26 დეკემბერი, 2013
გუჯა ბურდულს რაინდობა მიანიჭეს
ვიფიქრე, ახალი მთავრობა მოვა და შვილებს დამისაქმებენ-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. სამუშაო ადგილები არაა. მარტო სამთავრობო ადგილებია გუჯა ბურდულს ძალიან ბევრი როლი აქვს შესრულებული საბჭოთა კავშირში გადაღებულ ფილმებში. ქართველმა მაყურებელმა ის ''უძინართა მზიდან''გაიცნო და შეიყვარა. ამ როლისთვის ''ნიკათი''დააჯილდოვეს რუსეთში. საქართველოში კი არც ერთი ჯილდო არ მიუღია. გასულ კვირას რაინდობა მიანიჭეს და ამით ძალიან ამაყობს. ბატონ გუჯას განვლილ ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

როგორ მიიღო მსახიობის დიპლომი

- დედაჩემს ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. ხუთივე მაღალი და ტანადი იყო. მამაჩემიც მაღალი
კაცი გახლდათ. აღნაგობა ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისგან გადმომეცა. დედას ძალიან უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ჩემი არც ერთი როლი არ უნახავს.
- მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლე უნდა იყოთ.

Rating

- ძალიან ბევრი სკოლა მაქვს მოვლილი. პირველ სკოლაში დავიწყე სწავლა, მერე მეშვიდე სკოლა ქალთა და ვაჟთა სასწავლებლად გაერთიანდა და ნაწილი იქ გადაგვიყვანეს. ბოლოს რკინიგზის მეასე სკოლაში აღმოვჩნდი. სკოლა ოთხებსა და ხუთებზე დავამთავრე. ბავშვობაში მშობლებისგან მალულად დავდიოდი კრივზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, ბაიდარზე. გადასარევი ხმა მქონდა. მერე დალევისგან ცოტა დამიბოხდა, მაგრამ რუსეთში მაინც ჩაიწერა ჩემი სიმღერების დისკი, რომელშიც რუსული რომანსები და ქართული სიმღერები შევიდა.
- მომდევნო ფოტოზე მამასა და დედმამიშვილთან ერთად ხართ.

Rating

- ეს ჩემი დაიკოა, ეთერი, რომელიც ამ ფოტოს გადაღებიდან მალე გარდაიცვალა. კიდევ ერთი და მყავს, ნუნუკა, რომელიც ჯანო სვანიძეზეა გათხოვილი, ორი ვაჟკაცი ჰყავს.
- შემდეგი ფოტო ცეკვის დროს გაქვთ გადაღებული. როგორც მითხარით, ეს ფოტო თქვენს ბავშვობაშივე ჟურნალებში იბეჭდებოდა და თქვენმა მომავალმა მეუღლემ პირველად ამ ფოტოზე გნახათ. გვარი - ბურდული - პირველივე წაკითხვისას მოსწონებია….

Rating

- სურათი ბულგარეთში პრემიერ-მინისტრ ვილკო ჩერნენკოვთან სტუმრობისას არის გადაღებული. პრემიერ-მინისტრი სტალინის დიდი მეგობარი იყო. სტალინი ამ პერიოდში ახალი გარდაცვლილი გახლდათ. საზღვარგარეთ გასაგზავნად უნდოდათ ისეთი ბავშვი, რომელიც ცეკვავდა, მღეროდა და თან კარგად სწავლობდა. მე ამარჩიეს. საბჭოთა კავშირიდან პოლიტიკური დელეგაციაც კი არ იყო ჯერ გასული. სხვადასხვა რესპუბლიკიდან შეგვკრიბეს ბავშვები. კინაღამ გამომაგდეს. ერთი თათარი ბიჭი იყო ჩვენს ჯგუფში. მასთან შელაპარაკება მომივიდა. დარტყმა არ შეიძლებოდა და ამიტომ მდოგვი ამოვუსვი ცხვირში. მერე ჩემი მასწავლებელი დამიდგა თავდებად. თქვა, არ გამოუშვათ ეგ ბავშვი, აუცილებლად გასახელებთო. ბულგარეთიდან უამრავი პრიზი და სიგელი ჩამოვიტანე. სპორტში უფრო მეტი ჯილდო მივიღე, ვიდრე ხელოვნებაში. ჩემი მასწავლებლის დღემდე მადლიერი ვარ, რომ არ გამოაგდებინა ჩემი თავი ბულგარეთიდან და თავდებად დამიდგა.
- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხართ, მაგრამ ბევრ ფილმში გაქვთ ნათამაშები.
- პროფესიით მშენებელი ვარ.
- გიმუშავიათ ამ სფეროში?
- ვმუშაობდი, მაგრამ მშობლები გარდამეცვალნენ და მათ 
მა მეგობრებმა ბენზინგასამართ სადგურზე გამიშვეს, რომ ოჯახი მერჩინა. როდესაც მეკითხებიან, პროფესიით მსახიობი ვარ თუ არა, ვპასუხობ, რომ ჩემი მეუღლეა მსახიობი და ოჯახში არის მსახიობის დიპლომი. ცოლი და ქმარი თუ ეყრებიან, ყველაფერს ხომ იყოფენ და დიპლომიც გავიყავით.

''ასე დავრჩი უდამსახურებო და ''უსახალხო''არტისტად''

- მომავალ მეუღლეს როგორ შეხვდით?
- არ შეიძლებოდა, ინეზა აბესაძე გენახა და არ მოგწონებოდა. პირველად ფოტოატელიესთან შევხვდით. თეა გაბუნიასთან ერთად იყო. თეა ჩემი მეგობარია. ინეზას უთხრა, შენ რომ ბიჭი მოგწონს, გუჯა ბურდული, ესააო. მომდევნო ფოტო 1961 წელსაა გადაღებული. ამ დროს შეყვარებულები ვიყავით. ინეზა საქართველოში ერთ-ერთი პირველი მოდელი გახლდათ.

Rating

- თქვენ ბავშვობიდან გუჯათი მოგმართავენ. რამე მეტსახელი გქონიათ თუნდაც როლებიდან გამომდინარე?
- პირიქით უფრო ხდებოდა, როლებს არქმევდნენ ჩემს სახელს.
- თქვენს მეუღლეს აქვს ფილმებში მონაწილეობა მიღებული?
- ''ზღვის ბილიკში''მონაწილეობდა, რომელიც რეზო ჩხეიძემ გადაიღო. ინეზამ რამდენიმე ტელეფილმშიც ითამაშა.
- მაგრამ მერე ასპარეზი თქვენ დაგითმოთ.
- შეიძლება ითქვას, რომ თვითონ წავიდა პიონერთა სასახლეში და ბავშვებს ამზადებს.
- მომდევნო ფოტოზე მთელი ოჯახი ხართ. რომელი დაიბადა ოჯახში პირველი?

Rating

- პირველად ლადო გაჩნდა, მერე მაკა და ბოლოს ბაკური დაიბადა. ლადოს დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ გაჩნდა მაკა. ლადოს ვეუბნები ხოლმე, ერთი წლის რომ გახდი, საჩუქრად დაიკო მოგიყვანე და ამაზე მაგარი საჩუქარი რა უნდა გამეკეთებინა-მეთქი.
- ჩემი აზრით, დედმამიშვილები ერთმანეთს არ ჰგვანან.
- ხასიათითაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაკა რეჟისორია. ცოტა ხნის წინ გრან-პრი მიიღო ჩინეთში ჩატარებულ კინოფესტივალზე. ფილმს ''უებრო სიყვარული''ჰქვია. ფილმში მე და ინეზაც ვთამაშობთ. ოჯახში კიდევ გვაქვს ერთი ძალიან მაგარი პრიზი. რუსეთის კინოფესტივალ ''ნიკას''აკადემიის აკადემიკოსი ვარ.
- როგორც ვიცი, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მსახიობს აქვს ''ნიკა''აღებული.
- პირველად აიღო ავთო მახარაძემ. მერე ავიღე მე და ბოლოს ზურა ყიფშიძემ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. მერე ბატონ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, არ მოეწონა, რუსეთშიც რომ აჯილდოებდნენ დამსახურებისა და ხალხის სახელით. თქვა, რუსული გადმონაშთები არ გვჭირდება საქართველოშიო. ასე დავრჩი უდამსახურებო და ''უსახალხო''არტისტად. ნიკოლოზობას მე, კახი კავსაძესა და თემურ წიკლაურს რაინდობა მოგვანიჭეს.
- ალბათ, ეს თქვენთვის ძალიან საამაყოა.
- საამაყოა და პირველად მოხდა, რომ საქართველოში რაიმე ჯილდო გადმომცეს.

როდის ეპატია ბანდიტის როლები

- მომდევნო ფოტო როდის გადაიღეთ?

Rating

- ფესტივალზე ვიკრიბებოდით ხოლმე თხუთმეტივე ქვეყნის მსახიობები და რეჟისორები. სურათი ერთ-ერთ შეკრებაზეა გადაღებული. მე და ნიკიტა მიხალკოვი ძალიან დაახლოებული ვიყავით. მასთან სტუმრად ჩასვლა ყოველთვის მსიამოვნებს ხოლმე. ყოველთვის მიგზავნიდა ფესტივალის მოსაწვევს. ბოლო ორი წელია, აღარ გამოუგზავნია. რაღაც ხდება, აშკარად. ფოტოზე ჩემ წინ დგას სომეხი მსახიობი საშა ადაბაშიანი. საშა მეუბნებოდა, რატომ სომეხი არ ხარო და მე სულ ვეუბნებოდი, შენ უნდა იყო ქართველი, ისეთი კარგი ტვინი და აზროვნება გაქვს-მეთქი. საბჭოთა კავშირის ფილმებში რომ დაიწყეს ჩემი გადაღება, თავიდან სულ ბანდიტებს მათამაშებდნენ. მიხეილ გორბაჩოვმა გარდაქმნა რომ დაიწყო, მერე ყველა ბანდიტის როლი მეპატია და მეფეების როლები მომცეს. ორი მეფე მაქვს ნათამაშები - მირიან მეფე და დავით მეფე. მომდევნო ფოტო ძალიან მიყვარს, რადგან ჩემს განუყრელ მეწყვილესთან, სატრაპესთან ერთად მაქვს გადაღებული. ცხენით სადაც კი მითამაშია, ყველგან მასთან ერთად ვიყავი. სატრაპესაც ძალიან ვუყვარდი, იპოდრომზე რომ მივდიოდი, სანამ საცხენეში შევიდოდი, გრძნობდა და ფეხების ბაკუნს იწყებდა. სულ პირველად გიორგი შენგელაიას ფილმ ''ალავერდობაში''ათამაშეს. პირველად მაშინ წააქციეს გადაღებებზე. მერე წააქციეს რეზო ჩხეიძის ფილმში ''დონ კიხოტი~…, მასზე ფილმიც კი გადაიღეს. სამწუხაროდ, ეს ფილმი ვერ ვნახე. სატრაპეს დასაფლავება მისსავე საცხენეში მინდოდა, ეს ყველამ იცოდა. სამწუხაროდ, მე წასული რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა და მოაშორეს იქაურობას. თითქმის ყველა ფილმში, სადაც ცხენთან ერთად მითამაშია, ყველგან სატრაპეა. სხვა ცხენი მე არ ამირჩევია. ისეთი იყო ჭენების დროს, რომ ცხენის ჯიში შეგიყვარდებოდა.
- მომდევნო ფოტოც თქვენი ერთ-ერთი ფილმიდანაა.
- ესაა ''ტაჯიკფილმის''ნამუშევარი, სადაც ბაის, ანუ თავადის როლი მქონდა.

Rating

- რატომ გაქვთ ასეთი მკაცრი სახე?
- ეს ის მომენტია, როდესაც შვილი მოკვლას და ოქროების მოპარვას დამიპირებს. მაგრამ ისე მოხდება, რომ მე დავიჭერ და ოქროებთან ერთად ჩემს შვილს კლდეში ამოლესავენ.
- არ მგონია, რეალურ ცხოვრებაში მკაცრი მამა იყოთ.
- მე და ჩემს მეუღლეს შვილები არასდროს გვიცემია. ყოველთვის ლოიალურები ვიყავით, თუმცა შვილები მეუბნებიან, შენ ერთი შვილი გყავს, ყველაფერი ბაკურისთვის გინდაო. ერთი სახლი ლადოს მივეცი სოლოლაკში, მეორე - მაკას. ბაკური ჩემთან ერთად ცხოვრობს. მილიონერი არ ვარ, რომ უფრო დიდი ბინები მეყიდა შვილებისთვის. ბევრი კაცი ვერ დაიტრაბახებს, ამისთანა საჩუქრები შვილებისთვის გაეკეთებინა და ყველა შვილი დაებინავებინა. მაინც ნაწყენები არიან. შვილი ისეთი ვინმეა, ვერაფრით ვერ უმტრობ.

Rating

- ბაკურისა და ლადოს შემოქმედება ძალიან განსხვავდება.…
- ლადომ კონსერვატორია დაამთავრა. მერე ოპერაში მუშაობდა კონტრაბასზე. ძალიან დიდი კლასიკური განათლება მიიღო. ბაკური თვითნასწავლია.
- თქვენი ფილმებიდან ყველაზე მეტად, ალბათ, ''უძინართა მზე''გიყვართ.
- როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს, სამ წელიწადს ამ როლს ვასრულებდი. თემურს ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევარი. ''ბეღურების გადაფრენამ''ფრთები ვერ გაშალა, თორემ არც ისაა ნაკლები ფილმი. სულ 73 ფილმში მაქვს ნათამაშები. 33 წლის გახლდით, ფილმებში გადაღება რომ დავიწყე და იყო პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში ერთდროულად ხუთი გადაღება მქონდა.
- მეუღლე არ ეჭვიანობდა?
- სამ შვილს რომ ზრდი, ეჭვიანობის დრო არაა. გვიყვარდა ერთმანეთი და შევაბერდით ერთმანეთს.
- მომდევნო ფოტო ლადოსა და ბაკურთან ერთად გაქვთ გადაღებული. ბაკური და ლადო ერთმანეთისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ ლადოს რამდენიმე მეუღლე ჰყავდა. ბაკურს კი ერთი ცოლი ჰყავს.

Rating

- ბაკური მეუღლეზე ძალიანაა შეყვარებული. მისი მეუღლე ახლა მოსკოვშია, ''ვგიკში''სწავლობს. ბაკურსაც უნდა მოსკოვში წასვლა. აბა, თბილისში არაფერი ხდება. სამი შვილი მყავს და სამივე უმუშევარია. რვა შვილიშვილი მყავს. ვიფიქრე, ახალი მთავრობა მოვა და შვილებს დამისაქმებენ-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. სამუშაო ადგილები არაა. მარტო სამთავრობო ადგილებია.
- ლადოს, როგორც ვიცი, რამდენიმე მეუღლე ჰყავდა?
- ოფიციალურად ორი ჰყავდა. პირველი და ბოლო. ორივეს ქეთო ჰქვია. ბოლო კი არა, ჩემი უსაყვარლესი რძალია. ორი ანგელოზი გააჩინა. ლადიკოც გასაზრდელი ჰყავს (იცინის).

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სალომე
ბატონო გუჯა და ქალბატონო ინეზა საუკეთესო ხალხი ხართ.
15:48 / 27-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მთელი საქართველო
ბატონო გუჯა გაფასებთ და გვიყვარხართ ძალიან.
11:59 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნ
ძალიან მიყვარხართ!!!!!
10:23 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS