თავში

იერუსალიმში აღმოჩენილი 2000 წლის წინანდელი თესლისგან ფინიკის პალმები გაზარდეს

იერუსალიმში 2000 წლის თესლისგან ფინიკის პალმები
იერუსალიმში აღმოჩენილი 2000 წლის წინანდელი თესლისგან ფინიკის პალმები გაზარდეს

იერუსალიმის მახლობლად, იუდეის უდაბნოში აღმოჩენილი 2000 წლის წინანდელი თესლისგან 7 ფინიკის პალმა გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ფინიკის თესლი უძველესია და იგი გვხვდება იუდეველთა მეფის, ჰეროდე I დიდის მიერ აშენებულ სასახლეში, რომელიც ძვ.წ I საუკუნით არის დათარიღებული.

იერუსალიმში მდებარე, ლუი ლ. ბორიკის ბუნებრივი მედიცინის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, სარა სალონმა და მისმა კოლეგებმა ადრე მხოლოდ ერთი ფინიკის პალმის (Phoenix dactylifera) გაზრდა მოახერხეს, ხოლო დღეისათვის გუნდმა უკვე 7 პალმის გაზრდა მოახერხა. მათ უძველესი მცენარის თესლი ჯერ წყალში მოათავსეს, რომელსაც აღმოცენებისათვის ხელისშემწყობ ჰორმონებს უმატებდნენ, ხოლო შემდგომ ნიადაგში გადარგეს.

პალმებზე ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მცენარეების ნაწილი მდედრობითი სქესის იყო, რომელთა დამტვერვაც მახლობელ უბნებში გავრცელებული მამრობითი პალმების მეშვეობით ხდებოდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ძველი ებრაელები ხეების გამრავლებით იყვნენ დაკავებულნი და მცენარეების გასამრავლებლად სელექციის რთულ მეთოდებს იყენებდნენ.

სარა სალონმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ძველი ფინიკის პალმის თესლი გაცილებით დიდია, ვიდრე თანამედროვე პალმის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ნაყოფი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს. მკვლევართა ჯგუფს ამ ეტაპისთვის ფინიკის პალმების საკმარისი რაოდენობა აქვთ იმისათვის, რომ მცენარე გაამრავლონ და უძველესი ხილი გააცოცხლონ.

ამ დრომდე, მსოფლიოში უძველეს მცენარედ ჩინეთის მშრალ ტბასთან არმოჩენილი 1300 წლის წინანდელი წიწვოვანი ლოტოსის თესლი ითვლებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system