ნედ ჰეიგის კრეატივი – 7-კაცას 150-წლიანი ისტორია

15-კაცა რაგბის გარდა, დღესდღეობით ქომაგი კარგად იცნობს 7-კაცა რაგბის, რომელიც უკვე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია. წამყვანი სარაგბო ქვეყნების ხაზის მოთამაშეთა დიდ ნაწილს, სწორედ 7-კაცას სკოლა აქვს გავლილი. რაგბი7 151 წლის წინ, შოტლანდიაში დაიბადა…

რაგბის კლუბი ‘მელროუზი’ 2-3 წლის დაარსებული იყო და მოსაძლიერებლად სახსრები ჭირდებოდა. ადგილობრივმა ყასაბმა და გუნდის მოთამაშემ ნედ ჰეიგმა საინტერესო გამოსავალი იპოვა – სარაგბო ტურნირის ჩატარება. იმისათვის, რომ თამაშები ერთ დღეში ჩატარებულიყო, ნედმა ასეთი პირობა წამოაყენა – გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა 7-მდე, ხოლო სათამაშო დრო 15 წუთამდე შემცირებულიყო. ჰეიგს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ ცვლილებებით რაგბის ახალ მიმდევრობას უყრიდა საფუძველს – რაგბი 7-ს, რომელმაც ბოლო წლებში მთელი მსოფლიო მოიცვა.

Melrose Sevens-ის პირველი ტურნირი 1872 წლის 28 აპრილს ჩატარდა და მასში 4-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: თავად მელროუზის და სამი უახლოესი ქალაქის – გალა, სელკირკი და ჯედ-ფორესტი. ტურნირმა დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც სახსრების შეგროვების, ასევე სანახაობის კუთხით. მორაგბეთა რაოდენობის შემცირების შედეგად, მოედანზე გაჩნდა სივრცეები და თამაშები სწრაფი, ღია და ამაღელვებელი საყურებელი გამოდგა. 

ასე დაიბადა რაგბი7 და Melrose Sevens-ის პირველი ტურნირი იმდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რომ ის ყოველწლიური გახდა. წლიდან წლამდე მატულობდა როგორც მონაწილე გუნდების, ასევე მაყურებლების რაოდენობა. ყველას იზიდავდა მეგობრული ატმოსფერო და დინამიური სანახაობა. 7-კაცა რაგბის ფორმატმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ის სწრაფად გასცდა შოტლანდიის ფარგლებს, მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოს მოედო. 

2016 წლიდან რაგბი7 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბი მესამედ იქნება წარმოდგენილი. საქართველოს 7-კაცა ნაკრები ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ამა წლის 25-27 ივნისს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იბრძოლებს. მანამდე და მერე მას რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპი ელის – 9-11 ივნისს ალგარვეში (პორტუგალია) და 7-9 ივლისს ჰამბურგში.