თავში

ახალშობილები ინფიცირებულ დედებთან უნდა დარჩნენ

ახალშობილები ინფიცირებულ დედებთან უნდა დარჩნენ
ახალშობილები ინფიცირებულ დედებთან უნდა დარჩნენ

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ორსულობის დროს იგი კორონავირუსით დაინფიცირდა?  სასურველია თუ არა, რომ ახალშობილი გაჩენის შემდეგ დედასთან დარჩეს? ამ კითხვებს პასუხი ამერიკელმა მეცნიერმა გასცა და ჟურნალ "Breastfeeding Medicine-ში" გამოაქვეყნა. 

მიუხედავად იმისა, რომ "ჯანმო" და ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციები ახალშობილების COVID-19-ით ინფიცირებულ დედებთან დარჩენას უწევენ რეკომენდაციას, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრები თვლიან, რომ დედები და შვილები დროებით უნდა იყვნენ განცალკევებულნი, სანამ დედა ინფექციის მატარებელი იქნება. 

ახალ სტატიაში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის დოქტორი და გინეკოლოგიის პროფესორი ელისონ სტიუბი ამტკიცებს, რომ თუ ბავშვები დაბადების შემდეგ ინფიცირებულ დედასთან დარჩებიან, ეს მათ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე რისკს.  

"არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული დედისაგან ჩვილის დაბადებისთანავე დაშორება ინფიცირების რისკს ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციის დროს განცალკევამ შეიძლება გადაცემის რისკი შეამციროს, ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი იქონიოს როგორც დედის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე”, - წერს მეცნიერი სტატიაში. 

მისი აზრით, ახალშობილს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ დედის სხეულთან კონტაქტი დაამყაროს და ძუძუთი იკვებოს, რაც მისი იმუნური სისტემისთვის საზიანოა. ამ შემთხვევაში კი, ბავშვებში კორონავირუსისა და სხვა ინფექციური დაავადებების რისკი იზრდება. შვილთან დაშორება დედებზეც ცუდად მოქმედებს და ეს ხშირად ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს, ამ დროს კი ორგანიზმს კორონავირუსთან ბრძოლა უფრო გაუჭირდება. 

"განცალკევება ინფიცირებისაგან ვერ დაგვიცავს", - წერს დოქტორი.

მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ვუჰანში ინფიცირებული დედებისაგან დაბადებული 33 ახალშობილიდან 3-ს "SARS-CoV-2-ზე" დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. მაშინაც კი, თუ დაბადებიდან რამდენიმე დღით განცალკევება მოხდება, ეს ვირუსისაგან დაცვის გარანტიას არ იძლევა. 

ავტორი ამტკიცებს, რომ ბავშვები დედებთან აუცილებლად უნდა დარჩნენ და მათ დედისაგან ყველაფერი მიიღონ და გააგრძელონ ძუძუთი კვება. ამ დროს კი დედებმა უნდა დაიცვან საჭირო წესები, ხშირად დაიბანონ ხელები და ატარონ პირბადე. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვზე ზრუნვის საშუალებას არ აძლევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system