ნიღბები

შევმსუბუქდი რაღაცნაირად, ალბათ იმიტომ რომ მივხვდი არავის სჭირდება ჩემი მთელი ღამის ნაფიქრიდან გამომდნარი  ჩემივე  ჭეშმარიტება, ამიტომ  ღამეს ძილს ვუთმობ, ეს უფრო ადამიანურია. იცით, ერთი სამკაული მაქვს, რომელიც უხვად მოიპოვება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალბათ ყველა სამკაულის დახლთან და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს, ეს არის გულსაკიდი – ორი ნიღაბი, ერთი მხიარულია, მეორე სევდიანი. მას რომ ვუყურებ ყოველთვის ვფიქრობ რომ ეს ორი საკმარისი არაა, სინამდვილეში იმდენი ნიღაბი გვაქვს, რომ  შეუძლებელია მათი დათვლა. თუ ხანდახან, ძალიან იშვიათად მაინც, დაკვირვებიხართ საკუთარ თავსა და საქციელს, თქვენც შეამჩნევდით თქვენს ნიღბებს. ჩვენ ვთამაშობთ გამუდმებით, სხვა ადამიანებითა და საკუთარი გრძნობებით. ჩვენ არ გვიყვარს როცა გვატყუებენ. როცა გვიყენებენ, ვითხოვთ გულწრფელობას, სამართლიანობას, თუმცა სასაცილო ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია, სადაც ყველა თავდაუზოგავად მხოლოდ იმას ცდილობს ამ ბრბოში ყველაზე მაღლა აცოცდეს, თუნდაც ამისათვის ვიღაცის ძვლებზე მოუწიოს დგომამ. გაოცებული ვარ რამდენად აბსურდულია ხანდახან ჩვენი საქციელი, მას შემდეგ რაც გამოქვაბულიდან გამოვედით და წესების შექმნა დავიწყეთ, ისე ვიქცევით, რომ ეჭვი მაქვს მალე ისევ იქ აღმოვჩნდებით. გამოდის, რომ არაფრით ვართ ცხოველებზე ნაკლები, უბრალოდ მათ ინსტინქტები ამოძრავებთ, რაც ჩვენ უფრო დახვეწილი გვაქვს და უფრო ლამაზად შეფუთული. შეიძლება ისინი გვჯობდნენ კიდეც, ამაზე ერთი ლექსი გამახსენდა, ბესიკ ხარანაულის “ხეები”, იქ ერთი ამონარიდია ასეთი : “რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა, ხომ ძმად ჩამთვლიდნენ, ხომ აღარასოდეს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.”  ალბათ ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, მე იმას არ ვამბობ რომ ვაჟასავით წვიმად მოსვლას ვინატრებდი, ან მგლად გადაქცევას, მიუხედავად იმისა რომ მაქციები მოდაშია და სრულიად ჰოლივუდი აჭრელებულია მსგავსი შინაარსის ფილმებითა და სერიალებით 🙂 არა, მე ისევ მირჩევნია ის ადამიანი ვიყო, რომელიც ცნობისმოყვარეობამ გამოქვაბულიდან გამოიყვანა, ადამიანი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, ადამიანი რომელიც მუდმივად ბრძოლობს, თუნდაც მეორე ადამიანთან, მერე რა, ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ, მთავარი შეგვეძლოს ამ შეცდომების დანახვა, თორემ ჩვენი ცხოვრება ხომ ერთი დიდი თამაშია, თამაში საკუთარი თავის 🙂 მხოლოდ ხანდახან, როცა მაკიაჟს ვიშორებთ სარკეში ვიყურებით და საკუთარ ანარეკლს თვალებში ჩავხედავთ, ვხვდებით რომ საკმარისია, რომ აღარ გვინდა კიდევ ერთი ნიღბის მორგება, იმიტომ რომ ჩვენს თვალებში დანახული სიცარიელის შეგრძნება გვაშინებს, გვაფრთხობს, იქნებ ჩვენს თავსაც ვეღარ ვცნობთ… აი ამ დროს ღამეს თეთრად ვათენებთ და ვეძებთ, ვეძებთ, ვეძებთ…. მერე ერთი სული გვაქვს სხვებსაც მოვუყვეთ, გავაგებინოთ, თუმცა ეს არც ისე ადვილია, სწორედ ამიტომ… მერე ისევ ვეძებთ, ამჯერად ახალ ნიღბებს, ბევრად უფრო უდარდელსა და გამძლეს.

P.S. მაპატიეთ, ჩემი ხასიათივით აბურდული ჩანაწერი გამომივიდა 🙂 ცოტა პესიმისტური და ნაღვლიანიც 😦 საერთოდ, ცხოვრება ცუდი რამე არაა, გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ და ფული რამდენი გაქვს ანგარიშზე 🙂 ასე რომ, გისურვებთ  კარგ შემოსავალს და ბევრ საინტერესო მოთამაშეს თქვენს სცენაზე.

სიყვარულის ნიღბით

თქვენი ქეთო