გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით – ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. იგი სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (სუფსა-გუბაზეულის ხეობები), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (დარჩენი ტერიტორია).
ფეოდალურ ხანაში საერისთავო იყო იმერეთის სამეფოში. XV ს-ის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროისათვის სამთავრო იმ ფარგლებში იყო მოქცეული, რომელშიც ისტორიულად ცხოვრობდნენ გურულები. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში
შევიდა.

გურიის რეგიონისათვის დამახასიათებელია მდინარეთა სიმრავლე და სიუხვე. მდინარე სუფსის შენაკადებია: ბახვის წყალი, კალაშა, გუბაზოული; ხოლო მდ. ნატანების შენაკადებია აჭისწყალი, აგიდაყვა, ბჟუჟი. ორივე მათგანი, მათი შენაკადებით სათავეს იღებს გურია-აჭარის მთებში და ჩაედინება შავ ზღვაში. მთის სიგრილითა და სურნელებით გამორჩეული ცივი, წმინდა, გამჭირვალე, სწრაფი დინებით მომავალი წყლების ნებისმიერი ხეობა ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ზღაპრული ოაზისივით მიმზიდველი და გამაჯანსაღებელია. ორივე მათგანი ზღვის შესართავთან დინჯი დინებითა და წყალუხვობით გამოირჩევა. ისინი სავსეა სხვადასხვა სახეობის თევზებით, მდინარეთა ზემოა წელში მრავლადაა კალმახი. ამათგან განსხვავებული ბარის მდინარეებია სეფის წყალი და ფიჩორი. ეს უკანასკნელი ლანჩხუთის მახლობლად იწყება და პალიასტომის ტბას ერთვის. პალისტომის ცნობილი ლეგენდის მიხედვით ფიჩორს «ჯორის უკანა ფეხებით გარღვეულ მიწაში პალიასტომიდან გამოყოფილ წყალს» ეძახიან. იგი ისე წყნარად მოედინება, უძრავი გეგონება.


. გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა “ნადურსაც”. ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები

წყარო: