12 მარტი, 2015
რჩევები ყველაზე გავრცელებული მცენარეების ხუთეულისთვის
გვიმრის ფოთლებს კვირაში ერთხელ მაინც სჭირდება დანამვა მოყვარული მებაღე მარინა ბუტიკაშვილის ეზოში არაერთი ყვავილი ხარობს და შინაც არაერთს უვლის. მას მცენარის მოვლასთან დაკავშირებით რჩევები ვკითხეთ და მხოლოდ იმ მცენარეებზე შევაჩერეთ ყურადღება, რომლებიც თითქმის ყველა მეორე ოჯახშია...

- ხშირად გვინახავს ფანჯრის რაფებზე შემოდებული ქოთნის იები, საუბარი მათი მოვლით დავიწყოთ...
- უზამბარული იის ქოთანი შევარჩიოთ იის ფოთლების დიამეტრზე სამჯერ ნაკლები ზომის, კარგი იქნება თუ ჩარგვისას ჩავაყოლებთ ფითილს, რომელიც მცენარეს საშუალებას მისცემს, წყალი ქოთნის სადგამიდან მიიღოს. მას არ
უყვარს ზედმეტი წყალი. ქოთანი უნდა განთავსდეს კარგად განათებულ ადგილას, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, იისთვის იდეალურია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრები. სასურველია, ყვავილს მიწა წელიწადში 2-ჯერ გამოვუცვალოთ. თუ გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე ორ კვირაში ერთხელ მაინც ვკვებავთ მინერალური ან ორგანული სასუქით, მაშინ მიწის გამოცვლა წელიწადში ერთხელაც საკმარისი იქნება. მიწა უნდა იყოს მსუბუქი. აუცილებელია, პერიოდულად მოსცილდეს დამჭკნარი საყვავილე ღერო და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ იას არ უყვარს ფოთლების დანამვა.

- ე.წ. ბარაქის ხეს, რომელსაც ზოგი ფულის ხესაც უწოდებს, როგორი პირობები სჭირდება?
- კრასულა (ბარაქის ხე) - სუკულენტების ოჯახის წარმომადგენელია, ამიტომ ბევრ წყალს არ საჭიროებს. ის იკვებება ფოთლებში დაგროვილი წყლით. შუქის მიმართ უპრეტენზიოა, იტანს ნაწილობრივ დაჩრდილვას, ამიტომ უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. ნიადაგის მიმართ პრეტენზიული არ არის. არ სჭირდება ღრმა ქოთანი. ზამთრის პერიოდში გრილ ოთახში დავდგათ და წყლის მიწოდება მაქსიმალურად შევამციროთ - საკმარისია ორ კვირაში ერთხელ მცირე პორციებით.

- ლიმონის ხეს როგორი ტემპერატურა სჭირდება?
- ლიმონისთვის კომფორტული ტემპერატურა ოთახის პირობებში არის 18-27 გრადუსი სითბო. როდესაც ლიმონის ქოთნისთვის სასურველ ადგილს შეარჩევთ, ეცადეთ, არ გადააადგილოთ, მხოლოდ მცენარის ღერძის გარშემო ფრთხილად შემოატრიალეთ. ზაფხულში მას რწყავენ კვირაში 2-ჯერ, ცივ პერიოდში რწყვას უკლებენ იმდენად, რომ ქოთანში ნიადაგი არ გამოშრეს. მას მჟავე ნიადაგი სჭირდება. სწორი მოვლის შემთხვევაში, დარგვიდან რამდენიმე წელიწადში ლიმონი აყვავდება. სახლის პირობებში ნაყოფი რომ დაიტოვოს, დამტვერვაში უნდა დაეხმაროთ. ნაყოფის რაოდენობა უნდა დარეგულირდეს - 1 ნაყოფი 10-15 ფოთოლზე. თუ ნაყოფი მეტი აღმოჩნდება, მცენარე გამოიფიტება და შეიძლება დაიღუპოს.

- ამბობენ, კაქტუსი ყველაზე მარტივი მოსავლელიაო...
- კაქტუსებს უყვართ მძიმე, ქვიშანარევი ნიადაგი. წყლის მიმართ მომთხოვნი არ არის, ამიტომ იშვიათად უნდა მოვრწყათ. შეგვიძლია დავდგათ უმეტესად მზიან ადგილას. სიცივის ამტანია, მაგრამ ყინვას ვერ უძლებს.

- დაბოლოს, გვიმრა, ისიც ხშირად აქვთ ოჯახებში...
- გვიმრა ჩრდილის მოყვარული მცენარეა, უყვარს ნათელი ადგილი და ნესტი. გვიმრის ფოთლებს კვირაში ერთხელ მაინც სჭირდება დანამვა. მისთვის ყველაზე მისაღებია ტყის ნეშომპალით გამდიდრებული ნიადაგი. პერიოდულად ახასიათებს ღეროების ფოთლებისგან გაშიშვლება და სასურველია, ასეთი ღეროები მოვაცილოთ.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქ.ქ
გვიმრა ჩრდილის მოყვარული მცენარეა, უყვარს ნათელი ადგილი---ეს ვერ გავიგე...
16:25 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS