ლეილა აბაშიძის ბედისწერა

გარდასახვას ლამობდა ყველგან, რადგან არ აცლიდნენ ეკრანზე გარდასახვას

ამ დღეებში, 1 აგვისტოს, ლეილა აბაშიძის დაბადების დღე იყო. „ფეისბუკმა“ შემახსენა სქროლვისას, უფრო სწორედ ერთ-ერთი გვერდი თუ საიტი გვახსენებდა საზოგადოებას  დიდი მსახიობის დაბადების დღეს….

არ  ვიცი საიდან დავიწყო, ამ მართლაც განუმეორებელი ქალის გახსენება…

ალბათ უხსოვარ ბავშვობიდან, როცა პირველად ვნახე ფილმები მისი მონაწილეობით. ალბათ „ჭრიჭინა“ ვნახე პირველად, ან უფრო „მაია წყნეთელი“, ან შეიძლება სულაც სხვა… ისტორიული ფილმები მიყვარდა და ალბათ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას, მაინც „მაია წყნეთელი“ მოახდენდა…

შემდეგ ის ცოცხალ ისტორიაში შემოიჭრა და იმდენად შთამბეჭდავად, რომ დღესაც კი მახსოვს – ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად გამოვიდა მიტინგზე, მახსოვს მისი მგზნებარე გამოსვლა, ხსენება მაია წყნეთელის…

არ ვიცი მანამდე თუ შემდეგ, ბებიაჩემისგან გავიგე რომ ლეილა აბაშიძე „ჭრიჭინას“ შემდეგ ამერიკულმა პრესამ გამოაცხადა კინოვარსკვლავად და საბჭოეთის მერი პიკფორდად…

მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო გახსენება, იქიდან საიდანაც უკვე დავიწყე, თუ გაზეთ „ეკრანს“ რომ მივწერე წერილი, ლეილა აბაშიძესთან დაკავშირებას, კორდინატებს რომ ვთხოვდი. მახსოვს, მომწერა კიდეც ქალბატონმა სალომე ზვიადაძემ ლეილა აბაშიძის კორდინატები. წერილიც მივწერე, ვუქებდი როლებს, კინოში განსახიერებულს და როლს, რომელსაც თამაშობდა ერის ისტორიაში… შემდეგ ინტერვიუსთვის დავურეკე კიდეც, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ. ინტერვიუ გაზეთ „ნერგისთვის“ მინდოდა, სადაც უკვე კაი ხანია ვიბეჭდებოდი… უარი მითხრა… შემედეგ, 1995 წელს, 18 წლისამ, როგორც კი დავიწყე გაზეთ „ფიქრების“ გამოცემა, ვარსკვლავთან რეკვა განვაახლე…

არ მთანხმდებოდა. შემდეგ, უფროსმა კოლეგამ, ერთობ გულისხმიერმა ქალბატონმა, ჟურნალისტმა ლალა გორდაძემ შემომთავაზა დახმარება და სწორედ მისი ძალისხმევით შედგა შეხვედრაც და ინტერვიუც.

მახსოვს, კარი ახალგაზრდულად შემართულმა ლეილა აბაშიძემ გაგვიღო, არადა უკვე 66 წლის იყო… ნამდვილად არ ეტყობოდა ასაკი, ან ესეც მისი ქარიზმა იყო, ასაკს რომ სადღაც ისვრის, ჰორიზონტს მიღმა…

ამ გადასახედიდან ვფიქრობ რომ ის იყენებდა თავის განუმეორებელ ნიჭს – გარდასახვის, დიახ, იმ დღეს ის გარდაისახა ახალგაზრდა ლეილა აბაშიძედ… განასახიერა ახალგაზრდა ლეილა აბაშიძე, ამას მაფიქრებინებს ის, რომ შემდეგ დღეებშიც, როდესაც ინტერვიუზე ვმუშაობდით, ასაკი უკვე ეტყობოდა…

დიახ, იმ პირველ დღეს, ინტერვიუ არ მოუცია, გაგვიმასპინძლდა, ბევრი ვისაუბრეთ დიქტოფონის გარეშე და ინტერვიუსთვის მომდევნო დღეს დამიბარა. დიქტოფონი არც მერე გაიკარა, ის მიამბობდა და ვიწერდი კალმით… შემდეგ დღეებში  ვაკითხებდი, ვასწორებდით, კვლავ ვამატებდით. იხსენებდა ახალ დეტალებს, ნიუანსებს… ახლა უკვე ქაღალდზე ლამობდა გარდასახვას…

ლამობდა ყველგან, რადგან არ აცლიდნენ ეკრანზე გარდასახვას… მე რომ შევხვდი 1996 წელი იდგა. ზუსტად 10 წელი იყო გასული, რაც ბოლო ფილმი გამოვიდა ეკრანებზე მისი მონაწილეობით – ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“, სადაც ის მანანა იაშვილს ასახიერებდა… მანამდეც უკვე იშვიათად იღებდნენ და „ორომტრიალის“ შემდეგაც არ ღირსებია მას ის ორომტრიალი, რასაც კინოს გადაღება ჰქვია…

დიახ, მე რომ შევხვდი, 10 წელზე მეტი ეკრანს არ იყო გაკარებული, და შემდეგაც არავინ გააკარა, არადა იმ ჩვენი ინტერვიუს შემდეგ კიდევ 22 წელი იცოცხლა…

სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, ანრი ჯოხაძემ სპეციალურად მისთვის დაწერა სცენარი, როლზეც დაითანხმა,  ვიცი, ზუსტად იქ, იმ წამებში იქნებოდა მისი ბედნიერება… მაგრამ ის ფილმი ვერ შედგა, ანრი ჯოხაძემ კლიპში გადაიღო შემდეგ…

განუმეორებელმა არტისტმა, ლეგენდამ  32 წელწადზე მეტი იცოცხლა უეკრანოდ….

ახლა ვაცნობიერებ იმ ტრაგიზმს, რაც სდევდა მის სიტყვებს, რომელიც მე მითხრა და დაჟინებული მოთხოვნით ინტერვიუშიც შემატანინა…

„ვისურვებდი, როცა შენი გაზეთი „ფიქრები“ გამოვა უდიდესი ტირაჟით და ყველაზე მეტი მკითხველი ეყოლება, შენ რედაქტორობასთან ერთად, კინორეჟისორიც ყოფილიყავი და ინტერვიუ კი არა, როლი შემომთავაზო. მე შენში ვხედავ ჭკუას, ნიჭს, ადამიანის სიყვარულს, შებრალების უნარს, მსახიობის შრომის ფასის ცოდნას, მიზანდასახულობას, ემოციურობას, რომელიც ყველა რეჟისორს დაამშვენებს. ეს ჩემგან იყოს წინასწარმეტყველებად და დიდ სურვილად!“

„ფიქრები“ სამწუხაროდ ვერ იქცა ყველაზე დიდ ტირაჟიან გაზეთად, 2 წელიწადში, უსახსრობის გამო იძულებული გავხდი მისი გამოცემა შემეწყვიტა…. სამაგიეროდ, ახდა მისი წინასწარმეტყველება, მე ვიქეცი რეჟისორად… მაგრამ თეატრის რეჟიოსრად და ვერც როლი ვერ შევთავაზე დიდ მსახიობს…

მისგან სახსოვრად დამრჩა დროის მაცნე  – მაჯის საათი, რომელიც ორიოდე წელში დავკარგე მე, მაგრამ არ დაკარგა ხსოვნამ. დრომ ვერ გაახუნა ის საჩუქარი, მასავით განუმეორებელი – ჰოლივოდიდან ჰქონდა ჩამოტანილი, იაპონელების, Casio-ს სპეცსაჩუქარი ჰოლივუდისთვის – მაჯის საათში ჩატვირთული იყო ჰოლივუდის მსახიობების,  პროდიუსერების, რეჟიოსრების საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომრები… ჰქონდა კალენდარი მოკლე ჩანაწერებისთვის, ასევე შეგეძლო დაგემატებინა, შეგენახა კონტაქტები… და ეს მაშინ, 1996 წელს…

ვიხსენებ ახლა და ეს გახსენება მავსებს ნათელი სევდით, თუკი შეიძლება სევდა იყოს ნათელი…

„ახალგარზრდობაში არ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა ყველას უხაროდა ჩემი წარმატება. მაგრამ სამწუხარიდ ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა… ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს… მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს…“

– ამას იმ ინტერვიუში მეუბნებოდა, რომლის შემდეგ კიდევ 22 წელი იცოცხლა უეკრანოდ…

ის პრაქტიკულად 40 წლისა ჩამოაშორეს ეკრანს… მანამდეც და მერეც სიცოცხლე მოუწამლეს მტკივნეული პაუზებით. თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ  მაშინ ცოტა ფილმებს იღებდნენ. ცოტას კი არა, სწორედაც რომ ბევრს იღებდნენ, მაგრამ საკითხავია ვის იღებდნენ?

ლეილა აბაშიძემ სულ 22 ფილმში ითამაშა. ამ 22–დან 14 ფილმში მთავარი როლი განასახიერა. „ქაჯანა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ის ჯერ 12 წლისაც არ  იყო. „ქაჯანას“ მოჰყვა „ოქროს ბილიკი“, „აკაკის აკვანი“ „ქეთო და კოტე“, „გაზაფხული საკენში“… ნიადაგი შემზადდა ვარსკვლავობისთვის და ის მართლაც ვარსკვლავად იქცა. 1954 წელს ეკრანებზე ორად–ორი ფილმი გამოვიდა და ორივეგან ლეილა აბაშიძე იყო მთავარ როლში – „ჭრიჭინა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“.  

მის ფოტოები ეკრა ყველგან – „ცეკას“ კაბინეტებშიც და „საპოჟნიკებთანაც“. იშვიათად რომ ვინმე ყოფილიყოს ლეილასავით პოპულარული.

1956 წელს ეკრანებზე გამოვიდა „აბეზარა“, „ჩვენი ეზო“.

მომდევნო, 1957–58 წლებში ეკრანზე 9 ფილმი გამოვიდა, ცხრავე მის გარეშე, მაგრამ დანაკლისი მალევე ანაზღაურდა – 1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა „მაია წყნეთელი“, „სად არის შენი ბედნიერება მზია“.

მზიას ბედნიერებისა რა გითხრათ, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ  31 წლის ლეილას ეკრანული ბედნიერებაც დაპაუზდა – 4 წლით. ამ ოთხი წლის მანძილზე 46 ფილმი გამოვიდა! ყველა მის გარეშე! ამ პაუზის დროს ის აზერბაიჯანმა გადაიღო მთავარ როლში და ლეილა აბაშიძემ ბედი თეატრში სცადა. მაგრამ არც აქ დაჰყვა ბედი… რეალურად კი ის გაწირეს…

თეატრში სახელგანთქმულ კინოვარსკვლავს როლი მისცეს წყალწყალა პიესაში, წინასწარ მარცხისთვის განწირულ სპექტაკლში. ქართული თეატრის ისტორიას გაკვრით ახსოვს ეს ცრუ–პათეტიკური სპექტაკლი – „ამირანი“ (დაიდგა 1963 წელს, რუსთაველის თეატრში), ეს ჩავარდნილი სპექტაკლი არც იქნებოდა გამორჩეული სხვა ასეთივე აურაცხელი უღიმღამო, გაფუყული სპექტაკლებისგან, რომ არა ისევ ლეილას ფაქტორი… თეატრში როლის ჩავარდნამ საერთოდ აუცრუა გული თეატრზე ლეილა აბაშიძეს, აგორდა ტალღა რომ კინომსახიობმა თეატრში ვერ ივარგა… არადა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას  ლეილა აბაშიძემ გურამ საღარაძესთან ერთად  წარმატებულად ითამაშა თუმანიშვილის დადგმულ ტურგენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“. „ ლეილა აბაშიძე შემდეგ არსად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მოუხელთებელი სიწმინდით სავსე…“ – წერს ნოდარ გურაბანიძე…

1964 წელს ლეილა კინოში ბრუნდება ფილმით „ხევისბერი გოჩა“. იმ წელს ეკრანებზე გამოსული 11 ფილმიდან, ის მხოლოდ ამ ერთ ფილმშია. 1965 წელს გამოსულ 14 ფილმიდან არცერთშია. 1966 წელს ეკრანებზე გამოვიდა 10 ფილმი, ლეილა ორ ფილმში იყო, ორივეგან მთავარ როლში – „შეხვედრა მთაში“, „შეხვედრა წარსულთან“.

და კვლავ 2 წლიანი პაუზა, როლის მოლოდინში, იგი თავად წერს სცენარს და თამაშობს მთავარ როლს ფილმში „მოლოდინი“ (1969წ.). 1970 წელს მხოლოდ ვარდისახარს ასახიერებს „დიდოსტატის მარჯვენაში“. იწყება კვლავ ხანგრძლივი პაუზა – ამჯერად 5 წლიანი… ლეილა მხოლოდ 41 წლისაა… 1971–75 წლებში ეკრანებზე გამოდის 97 ფილმი – ლეილა არც ერთგანაა!!!  კინოში 47 წლის ბრუნდება, 1976, 1977, 1978  წელს თითოჯერ გაიელვებს ეკრანზე და ისევ პაუზა. ისევ პაუზა, სანამ თავად არ გადაიღებს საკუთარ თავს ფილმში „თბილისი- პარიზი-თბილისი“ (1980წ.).

1982 წელს ეკრანებზე გამოვა „ყველა კომეტა როდი ქრება“ – ლეილა აბაშიძის მონაწილეობით. ისევ ქრება ეკრანებიდან.  ვიდრე 1986 წელს ლანა ღოღობერიძის ფილმი არ გამოვა ეკრანებზე – ლეილა მსახიობ ქალს თამაშობს – მანანა იაშვილს. ლეილა აბაშიძე ამ ფილმისთვის პრიზსაც მიიღებს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალში“ ლეილა აბაშიძეს, პრაქტიკულად, არც დასჭირვებია თამაში – მან თავისი ტკივილი ითამაშა კინოში. მისი გმირი მანანა იაშვილიც უროლოდ დარჩენილი ვარსკვლავი იყო….

 „ორომტრიალის“ შემდეგ კვლავ დაიწყება დიდი, უკიდეგანო პაუზა მის შემოქმედებაში, რომელიც მხოლოდ გარდაცვალებამ დაასრულა…

ის 56 წლის ასაკში საბოლოოდ ჩამოაშორეს ეკრანს…  

კინოში 11 წლის მოვიდა. კინო 56 წლისამ დატოვა. რამდენი წელიც იყო ეკრანზე, ერთი იმდენი უეკრანოდ გალია – საკუთარ ჩრდილქვეშ…

ის ხალხს უყვარდა და სწორედ ეს სიყვარული აძლებინებდა მას უკიდეგანო პაუზების დროს.

არადა, მართლა ბევრი არავინ იყო მისებრ პოპულარული. მის ფოტოებს მართლაც ყველგან ნახავდით – ცეკას კაბინეტებშიც, სახლებშიც, საპარიკმახეროებშიც, მართლა „საპოჟნიკებთანაც“.

მას აღარ იღებდნენ კინოში, მაგრამ ის მაინც ათეული წლები ინარჩუნებდა ზე-პოპულარობას.  მაშინაც როცა კინოში იღებდნენ და შემდეგაც, მასზე არათუ ჭორები დადიოდა, ითხზვებოდა და ტალღებად იშლებოდა ლეგენდები, მითები… მაშინ არც ყველთელი პრესა იყო, მითუმეტეს არც სოცქსელები და ის „ზეპირჭორაობის“, თბილისური „ფოლკლორის“ უცვლელი გმირი იყო.

ერთ-ერთი ასეთი მითი, ჭორი თუ ლეგენდა იყო ის, რომ ახალგაზრდა მსახიობმა გოჩა აბაშიძემ თავი სწორედ ლეილა აბაშიძის გამო მოიკლა….

დიახ, თბილისში დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან. რომანი მითი არ ყოფილა, მითი იყო ის, რაც ბევრს სჯეროდა – რომ ბრალი მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძეს მიუძღვოდა. დიახ, თბილისი წლების მანძილზე მას ადანაშაულებდა გოჩა აბაშიძის თვითმკლელობაში.

ამ ბურუსით მოცულ ისტორიას წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის მეუღლემ,  კოპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ 1996 წლის ივნისში, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში ახადა ფარდა.

ფარდა ახადა გოჩა აბაშიძის თვითმკლელობიდან ზუსტად 35 წლის შემდეგ! 

ქალბატონი ნუნუ გაბუნია არ უარყოფდა რომ იმ პერიოდისთვის გაცილებული იყო გოჩა აბაშიძესთან, სწორედ ამ გახმაურებული რომანის გამო, მაგრამ იგი გოჩას სიკვდილში არ ადანაშაულებდა ლეილა აბაშიძეს:

„მე გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა გოჩას ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი „პობედა“ გაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აუივნიდან გადადიოდა. იმ დროს უკვე კინოსტუდიაში მუშაობდა, „თეთრ ქარავანში“ უნდა ეთამაშა მთავარი როლი, სტუდიაში ავანისისთვის მივიდა, რომ ამ ავანისთ მაინც გადაეხადა ვალის ნაწილი. მივიდა, ბატონ ელდარ შენგელაიას სთხოვა ავანსი, მან უთხრა რომ მოხსნილი იყო როლიდან… ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდის, ამასთან მთელი წელი უხელფასოდ რჩებოდა, რადგან ფილმში არ იყო დაკავებული, გაცეცხლებული შევიდა დირქეტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები – შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ სთხოვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავრდა, მას რომ სიკვდილი სდომოდა, მანქანითვე გადაიჩეხებოდა სადმე. ალბათ ამით ვინმეს შეშინება უნდოდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს ყველაფერი ლეილას დააბრალეს, ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…“

ეს მძიმე ჯვარი ზიდა ლეილა აბაშიძემ  ათეულობით წლები…

ლეილა აბაშიძე იყო ბედის ნებიერიც და უკიდირესად უბედურიც. ბედნიერება და უბედურება თითქოს ზოლებად გასდევს მის ცხოვრებას – როგორც ზებრას შავ-თეთრი ზოლები…

ეს ასე იყო იმთავითვე, ბავშვობიდანვე. ჯერ იყო უდარდელი ბავშვობა, რასაც მოჰყვა მამის დახვრეტა, დედის გადასახლება… მახსოვს, ინტერვიუში პირველ კითხვად მასზე დაწერილი პირველი რეცენზიის გახსენება ვთხოვე. ის კი მოგონებებმა შორეულ ციმბირში გადაისროლა…

„გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი რეცენზია ჩემზე, გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე რაიმეს შევქმნიდი კინოხელოვნებაში. ეს მარტო რეცენზია არ იყო, ეს თითქოს წინასწარმეტყველებაც იყო, რომელიც დაიბეჭდა შორეულ ციმბირში, გაზეთში „სიბირსკაია პრავდა“…

ციმბირით გაკვირვება რომ შემატყო, ნაღვლიანად განაგრძო:

„დიახ, ციმბირი…მე ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. მამა კარგად არც კი მახსოვს, მაგრამ უზომოდ მიყვარს… მამას მაღალი თანამდებობა ეჭირა, როცა დააპატიმრეს, მთელი ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით. მისამართი ახლაც მახსოვს – ძველი არბატი, „მედვეჟნი პერეულოკი“… მამა უმიზეზოდ დახვრიტეს 1937 წელს. დედაც გადასახლებაში იყო, და-ძმა ნათესავებთან ვიყავით დატოვებული. მესამე ძმა ციმბირში გაჩნდა.

მამის დახვრეტამდე, მეც ვიყავი ციმბირში და იქ გამართულ კონცერტებში ვმონაწილეობდი. ვკითხულობდი ლექსებს, ვცეკვავდი, და წუთით მაინც ვავიწყებდი პატიმრებს თავის ხვედრს. სხვათა შორის, უკვე აღიარებულ მსახიობს, მამიდამ ერთ-ერთ დაბადების დღეზე ციმბირიდან გამოგზავნილი, გაყვითლებული გაზეთი „სიბირსკაია პრავდა“ გამომიჩინა. იქ ჩემი და მამაჩემის ფოტო და სტატიაც იყო დაბეჭდილი – „მამა-შვილი“. ამ სტატიაში ეწერა: „როდესაც პატარა ლეილა სცენაზე გამოჩნდება, დარბაზი მქუხარე ტაშით ხვდება მომავალ დიდ მსახიობს“. ეს იყო პირველი რეცენზია-წინასწარმეტყველება ჩემზე…“

ციმბირული წინასწარმეტყველება მალე ახდება და პატარა ლეილას ჩამუქებულ ბავშვობას უცებ გადაანათებს და ააფერადებს კინო.

კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. პატარა ლეილა აბაშიძე კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა. იქ კი ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით.

რეჟისორის ასისტენტებმა პატარა ლეილა „დაბრაკეს“ – უარით გამოისტუმრეს…

„რეჟისორის ასისტენტებმა სინჯებიდან უარით გამომისტუმრეს. გულახდილად რომ გითხრათ, ალბათ დამიწუნეს. ამ როლზე, ყველანი ლამაზი, კულულებიანი, გახამებულბაფთიანი გოგონები იყვნენ, თანაც პატრონიანები, იმათ ფონზე არამომგებიანად გამოვიყურებოდი. დამიწუნეს და გამომიშვეს. დახვეულ კიბეს ბიჭურად მოვაჯექი და მეოთხე სართულიდან ძირს დავეშვი. დავეშვი და ვიღაც მამაკაცს დავეჯახე. ის კაცი ნიკოლოზ პიპინაშვილი აღმოჩნდა -„ქაჯანას“ დამდგმელი რეჟისორი. ბატონი კოლია წაბორძიკდა და ქუდი დაუვარდა, მე მივაწოდე.

_ აქ რა გინდოდა გოგონა? _ მკითხა.

_ მე კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს.

_ ძალიან გინდა გადაღება? _ მკითხა თბილად.

_ ძალიან, ძალიან. _ ვუპასუხე გულდაწყვეტილმა.

_ აბა, წამოდი.

მომკიდა ხელი და წამიყვანა, ალბათ ჩემს ბიჭურ ხასიათში დაინახა კატოს ხასიათი.“ – ასე იხსენებდა საკუთარი კინოკარიერის დასაწყისს ლეილა აბაშიძე ჩემთან ინტერვიუში.

„ქაჯანას“ პრემიერა 1941 წლის 27 მაისს შედგა. პრემიერამ დიდი სიხარული და სიხარულზე კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა 11 წლის ლეილას. მალე პატარა მსახიობი პიონერთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკის“ საგზურითაც დააჯილდოვეს. ლეილა 2 დღის ჩასულიც არ იყო ყირიმში და… დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ატყდა ერთი უბედურება. ყირიმი იბომბებოდა,  ზღვაზე მოძრაობა შეწყდა. ბავშვები სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს… აქ საქართველოში უკვე გამოტირებულები ჰყავდათ ბავშვები, ერთი თვის შემდეგ როგორღაც, ბაქოს ბაქოს გამოვლით რომ დაბრუნდნენ თბილისში…

პატარა ლეილამ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით…. ბინა იყიდა. 12 კვადრატულმეტრიანი ოთახი ვერის ბაღთან, ნავთის წერტის თავზე. ასე დაესვა წერტილი ლეილას ოჯახის უსახლკარობას, რაც გამოწვეული იყო ისევ და ისევ მამის დაპატიმრებით, რასაც მოჰყვა ქონების კონფისკაცია და ოჯახის ქუჩაში დატოვება…

სწორედ, იქ, იმ ღარიბულ, ერთ ბეწო ბინაში აკითხავდა მას ეკრანული დედა – ნატო ვაჩნაძე, ვისგანაც პატარა ლეილამ მიიღო და გადაიბარა ვარსკვლავობის ესტაფეტა…  სიმბოლურია, რომ დღეს რუსთაველზე მათი ვარსკვლავები გვერდი-გვერდ აგია….

„ნატო ვაჩნაძე დედაჩემის როლს თამაშობდა და მხოლოდ კადრში კი არა, ცხოვრებაშიც გასაოცარ დედობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ. ომის პერიოდი იყო და ყველას გვიჭირდა. მახსოვს, არაერთხელ დაეხმარა ჩვენს მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს. მთელი ქუჩა გამოეფინებოდა ხოლმე, როდესაც სტუმრად გვეწვეოდა ჩვენს პატარა, ღარიბ ოჯახში. ნატო დედაჩემთან მეგობრობდა, მოჰქონდა საჩუქრები, ტანსაცმელი… ფილმში – „აკაკის აკვანი“ ერთად თამაშის შემდეგ, ქალბატონმა ნატომ, ამ ვარსკვლავმა, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, შემომთავაზა თავის კონცერტში მონაწილეობა. მას გვერდს უმშვენებდნენ თამარ ციციშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, ედიშერ მაღალაშვილი. ამ კონცერტებით მთელი საქართველო მოვიარეთ. ზღვასავით მოედინებოდა ხალხი, ხეიბრები საკაცეებით მოჰყავდათ, რომ ცოცხალი ნატო ეხილათ. მსგავსი პოპულარობა მე არც მინახავს და არც მსმენია. ნატო ღმერთქალი იყო და ჩვენს გვერდით დააბიჯებდა. ჭეშმარიტი ვარსკვლავი იყო და ცაში ვარსკვლავივით გაქრა. გაქრა იმ პერიოდში, როდესაც „ჭრიჭინას“ ვიღებდით. მას პროფესორის ცოლის როლი უნდა ეთამაშა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრა თოიძემ ითამაშა…“ – ამბობდა ჩემთან ინტერვიუში…

მოკლედ, „ჭრიჭინა“ კინოვარსკვლავის გარეშე გადაიღეს, მაგრამ სწორედ „ჭრიჭინაში“ აელვარდა ახალი ვარსკვლავი – ლეილა აბაშიძე.  როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკელებმა მას კინოვარსკვლავის ტიტული სწორედ „ჭრიჭინას“ გამო უბოძეს. 

1954 წელს, ამერიკაში საბჭოთა ფილმების კვირეულის ფარგლებში, „ჭრიჭინას“ ნახვის შემდეგ „დეილი უორკში“ კინოკრიტიკოსი წერდა „ახლა საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი, თავისი მერი პიკფორდი ჰყავთ“.

ინტერვიუში ეს ფაქტი რომ შევახსენე, 40-ზე მეტი წლის წინანდელმა აღიარებამ თავიდან ააელვარა:

„დიახ, ეს ჩემთვის მეტად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. იყო ვარსკვლავი არ ნიშნავს იბეჭდებოდე დიდი შრიფტით,შენი სახელით აჭრელებული იყოს პრესა, ან გამუდმებით ჩანდე ტელეეკრანზე. ვარსკვლავი მაშინ ხარ, როდესაც ადამიანის გულებს დაიპყრობ. ეს ჩემი კი არა, დევიდ გიფიტის სიტყვებია. რამდენად მოვახერხე ამ მძიმე ტვირთის ზიდვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ხალხის უსაზღვრო სიყვარულს კი ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ალბათ ეს მაცოცხლებს და მასულდგმულებს.“

ლეილა აბაშიძე – ქართველი სექსბომბა

მას არც მაყურებლის სიყვარული და თაყვანისცემა აკლდა, როგორც  კინოვარსკვლავს, და არც  მამაკაცთა თაყვანისცემა – როგორც ქალს.

მისი თანაკურსელი დიანა კესნერი იხსენებდა რომ მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოსფესტივალზე, 1975 წელს, ჩალმამოხვეული ლეილა აბაშიძე „ათას ერთი ღამის“ პრინცესას გავდა და მამაკაცთა ყურადღების ცენტრში იყო, არადა იმ წელს მოსკოვს სტუმრობდნენ სოფი ლორენი, ლიზ ტეილორი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარინა ვლადი… ძლიერ სქესის ღირსებას  კი იცავდნენ რიჩარდ ბარტონი, მარჩელო მასტროიანი, დინ რიდი, დანიელ ოლბრეხტი… როგორც დიანა კესნერი იხსენებს, ამ ფესტივალმა ლეილას დიდების გარდა, სიურპრიზიც მოუტანა, სასიამოვნო, მაგრამ მეტიმსტად საჩოთირო…

ლეილა აბაშიძეს ხელი ორმა ფინანსურმა მაგნატმა, ორმა მულტიმილიონერმა სთხოვა – ეგვპიტელმა და მექსიკელმა. ეგვიპტელი პირდებოდა საკუთარ კინოსტუდიის გახსნას, სადაც ლეილა იმოღვაწევობდა როგორც კინორეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, სრული ბატონ-პატრონი იქნებოდა იმ კინოსტუდიის, სანაცვლოდ კი სარეცელი უნდა გაეზიარებინა იმ ეგვიპტელის ორ ცოლთან ერთად.

მექსიკელი  მსახიობი და რეჟისორი, სიმპატიური (თუმც კი 70-ს მიტანებული) ემილიო ფერნანდესი  კი მას თავსა და მილიონებს სთავაზობდა.

ლეილა აბაშიძემ რომ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა ეს ფაქტია.

ეს იქ მოსკოვში, აქ, თბილისში კი ამბობენ რომ მას არც აქ აკლდა მსგავსი წინადადებები. თბილისში დღესაც ახსოვთ, რომ ის რეზო ჩხეიძეს უყვარდა, უყვარდა და ცოლობასაც სთხოვდა. მაგრამ რატომღაც ლეილამ უარი თქვა…

ლეილა აბაშიძე და რეზო ჩხეიძე

თბილისში დღესაც იხსენებენ სხვა ტრფობის ისტორიებსაც… ამ ყოველივეს ხელს უწყობდა  ლეილა აბაშიძის ბორგნეული ხასიათიც, ქალური ხიბლიც და სითამამეც. სექსუალურობაც და ელეგენატურობაც. დიახ, ლეილა აბაშიძე, ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართველი მსახიობი ქალი იყო, რომელიც სექსბომბის ტიტულითაც სარგებლობდა მაყურებელშიც და ქალაქშიც.

და რაც პარადოქსია, ეს ხდებოდა „ბიჭურობის“ პარალელურად…

ეს პარადქოსი კი მხოლოდ მისი დიდი არტისტული დიაპაზონით აიხსენება –

ის იყო ქალაქელი სექსუალური ქალიც, მძღოლიც, სოფლელი გოგონაც, ახტაჯანაც, ქალაბიჭაც, გმირი ქალიც…  ქართულმა კინომ, ასე თუ ისე გამოიყენა მისი მრავალგვარობა. მისი ბიჭური ხასიათი ქართულმა კინომ გამოიყენა ფილმში „მაია წყნეთელი“.

მაია წყნეთელი მსახიობის უსაყვარლესი როლი იყო…

ლეილა აბაშიძე: „მე პირველი შვილი ვიყავი, მამაჩემი კი თურმე ბიჭის შეძენაზე ოცნებოდა, ამიტომ სანამ ჩემი მომდევნო ძმა გაჩნდებოდა, ბიჭურადაც კი მაცმევდნენ. სადღაც მაქვს შემონახული ფოტო, ფაფახიც კი მახურავს. მამას ნადირობა უყვარდა და მახსოვს სულ მპირდებოდა, სანადიროდ წაგიყვანო… ალბათ, ამანაც განაპირობა ასე ადვილად რომ შევძელი მაია წყნეთელად გარდასახვა, ქალაბიჭას როლის თამაში. სხვათა შორის, ბავშვობაში, მამისაგან ნასწავლი მთიულურის რამდენიმე ილეთი ფილმშიც გამომადგა. ილიკო სუხიშვილს, როდესაც ცეკვაში მამეცადინებდა, გაუკვირდა კიდეც ილეთები პირველივე რეპეტიციებზე რომ ავითვისე.

/ჩემი ინტერვიუდან/

“მე თვითონ მიკვირს ის გარდასახვა, რომელიც ჩემში მოხდა. ზოგიერთ კადრში მართლა პირწავარდნილი ბიჭი ვარ… ეს კი არც ისე ადვილი იყო. ყოველდღე, დილის ხუთ საათზე ვდგებოდი, ვატარებდი 12-კილოგრამიან ტვირთს – აბჯარს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დილიდან საღამომდე ცხენზე ვიჯექი. მაგრამ რადგანაც გმირი ქალის როლს ვთამაშობდი, შინაგანად მეც გავკაჟდი და საოცარი ძალა მომეცა. ცხენით სიარული სპეციალურად ამ როლისთვის ვისწავლე. მე ხომ აბაშიძის ქალი ვარ. ჩემს ოჯახში დღემდე შემონახულია ბებიაჩემის ქალური უნაგირი, ბებია – ბარათაშვილის ქალი, შესანიშნავი მხედარი იყო. თურმე არაერთ ასპარეზობაში მონაწილეობდა. ცხენზე ამხედრებული ვარ სხვა ფილმებშიც – „შეხვედრა მთაში“,  „მოლოდინი“.

“მაია ჩემი უსაყვარლესი როლია. იგი მანამდე ნათამაშევ როლებზე ამაღლდა იმით, რომ ჰეროიკული და ღრმად ეროვნულია. უზომოდ მახარებს ის, რომ ამ ფილმის შემდეგ ძალიან გავრცელდა სახელი მაია… მაშინ ბევრი, მივიწყებული გმირი ქალის საპატივსაცემოდ არქმევდნენ ამ სახელს…“ – იხსენებდა ლეილა აბაშიძე ჩემთან ინტერვიუში…

კადრი ფილმიდან “მაია წყნეთელი”

„აბეზარა“ – 2 წვეთი ბენზინი

ლეილა აბაშიძე ქართულ კინოში მარტო ცხენოსანი არ ყოფილა. ის პირველი ქალია, ვინც ქართველ კინომაყურებელს საჭესთან გამოეცხადა – მძღოლი გოგონას როლი ითამაშა „აბეზარაში“, თუმცა ქალბატონი ლეილა აღიარებდა, რომ უკეთესი ცხენოსანი იყო, ვიდრე მძღოლი – „როცა „აბეზარას“ ვიღებდით, ორი-სამი ქალი იჯდა საჭესთან. მოძრაობა ისეთი იშვიათი იყო, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერავის დავეჯახებოდი. ახლა კი ძალიან გამიჭირდება საჭესთან…“

საინტერესო შტრიხი: ლეილა აბაშიძეს, „აბეზარას“ ყოველი გადაღების წინ, „შოფრულ“ სულს რომ ღრმად ჩასწდომოდა, ჩვევად ჰქონდა, რამდენიმე წვეთ ბენზინს სუნამოსავით იპკურებდა და გადასაღებ მოედანზე ისე გადიოდა…

ფრაგმენტი ინტერვიუდან

/გაზეთი “ფიქრები”, 1996 წელი, № 2/

__ ქალბატონო ლეილა, რა დამოკიდებულება გქონდათ თეატრთან?

_ თეატრი ბედნიერებაა, ყოველდღიური ტრენაჟია და კიდევ მხატვრულ სახეზე დაუსრულებლად მუშაობის და დახვეწის საშუალება. კინოში ეს შესაძლებლობა არ გვაქვს – ერთხელ ნათამაშევი და განცდილი სამუდამოდ რჩება. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვგრძნობ თეატრში მუშაობის აუცილებლობას, მაგრამ ეს უფლება რატომრაც წაგვართვეს. საოცარია – არსებობდეს კინომსახიობთა თეატრი და ჩვენ (ვგულისხმობჩემს მეგობრებს და კოლეგებს, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწილი დასდეს ქართულ კინოს), ჯერ კიდევ კარგ აქტიორულ ფორმაში მყოფნი, თეატრის კარს მიღმა ვიყოთ! მათ შორის მეც!

 ბატონი მიხეილ თუმანიშვილი პირადად ჩემი პედაგოგია და დღესაც ამაყობს მის მიერ დადგმული ჩვენი სადიპლომო სპექტაკლით „ერთი თვე სპფლად“(ტურგენევი), სადაც მე ვთამაშობდი ნატალი პეტროვნას. ამ სპექტაკლის შემდეგ ახალინსტიტუტდამთავრებულები:მე, რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე დაგვტოვეს თეატრში, რუსთაველის თეატრში! ხომ წარმოგიდგენიათ რა იმედებს ამყარებდნენ ჩვენზე. რამაზმა და გურამმა როგორც ხედავთ გაამართლეს და მერე როგორ? მეამაყება რომ ჩვენ კურსელები ვართ, მაგრამ მე?

ბევრი მეკითხება, თეატრში რატომ არ ხართო და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი სურვილი მაქვს ვიყო თეატრში. ნუთუ კინომსახიობთა თეატრსი მაინც არ არის ჩვენი ადგილი?

მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემს საყვარელ პედაგოგ მიხეილ თუმანიშვილთან, მან ხომ თეატრალურ ხელოვნებას მაზიარა…

_როგორი გრძნობა გიჩნდებათ, როცა გადაღება მთავრდება და თქვენს გმირს ემშვიდობებით?

_როცა გადაღება მთავრდება, საშინელი. ასე მგონია უსაყვარლესი ადამიანი დავკარგე. დაობლებული დავდივარ. როცა ახალი სამუსაო გამოჩნდება, კვლავ ბედნიერი და ხალისიანი ვხდები.

_ ქალბატონო ლეილა, თქვენ კარგა ხანია არ ჩანხართ ეკრანზე, რატომ?

_ისევე როგორც თქვენთვის, მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარია, მე ვცდილობ, მუდამ კარგ აქტიორულ ფორმაში ვიყო და მუდამ ველი სამუშაოს.

_ რატომ არ იბრძვით მისაღწევად?

_მე ძალიან მიყვარს რომენ როლანის გამონათქვამი: ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა კი სიამოვნება. მაგრამ მე თავად მებრძოლი არ გახლავართ. მხოლოდ ეკრანზე ვიქნევდი ხმალს.იცით რა, ის რაც ჩემს ადამიანურ ღირსებას შელახავს, მიუღებლად მიმაჩნია. მე ყოველთვის ცხოვრებისეული მოკრძალება და სიამაყე მჯაბნიდა. ალბათ ეს ჩემი ნაკლია, რომელმაც წლები დამაკარგინა…

ლეილა აბაშიძე – სცენარის ავტორი და რეჟისორი

მოგვიანებით როგორც სცენარისტმა და რეჟისორმაც სცადა ბედი. ამისკენ ალბათ ისევ და ისევ პაუზებმა და იმან უბიძგა, რომ რეჟისორებს სხვისკენ გაურბოდათ თვალი, სცენარისტებიც აღარ თხზავდნენ მისთვის…

ფილმში „პარიზი-თბილისი-პარიზი“ სამ ამპლუაში მოგვევლინა – სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსურლებელი.

მისი სცენარითაა გადაღებული „მოლოდინი“, სადაც მთავარ როლს თამაშობს.

 დიანა კესნერის მტკიცებით, თენგიზ აბულაძემ „სხვისი შვილებიც“, ლეილას სცენარის ვარიანტის მიხედვით გადაიღო.

როგორც კესნერი ამტკიცებდა, ლეილას ეს ისტორია გაზეთში წაუკითხავს, აღელვებულა და აზარტულად უმუშავია, მისი დაწერილი სცენარი კინოსტუდიას შეუძენია და ავანსად 10 ათასი მანეთიც გადაუხდია. ამ სცენარით თენგიზ აბულაძე დაინტერესებულა, ამ დროს რეზო ჩხეიძეს ლეილასთვის მაია წყნეთელის როლი შეუთავაზებია, ლეილასაც ყველაფერი მიუტოვებია და გადაღებებზე წასულა. აბულაძე იძულებული გამხდარა სხვა სცენარისტი აეყვანა, რადგან სცენარისტის როლი არ მთავრდება ტექსტის დაწერით, ის როგორც წესი აქტიურად მონაწილეობს კინოწარმოებაში და სცენარიც იცვლება გზადა გზა პირვანდელი ვარიანტისგან გასხვავებითო… კესნერის მტკიცებით იგივე ბედი ეწია ლეილას მეორე სცენარსაც. ხანგრძლივი პაუზის დროს, ლეილა აბაშიძეს გიკ-ში, სასცენარო ფაკულტეტზე, ჩუხრაის სახელოსნოში ჩაუბარებია, მის ხელში კვლავ მოხვედრილა ნარკვევი, სადაც ნაამბობი იყო დეზერტირ ჯარისკაცის და დედამისის დრამატულ ბედზე – დედა იძულებულია შვილი დამალოს სხვენში. ლეილამ მოქმედება გადმოიტანა სვანეთში და დედის როლი შეთხზა თავისთვის. ჩუხრაი აღფრთოვანებულა ლეილას ნაწერით. ლეილასთვის შეუთავაზებია ერთად ემუშავათ ფილმზე – ერთი პირობით, სიუჟეტი უნდა „გაერუსებინათ“ და დედის როლიც რუს მსახიობს უნდა ეთამაშა. ლეილამ უარი თქვა. ჩუხრაი იწვევს ვიქტორ მერეჟკოს და იქმნება ახალი სცენარი და როლი – ნონა მორდიუკოვასთვის. ნონა მმორდიუკოვა დედის როლით სსრკ პრემიის ლაურეატი გახდა….

როლების მოლოდინში გალეული წუთისოფელი

ლეილა კი, ცხოვრობდა საკუთარ ჩრდილქვეშ, წერდა ლექსებს, უვლიდა ყვავილებს, ოცნებობდა ისევ კინოზე და გადასაღები მოედნის ნაცვლად სამზარეულოში ტრიალებდა. მაყურებლის ნაცვლად, სტუმრებს უმასპინძლდებოდა….

„ვგონებ, უკეთესი დიასახლისი ვარ, ვიდრე მსახიობი. ჩვენს დუხჭირ დროში საოცარი იმპროვიზაციის ნიჭი აღმომაჩნდა. ზოგჯერ არაფრისგან ვქმნი რაღაცას. გურმანი არა ვარ. მიყვარს სტუმრების პატივისცემა. თავად კი შემიძლია, ფინჯან ყავაზე გადავიარო. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც ვამჯობინებ, ვჭამო ის, რაც სასარგებლოა და არა ის, რაც გემრიელია. აი, ეს იქნება ჩემი რეცეპტი ყველა ქალისთვის“.

როლების ლოდინში გაირბინა მისმა ცხოვრებამ…

როგორც გითხარით იგი ამბობდა -„დაუოკებელი სურვილი მქონდა ბედნიერი ვყოფილიყავი, ეს წყურვილი დღესაც მკლავს“

ის მოკლეს მწყურვალი ბედნიერების…

როლი, რომელიც მას ასცდა და ჩაუარა, არადა უნდოდა – ფუფალა „ნატვრის ხეში“… ხმამაღლა ვერც ამბობდა ამ თავის ნატვრას, „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლიდან 20 წლის მერეც… 

რეზო შატაკიშვილი

თბილისი, 6 აგვისტო, 2022 წელი

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

დატოვე კომენტარი