პირველი თოვლი (საშინაო დავალება)

დღეს პირველი თოვლი მოვიდა და არ დავიზარე ძველი რვეულების ქექვა, მივაგენი 7-8 წლის წინ სკოლაში დაწერილ თემას და გადავწყვიტე გამებლოგა :რასაყვარელივიყავი:


,,მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის 
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.”

ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს ლექსი, მაგრამ გუშინ, ,,მწვანე ტალღაზე“ ამ ლექსის როკ-შესრულება მოვისმინე, არ ვიცი რომელი ჯგუფი მღეროდა და საერთოდ, მივაგნებ თუ არა მეორედ ამ სიმღერას, მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ კარგად ჩამესმის ყურში ის მძიმე ჰანგები, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და ნაცნობი ტექსტი გამაგონა.

3 დღის წინ პირველი თოვლი მოვიდა თბილისში და არ შემეძლო, პირველ თოვლზე წერისას ეს ლექსი და ეს სიმღერა არ მეხსენებინა. მითუმეტეს რომ, მგონი, ყველ წელს ვწერ ამ თემას და ყველა ერთმანეთს ჰგავს…

რა უნდა ვთქვა თოვლზე ახალი? მიყვარს, ოღონდ მხოლოდ პირველი 1 კვირა მიყვარს, მერე მბეზრდება, სულ მცივა, ყველგან ტალახია და სკოლის შემდეგ სახლში ჯდომა მიწევს. პირველ დღეებში კი კარგია: პირველი გუნდაობა, ყინულზე სრიალი და დიდ თოვლში ფეხბურთის ბურთით რაგბის თამაში, მაგრამ როგორც კი ამ დღეების შემდეგ თერმომეტრი პირველად აცდება 37 გრადუსს და 4-5 დღეს ლოგინში გამატარებინებს, მერე ვეღარ ვიტან ვერც თოვლს, ვერც ზამთარს და ვერც თბილ ტანსაცმელს.

ჩემგან განსხვავებით, სხვანაირად ფიქრობს ჩემი მეგობარი სანდრო, რომელსაც ხაშურში აქვს სოფელი და მთელ დასვენის დღეებს იქ ატარებს. როგორც სანდრო ყვება ხოლმე, სოფელში 2 მეტრის სიმაღლის თოვლი მოდის და გზებს თვითონ თხრიან, რომ სასიარულო ჰქონდეთ, თორემ კარების გაღებას და სახლიდან გასვლასაც ვერ შეძლებდნენ. თურმე არც ტალახია იქ, იმიტომ რომ სულ თოვს და ატალახებას ვერ ასწრებს. ბავშვები მაღალი მთიდან სრიალებენ ციგებით და რამდენიც უნდათ იმდენ თოვლის ბაბუას აკეთებენ.

სოფელში, რომ ვცხოვრობდე მეც მეყვარებოდა თოვლი, მაგრამ სანამ თბილისში ვცხოვრობ ალბათ, არასდროს შემიყვარდება  და მხოლოდ გალაკტიონის ლექსის სიყვარულით შემოვიფარგლები. იმედი მაქვს იმ სიმღერასაც მივაგნებ და შემდეგ ორი რამ მექნება თოვლთან დამაკავშირებელი: ლექსი და სიმღერა, ლექსი და სიმღერა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

7 Responses to პირველი თოვლი (საშინაო დავალება)

  1. tamo says:

    temas rom momcemen dasawerad aqedan gadaviwer ragaceebs xo?:D

  2. knuti says:

    აუჰ ორიზენის თოვლი ^^

    • Qilipa says:

      უი ყოფილა იუთუბზე? ახლა მპ3 გამომიგზავნა მეგობარმა და ვიფიქრე მე ავტვირთავ მეტქი :დ

      გაიხარე კნუტო :**

  3. Ibi says:

    მაგარი თემაა :დ მეც ზუსტად პირველი 1 კვირა მიხარია ხოლმე :დ

  4. Qefcho says:

    Как я провел летние каникулы – ეს არ გაქვს არქივში? თუ კარგი რუსულის მასწავლებელი გყავდა :))

  5. როგორ მომნატრებია აქაურობა ************************

დატოვე კომენტარი