონოდათ.

ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის ელჩი საქართველოში: „ამ კომპანიის [ენკას] მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას. ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ „ნამახვანი“ ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ. თუმცა, მე ვარ ყოველთვის შეშფოთებული, თუ არის რაიმე მუქარა თურქული კომპანიის, მისი თანამშრომლების მიმართ“.

ფატმა ჯერენ იაზგანის მიერ საქართველოში გაკეთებული ეს კომენტარი თურქულ მედიაშიც გავრცელდა, გამოცემა dikgazete წერს, რომ თურქეთის ელჩის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურის აშენება ქვეყნის შიდა საქმეა, თუმცა მისმა საწინააღმდეგო პროტესტმა ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია არ უნდა წაახალისოს. ქართულ ან თურქულ მედიაში იაზგანის მიერ გაკეთებული განცხადება ქართველი ერის დასრულების შესახებ არ იძებნება.

რაც შეეხება პრეზიდენტ ერდოღანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის 1-ლ ივნისს ანკარაში გამართულ შეხვედრას, ოფიციალური წყაროების თანახმად, ნამახვანჰესის საკითხი მხარეებს შორის არ განხილულა, ერდოღანმა განაცხადა მხოლოდ ის, რომ თურქეთის ინვესტიციები საქართველოში, მათ შორის, ენერგოსექტორში, 214 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში ნამახვანჰესის ყალბი მხარდამჭერი პოსტები ბოლო ერთი დღის განმავლობაში განსაკუთრებულად მომრავლდა. იოსე-თაღლაურ მაღალჭერიანის გარდა, სხვა რამდენიმე ფეისბუქმომხმარებლის მიერ ვარლამ გოლეთიანთან დაკავშირებული ისტორიები და ციტატები ვრცელდება.

თურქეთის ელჩის ციტატის გამავრცელებელი ფეისბუქმომხმარებელი ყალბი ანგარიშია.

თურქი დიპლომატის ყალბი ციტატა ფეისბუქჯგუფში მაკა გუწაძემ ატვირთა. მაკა გუწაძის სახელი განსხვავდება მისი URL მისამართისგან, სადაც elene.dedashvili.7-ია მითითებული”, – წერს „მითების დეტექტორი”.