“პორნოგრაფია” – ვიტოლდ გომბროვიჩი

“პორნოგრაფია” უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ.

ვიტოლდ გომბროვიჩის / Witold Marian Gombrowicz (1904-1969) პირველი რომანი „ფერდიდურკე“ 1937 წელს გამოიცა. გომბროვიჩი ამ დროს 33 წლის იყო; პორნოგრაფია – 1960 წელს. მისი ნამუშევრები ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით, პარადოქსულობითა და აბსორდულობით ხასიათდება. მისი წიგნები კომუნისტურ პოლონეთში აკრძალული იყო. მან აღიარება სიცოცხლის ბოლო წლებში მოიპოვა და პოლონური ლიტერატურის ადგილებში წინა ადგილები დაიკავა.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

„ვიტოლდ გომბროვიჩი პოლონელი მწერალია, რომელსაც მეოცე საუკუნის ლიტერატურაში მნიშვნელობით მარსელ პრუსტსა და ჯეიმზ ჯოისს უთანაბრებენ.

“უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, – ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში. პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას კათოლიკობის, ქვეყნის მსახურების გარშემო – გომბროვიჩმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა.

რომანში ორი ვარშაველი ინტელექტუალი გარემოებათა გამო ადგილს იცვლის, მათთვის უჩვეულო ,,სცენაზე“ ხვდება და ამის შემდეგ რაღაც ბნელ-ნათელი იმპულსების კარნახით მოქმედებს, რაღაც ახალ რეალობას ქმნის, ძველი ყაიდის მემამულეთა ცხოვრებიდან სიკვდილ-სიცოცხლის სცენას ჩარხავს – რისთვის, რატომ – იმიტომ, რომ ესთეტიკური მგრძნობელობა არ აქვთ დაკარგული: სადღაც სიცოცხლის ძარღვი ფეთქავს, სადღაც არის აბსოლუტური მშვენიერება, ახალგაზრდობა, თავაწყვეტილი სიცოცხლე… ომის, გამოფიტულობის, უსურვილობის ატმოსფეროში.

გომბროვიჩი… ალბათ შლიახტური სამყაროს, არისტოკრატიული რესპუბლიკის დაგვირგვინება იყო, მისი ინდივიდუალისტური სივრცის კვინტესენცია, სადაც ერთი liberum veto, ერთი ხედვა, დანარჩენებისას უტოლდება. ყველა ფიგურა ცალ მოვლენად ჩნდება და ცალად მიდის, თვით მეფეც კი. სიმრავლე მას ვერ გადასწონის – ეს ერთი შეიძლება ჰაერში გამოკიდებულ სიგიჟედ ან გენიალურ ტრაექტორიად დარჩეს, იგი დამოუკიდებელია, არაფრის გაგრძელება არ არის. და ესაა თითქოს გომბროვიჩიც. მგონი ასეა, და მგონი გომბროვიჩი მეფეა.“ – ქეთი ქანთარია”

პირველი რასაც შეამჩნევთ თხრობის სტილია, სხვებისგან აშკარად განსხვავებულია და ამავდროულად მომნუსხველი. 

ავტორი ყოველ წამს ფიქრების გროვას ანაწევრებს  და ცდილობს ზედმიწევნით გადმოსცეს არა მარტო საკუთარი არამედ გარშემო მყოფთა გრძნობები და შეხედულებები იმ წამის მოვლენის მიმართ.

კითხვისას თითქოს ავტორისეული  საუბრით იწყებ ფიქრს. ემსგავსებით მას და მასსავით ეჭვდებით სხვების მოქმედებასა და ქცევაში.

წიგნი მარტივი არ გეგონოთ. თითქოს ყველაფერი წესრიგშია თუმცა ამავდროულად ყველაფერი აბურდულ, გადახლართულ, არეულია. ბრრრ…

მართლა არ ვიცი როგორ შევაფასო ეს წიგნი. ალბათ ღრმად უნდა ჩაწვდე და რაც შეიძლება გონებაგამახვილებული კითხულობდე, წინააღმდეგ სემთხვევაში მეორედ გადაკითხვა  მოგიწევს. იმას კი არ ვიძახი ეს მეორე ცუდი იქნება, პირიქით ეს მეორე წაკითხვაც თითქოს თავიდან გააზრება იქნება.

24.01.2019
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი