თავში

ახალი დეტალები კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის შესახებ - VIDEO

ახალი დეტალები კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის შესახებ - VIDEO
ახალი დეტალები კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის შესახებ - VIDEO

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლალი ტურძელაძის თქმით, ბოლნისის რაიონიდან კლინიკაში შეყვანილი ორსული პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც სწრაფმა ტექსტმა კორონავირუსი დაუდასტურა, სტაბილურია. 

ტურძელაძის განმარტებით, ფილტვების მოსმენის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება ჩაითვალა საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს, კომპიუტერული ტომოგრაფია მიზანშეწონილი არ არის. 

რაც შეეხება ნაყოფის მდგომარეობას, მისი გულის ცემა ნორმალურია. 

"დღეს შემოვიდა საქართველოს მოქალაქე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, 15 მარტს გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. არის 25 წლის და 22 კვირის ორსული. მას ჰქონდა ტემპერატურა და სწრაფმა ტესტმა აჩვენა კორონავირუსზე დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენთან. პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. ტემპერატურამ დაიკლო. მიუხედავად იმისა, რომ ორსულია, ფილტვების მოსმენის შემდეგ, გადაწყდა კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება. რაც შეეხება ნაყოფს, ნაყოფი ცოცხალია და გულისცემა ნორმალური აქვს" - განაცხადა ტურძელაძემ.

ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტის ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება. 

ცნობისთვის, ორსულ პაციენტთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ის, მარნეულში დადასტურებული პირველი 62 წლის პაციენტის ნათესავია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორსულ ქალს, სწრაფმა ტესტმა კორონავირუსი დაუდასტურა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. მას შემდეგ, რაც სწრაფი ტესტის პასუხს ლუგარის ლაბორატორია გადაამოწმებს, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, მის მკურნალობაში ჩაერთვებიან, როგორც მეან-გინეკოლოგები, ისე ინფექციონისტები.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო. ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი. ორივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა. კორონავირუსი აღნიშნული პაციენტის დასაც დაუდასტურდა.

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ის 80 წლის მამაკაცია და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

გარდა ამისა, მარნეულიდან იმერეთის საკარანტინო ზონებში 54 ადამიანი გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system