თავში

რატომ უნდა გყავდეთ კატა სახლში - PHOTO

რატომ უნდა გყავდეთ კატა სახლში
რატომ უნდა გყავდეთ კატა სახლში - PHOTO

ძაღლებს, პრაქტიკულად, ბიოლოგიურ დონეზე არ შეუძლიათ დამალონ საკუთარი ემოციები. ამის ფონზე არსებობს მოსაზრება, რომ კატა ერთადერთი ასოციალური ცხოველია, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა. რეალურად კი საქმე იმაშია, რომ ჩვენ უბრალოდ ყურადღებიდან გვრჩება ის ნიშნები, რომლებსაც ჩვენი ფუმფულა მეგობრები არც თუ ისე იშვიათად გვაძლევენ სიყვარულის და სითბოს გამოსახატად. მართალია ძაღლებივით ცქმუტვა, ლოკვა, ყნოსვა და ათასგვარი მაიმუნობა პატრონის გულის მოსაგებად კატების ხასიათში ნამდვილად არ ზის, თუმცა, კატების სხეულის ენა ბევრად დახვეწილი და მოზომილია, ამიტომაც მეტი ყურადღება სჭირდება, რომ შეამჩნიოთ.  

საკმარისია ძაღლს დაუძახოთ და, დიდი ალბათობით, ის თქვენს წინაშე უახლოეს წამებში გაჩნდება. კატები კი, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად სცნობენ საკუთარ სახელს, დაძახებაზე იშვიათად რეაგირებენ. 

კიდევ უამრავი მიზეზი აქვს ძაღლის მეპატრონეს ამტკიცოს, რომ კატები ძაღლებს პატრონის სიყვარულში ვერ შეედრებიან. იგივე შეუძლიათ კატების მოყვარულებსაც. 

შინაური ცხოველის ყოლა ცალსახად დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მნიშვნელობა არ აქვს თქვენ კატის მოყვარული ხართ, თუ ძაღლების, მათზე ზრუნვა მიღებული ემოციებით აუცილებლად კომპენსირდება. 

ამჯერად ჩვენ გთავაზობთ 3 მთავარ მიზეზს, რის გამოც შეუძლებელია უარი თქვათ კატის ყოლაზე და ღირს გარისკოთ ცივი არსებების სახელის მქონე ცხოველებთან დამეგობრება: 

1. ისინი ამშვიდებენ, ამიტომ მათთან ურთიერთობა თერაპიაა.

კვლევებით დადასტურებულია რომ კატას შეუძლია ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დამაწყნარებლად იმოქმედოს მეპატრონეზე. კატების მოფერება ბევრად ბედნიერს გხდით. უფრო ზუსტად კი, კატები 20-დან 140 ჰერცის სიხშირის დიაპაზონით კრუტუნებენ, რაც დადებითად მოქმედებს ზოგიერთი დაავადების მკურნალობის დროს. თუ ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებას დავიჯერებთ, კრუტუნი ამცირებს ორგანიზმში დაძაბულობას, ხელს უწყობს მოტეხილობის და ოპერაციის შემდგომ შეხორცების პროცესს და არეგულირებს არტერიულ წნევას.

2. კატის ყოლა მარტივია პატარა ბინაშიც კი.

ძაღლებისგან განსხვავებით კატებს ნაკლები სივრცეც ჰყოფნით, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ და პოზიტიური ენერგია თქვენც გადაგდონ. ასევე ნაკლებია შანსი რომ კატამ ყეფით მეზობლები გააღვიძოს. ასევე აუცილებელი არ არის მათი ყოველდღიური გეგმიური გასეირნება და სხვა ფიზიკური აქტივობები, თუ თამაში მოგინდებათ და თქვენი კატაც აგყვებათ, ანიმაციური ფილმის "ტომი და ჯერის" უწყინარი სცენების სახლში გამეორებასაც შეძლებთ.

3. კატა შეიძლება გახდეს თქვენი ბავშვის საუკეთესო მეგობარი. 

კატასთან ერთად გაზრდილი ბავშვი სოციალურ ურთიერთობებს უფორ მარტივად ეჩვევა. სახლში თუ კატა ჰყავთ, ისინი ნაკლებად ავადდებიან სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებებით, რადგან მათი იმუნური სისტემა უფრო მაღალია, ვიდრე იმ ბავშვების, ვისაც კატა არა ჰყავთ. ასევე კატები ეხმარებიან იმ ბავშვებს რომლებსაც აუტისტური სპექტრი აქვთ. კვლევამ რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა აჩვენა, რომ აუტიზმით დაავადებულ ბავშვები, რომლებსაც აქვთ კატებთან კონტაქტი, უფრო ხშირად იღიმებიან და ლაპარაკობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ასეთი კონტაქტი არა აქვთ.

ასე რომ, თუკი თქვენც ფიქრობთ, რომ კატა ცივი ხასიათის, უემოციო ცხოველია, გირჩევთ, უკეთ ახლოს გაიცნოთ ის. თქვენი დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლება და იქნებ, მასთან ერთად ცხოვრებამ თქვენი ყოველდღიურობა უფრო მეტი დადებითი ენერგეტიკით გაავსოს?!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system