ევროპარლამენტი: საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით სამუშაოა გასაწევი

ევროპარლამენტმა დღეს, 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია "ასოცირებული ტრიოსათვის" ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

რეზოლუცია მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას, თუმცა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სამუშაოა გასაწევი.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თავდაპირველ პროექტში ევროპარლამენტი საქართველოსთვისაც ერთმნიშვნელოვნად ემხრობოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და სიმბოლური ხასიათისაა.

საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატობის სტატუსის გადაცემაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო, ანუ ევროკავშირის წევრი სახემწიფოები მიიღებენ. მათი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იქნება ევროკომისიის მოსაზრებით, რომელსაც ივნისის მეორე ნახევარში ელიან.

შესწორება: სტატიის თავდაპირველი სათაური ამბობდა, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის გადაცემას მხარს არ უჭერს.

რეზოლუცია ევროკავშირს საქართველოს შემთხვევაში მოუწოდებს, "კანდიდატის სტატუსის გადაცემაზე იმუშაონ", მაშინ, როცა მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში მოუწოდებს, რომ მათ კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

მსგავსი სიახლეები