14 სექტემბერი, 2015
მადამ დე პომპადურის ლეგენდა და მეფე, რომელიც მხოლოდ ქალწულებთან იზიარებდა სარეცელს
იგი მართლაც ბრწყინავდა: სილამაზით, ნიჭით, სინატიფით, უშუალობით. როგორც სრულყოფილი ბრილიანტი, თავისი სიკაშკაშით მართლაც ამშვენებდა საკმაოდ შელახულ სამეფო გვირგვინს.

მიუხედავად ამისა, იგი არ უყვარდათ, მაგრამ ამის მიზეზი არა მსუბუქი ყოფაქცევა და ის ფუფუნება იყო, რაც უწყვეტ ნაკადად იღვრებოდა მის აპარტამენტებში - მანკიერებაში ჩაფლული ფრანგული ელიტა ქალის მდაბიურ წარმოშობას ვერ ურიგდებოდა.

არადა, მისი წარმომავლობა არც ისეთი მდაბიური იყო, როგორც სასახლის არისტოკრატია მიიჩნევდა. ქალი იმ ფინანსური წრიდან მოდიოდა, რომელიც სიმდიდრითა და მეცენატობით ატყვევებდა ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას. მისი მამა,
ფრანსუა პუასონი ის ფინანსისტი იყო, ვისი შემოსავლებითაც სახელმწიფო ხაზინა ხშირად სარგებლობდა. ასე რომ, ჟანა-ანტუანეტას უგვაროს ნამდვილად ვერ უწოდებდით.

„ახალი ფრანგი“ ქალბატონი

მისთვის გამიზნული შხამიანი პამფლეტები ძველი არისტოკრატიის სიძულვილის ნიშანი იყო ახლად ჩასახული ბურჟუაზიული კლასის მიმართ. ისინი ვერ იტანდნენ ამ ახალ წარმონაქმნებს, რომლებმაც ქონება თავიანთი გამჭრიახობით მოიპოვეს, თუმცა მათი ფულის გარეშე არსებობა არ შეეძლოთ. სწორედ ფულის წყალობით შეძლო მადმუაზელ პუასონმა კარგი განათლების მიღება. შვიდი წლის ასაკში იგი პუასის სასწავლებელში გაამწესეს, სადაც მეცნიერების საფუძვლები შეისწავლა და ხელოვნებისადმი სწრაფვა გამოამჟღავნა. სწორედ იქ უმკითხავეს ჟანას და უწინასწარმეტყველეს, რომ თვით ხელმწიფის გულს დაიპყრობდა და სამეფოში პირველი ქალი გახდებოდა.

მიუხედავად მისნობის არარეალურობისა, გოგონა არ ივიწყებდა თავის განსაკუთრებულ „დანიშნულებას“ , არავის სჯეროდა, რომ წინასწარმეტყველება ახდებოდა. მართლაც შეუძლებელი იყო, მეფეს, რომელიც ქალებს მხოლოდ უმაღლესი არისტოკრატიიდან ირჩევდა, რაიმე კავშირი ჰქონოდა ბურჟუაზიასთან. მართალია, „ახალ ფრანგებს“ ბევრი ფული ჰქონდათ, მაგრამ სოციალური სტატუსით ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე იდგნენ, გაღარიბებულ არისტოკრატიაზე დაბლაც კი.

სწრაფვა სოციალური სტატუსისკენ

ეს მანძილი რომ შეემცირებინა, ჟანა ცოლად გაჰყვა აზნაურ შარლ-გიიომ ლე ნორმან დე ეტიოლს. ქმარი უყვარდა და ხშირად იმეორებდა, რომ მხოლოდ მეფის გამო თუ მიატოვებდა მას. უნდა ითქვას, რომ ბატონ დე ეტიოლს ასეთი პერსპექტივა დიდად არ აღელვებდა, რადგან ამას შეუძლებლად თვლიდა.

Rating
დიდი გონიერებით შეეძლო ნებისმიერ თემაზე მსჯელობა


ამასობაში ჟანამ თავისი განათლება სრულყო მადამ დე ტანსენისა და მადამ ჟოფრენის სალონებში, სადაც მხატვრები, ლიტერატორები, ფილოსოფოსები, პოეტები იკრიბებოდნენ. სწორედ ამ სალონებში დაეუფლა ქალი მეცნიერულ ცოდნასა და რიტორიკის ხელოვნებას. იგი ნებისმიერ საზოგადოებაში კარგად გრძნობდა თავს და მსუბუქად, დახვეწილად და დიდი გონიერებით შეეძლო ნებისმიერ თემაზე მსჯელობა.
ამასთანავე, მას ძალზე სასიამოვნო მანერები, კარგი ჩვევები, ნარნარი ხმა და კარგი მსახიობური მონაცემები ჰქონდა.

მეფეს მაშინვე არ შეუნიშნავს ჟანა, მათ „გადამწყვეტ“ შეხვედრას ხელი შეუწყო „მხარდამჭერთა ჯგუფმა“ , რომელიც ჟანას გარემოცვამ შექმნა და რომელსაც ქალის წყალობით სასახლეში შეღწევა და იქ ფეხის მოკიდება სურდა.

ხელმწიფის ფავორიტი

სასახლის კარზე მისი მდგომარეობა რომ გაემყარებინათ, აუცილებელი იყო ზოგიერთი ფორმალობის დაცვა. უპირველესად ხელმწიფემ საყვარელს ახალი სახელი - მადამ პომპადური უბოძა. მორიგი რიტუალის თანახმად, ჟანა სამეფო ოჯახის წინაშე უნდა წარედგინათ, მაგრამ რაკი იგი სამეფო წრისთვის უცხო ადამიანი იყო, მისი წარმდგენის პოვნაც გაძნელდა, ამასთანავე მეფის გარემოცვა შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს - პირველად ხდებოდა, რომ მდაბიო წარმოშობის ქალბატონი უმაღლეს საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობდა. აქამდე მეფის ფავორიტები მხოლოდ უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მეფის საძინებელში ადგილის დასაკავებლად გამუდმებით ეომებოდნენ ერთმანეთს და დაუღალავად ხლართავდნენ ინტრიგების ქსელს. ახლა კი ვიღაც მდაბიო დაუბრკოლებლად იკავებდა მათ ადგილს.
მაგრამ მეფე თავისი გადაწყვეტილების შეცვლას სულაც არ აპირებდა, ამიტომ მადამ პომპადურის ინტერესების დაცვა პრინცესა დე კონტს დაევალა, უნდა ითქვას, რომ არცთუ მცირე გასამრჯელოს საფასურად... და მადამ პომპადურის ბრწყინვალე ერა დაიწყო!

რჩეული ფავორიტი

მას მეფის ფავორიტს, იმ მნიშვნელობით, რომლითაც ეს ცნება მანამდე არსებობდა, ნამდვილად ვერ უწოდებდით. „არალეგალი ქალების“ არსებობა და მათი სილამაზე სამეფო ცხოვრების სტილად ითვლებოდა. ისინი იყვნენ საყვარლები, მეგობრები, ნუგეშისმცემლები, მოდის კანონმდებლები, მაგრამ არც ერთ მათგანს არ დაუჩრდილავს სახელმწიფოს სახელი, არც ერთი მათგანის სახელი ეპოქას არ გასცდენია.
მხოლოდ მადამ პომპადურის სახელმა დაიმკვიდრა ისტორიაში ადგილი, იგი მეფის ფავორიტის სიმბოლოს აღემატებოდა და თვით ლუდოვიკოზე მეტადაც გაითქვა სახელი. ეს ჭკვიანი, თამამი, უდავოდ ნიჭიერი ქალი არა მარტო მეფის საყვარელი იყო, იგი მისი მეგობარი, მრჩეველი და მთელი სამეფოს ცხოვრების განმკარგულებელი გახდა. თანდაყოლილი კეთილშობილებითა და მომხიბლავი მანერებით მან მის მისამართით გამოთქმული ყველაზე ბინძური ჭორებიც კი გააქარწყლა, მისი გამჭრიახი გონების წინ მრავალრიცხოვანი მტრებიც კი ქედს იხრიდნენ.

მადამ პომპადურს მეფე ნებისმიერ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში ჩარევის უფლებას აძლევდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჟანა დიდი ვერაფერი ბედენა პოლიტიკოსი იყო, რამდენჯერმე ხელმწიფემ მისი გავლენით ერთობ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლუდოვიკო ქალის სრული გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

Rating
მისი ჟინი წამიერი იყო, ისიც შოკოლადისა და ნიახურის წყალობით


ის, რაშიც პომპადურს ბადალი არ ჰყავდა, იყო გავლენა კულტურაზე. მან ააღორძინა მეფის მეცენატობის ტრადიცია, ხელი შეუწყო ფერწერის, არქიტექტურის გაფურჩქვნას, ფაიფურის წარმოებას, მებაღეობის განვითარებას. აგულიანებდა ფილოსოფოსებს, მან დაამკვიდრა ინტელექტუალების მოდა. ბუშე, ფალკონე, გაბრიელე, დე ლა ტური, ვოლტერი, დალამბერი, ტიურგო, ბუფონი - განათლების ყველა მოღვაწეს მადამ პომპადური მფარველობდა. შედეგად, თვით საუკუნე მის სახელთან ასოცირდებოდა. სწორედ უშუალობისა და იმის გამო, რომ არც ერთ თავის წინამორბედს არ ჰგავდა, შეძლო ჟანამ თავის „თანამდებობაზე“ ოცი წლის განმავლობაში გაეძლო, თანაც ეს ყველაფერი მისი ფრიგიდულობის ფონზე ხდებოდა.

მადამ პომპადური ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი პარტნიორი იყო სამეფო სარეცელზე, მისი ჟინი წამიერი იყო, ისიც შოკოლადისა და ნიახურის წყალობით. ამ „სფეროში“ ის ნამდვილად ბევრად ჩამორჩებოდა თავის „სექსუალურ მეტოქეებს“ , ამიტომაც ჭკუა ჰყოფნიდა და ხელს არ უშლიდა მეფის „გართობებს“ . ლუდოვიკოც საყვარელს საყვარელზე იცვლიდა...

ეპოქის დასასრული

ისტორიკოსების ცნობით, ლუდოვიკო ცნობილი იყო თავისი სექსუალური ლტოლვით გოგონებისადმი, უფრო სწორად ქალწულებისადმი, რაც იმით აიხსნება, რომ მეფეს პანიკურად ეშინოდა ვენერიული დაავადებების, იმ ხანად ეპიდემიასავით რომ მოედო ევროპის მრავალ ქვეყანას. სწორედ ამ მიზნით ვერსალთან ახლოს, ირმების პარკში მეფისთვის გოგონებს „ზრდიდნენ“ . თხუთმეტი წლის ასაკში ისინი უკვე მეფის „განკარგულებაში“ გადადიოდნენ, „გამოყენების“ შემდეგ კი მათ წარჩინებულებზე ათხოვებდა, ამასთანავე, ლუდოვიკო მუდამ თვალყურს ადევნებდა, რომ ქმრებს ისინი არ დაეჩაგრათ.

Rating
ლუდოვიკო ცნობილი იყო თავისი სექსუალური ლტოლვით გოგონებისადმი


მიუხედავად ხელმწიფის მშფოთვარე სექსუალური ცხოვრებისა და მრავალრიცხოვანი საყვარლებისა, მისი ოფიციალური ფავორიტის აპარტამენტებს, ყველას გასაოცრად, ძველებურად მადამ პომპადური იკავებდა. ნებისმიერი მორიგი სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ ლუდოვიკო მასთან მიეშურებოდა, სადაც სასიამოვნო საუბრებით სულსა და გულს იმშვიდებდა. ჟანა მის სარეცელს აღარ იზიარებდა, მაგრამ სამეფოში ყველაზე გავლენიან ადამიანად რჩებოდა.

ასე გრძელდებოდა 1774 წლის აპრილამდე, ვიდრე 46 წლის ჟანა ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ ჭლექმა არ იმსხვერპლა. თავისი სიკვდილით მან სამუდამოდ დაუხურა მეფის სასახლის კარი ფავორიტების რიგს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS