სიახლეები

17:28 | 13.11.2017 | ნანახია 1479 - ჯერ

გუჯა სურგულაძის ხსოვნის ტურნირი

‘ლელო-სარასენსისა’ და მზარდი საქართველოს მორაგბეს, ქვეყნის 4-გზის ჩემპიონ ელგუჯა (გუჯა) სურგულაძეს, როგორც თავად ამბობდა, 12 ნოემბერს 24+1 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღის აღსანიშნავად მისი მშობლიური კლუბის, ‘ლელო-სარასენსის’ ორგანიზებით დიდ დიღომში, ‘ლელო არენაზე’ 8-წლამდე მორაგბეთა შორის გუჯა სურგულაძის ხსოვნის ტურნირი გაიმართა. ‘ლელო-დიდი დიღომის’ 8-წლამდე მორაგბეთა გუნდს სწორედ გუჯა სურგულაძე ავარჯიშებდა და ამ ასაკობრივ ჯგუფზე არჩევანი ამის გამო შეჩერდა. ტურნირის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული გუჯას ყოფილი მოსწავლეების მშობლები.

მასში მონაწილეობა 8 გუნდმა (150-ზე მეტი მოთამაშე) მიიღო: ლელო-სარასენსი, ლელო-დიდი დიღომი, წიქარა, ხვამლი, აკადემია, ხარები, იუნკერი-ჩოხოსნები და არმაზი. ისინი ორ 4-გუნდა ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული და პირველადგილოსნებმა ჩემპიონობისთვის იბურთავეს, მეორეადგილოსნებმა მესამე პოზიციისთვის და ასე შემდეგ. თითო გუნდს 4 თამაში გამოუვიდა და ჩემპიონი ხვამლი გახდა, რომელმაც ფინალში ლელო-საბურთალო დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილზე გუჯა სურგულაძის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული ლელო-დიდი დიღომი გავიდა.

ტურნირს გუჯა სურგულაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ‘ლელო-სარასენსის’ მორაგბეები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. გამარჯვებული გუნდი ‘ლელო-სარასენსის’ პრეზიდენტმა ბათუ კევლიშვილმა და გუჯას პირველმა მწვრთნელმა შურა თაყაიშვილმა დააჯილდოვა, დანარჩენ გუნდებს კი პრიზები ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გადასცეს.

პრიზის გარეშე არცერთი გუნდი არ დარჩენილა. გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც, რომელმაც ბორჯღალოსნების ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი მიიღო. ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა მესამე ტაიმი და ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

იყო სხვა პრიზებიც. ბავშვებს რაგბის თემატიკასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს და 30-მა იღბლიანმა, რომლებმაც კითხვებზე პასუხები გასცეს, საჩუქრად მამუკა გორგოძის ბიოგრაფიული წიგნი მიიღეს.

ტურნირი ყოველწლიური გახდება და ის ტრადიციულად 12 ნოემბერს, გუჯა სურგულაძის დაბადების დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, გუჯა სურგულაძე ამა წლის 21 მაისს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083132