Teona's Reviews > ვა, სოფელო...

ვა, სოფელო... by Zaira Arsenishvili
Rate this book
Clear rating

by
14591550
's review

it was amazing
bookshelves: favorites

***
ევა შემკრთალი წამოდგა და ზურგით მიეყუდა ბუხრის თავს. მარომ სწრაფად გაიწოდა ხელი ევას ერთბაშად თავიდან თავშალი გადააძრო და ყურის ბიბილოები გამოუჩინა:

-ფუუ! ფუუ! ფუუ! – ყელში შეკუმშული ბოღმა ფურთხად ამოანთხია მარომ და ახლა ხატისკენ გაიწოდა ხელი.
– არ მიეკარო! ხელი არ მოჰკიდო! – თქვა ევამ და პირით ხატისკენ შებრუნდა.
– რაო, რაოო?! ხელი არ ვახლოო?! ხელი კი არა, ფეხით უნდა შევდგე! ფეხით! – და მარომ ევას მხარში მოჰკიდა ხელი და გვერდზე გასწია.
ევა ხელებით ჩაებღაუჭა ბუხრის თავს, მაგრამ მარომ მეორე ხელით ღონიერად ამოჰკრა ქვევიდან და ბუხრის თავს მოაშორა. ევა დაბარბაცდა, კინაღამ წაიქცა, მაგრამ მაინც შეიკავა თავი და მაროს, რომელიც ის იყო ხატს უნდა მისწვდომოდა, ხელზე დაებღაუჭა. მარომ ახლა ძალით გამოჰგლიჯა ხელი და თან ისე უბიძგა, ევა შეტორტმანდა და ტახტზე ჩაჯდა.

ახლა უკვე იმედი გადაიწურა, რომ მაროსთან ძალით რაიმეს გახდებოდა... ტახტიდან მაშინვე წამოიწია და მაროს შეღაღადა:
– ნუუ, მაროო, ნუუ, ქალო, ნუუ, მარო.
მარომ ხატი ბუხრის თავიდან ჩამოიღო, ევა მუხლებზე დაეცა მაროს წინ და გზა გადაუღობა:
– ნუუ, შენი ჭირიმე, ნუ წამართმევ, მარო, ნუ, ქალო, ნუუ, ნუუ, ნუუუ... მარტო ეს დამანებე, მარტო ესა.

ასეთი მავედრებელი ევა არასოდეს არ უნახავს მაროს. ამდენი ხანი ამისი რძალი იყო და საალერსო კი არა, ერთი ტკბილი სიტყვა არ ახსოვდა მაროს, და ეხლა ამ რაღაცა დადღაბნილ ხატზე, ეს გულქვა ესა, შენი ჭირიმეო, ეუბნებოდა. ოოო, ეს ასპიტი ესა! ქმარს თავი რო მოაკვლევინა და ერთი ცრემლი არ გადამოვარდნია! მერედა, როგორ მოაკვლევინა! ისე უღმრთოდ, ისე საშინლად! საწყალი მამამთილის ჯავრიც უნდა ამოიყაროს მარომ, მადლიც იქნება, სხვის დასანახადაც კი რომ არ გადმოუგდია ერთი ცრემლი! ქმარი კი არა, მარომ ერთხელ რამდენი იტირა, მისი გამოკვებილი ღორი რომ წამოაქციეს, ღორი გარეთა ჭყიოდა, მარო შიგნითა ტიროდა. ასეთი გული აქვს მაროს! მამამთილი რა გულმდუღარედ დაიტირა?! ყოჩაღ, მაგის ქალობასო, მთელი უბანი ამასა ღაღადებდა! მე, გენაცვალეთ, გული მაქვს, გული, მაგასავით ლოდი კი არ მიდევს გულის ადგილას. ჰოო?! ახლა ხომ მიაკვლია, ამ ალქაჯს რაც გაუპობდა გულს?! ბოლოს და ბოლოს, ხომ გაიგო, ამ ხესა და ქვას გულს რაც ატკენდა, რაც დაზაფრავდა, ამ უცრემლო, ყოველთვის მოკრიალებულ, ფართოდ გახელილ თვალებს ცრემლს რაც ჩამოადენდა! და მაროს შურისძიების ისეთი ავხორცი ჟინი მოეძალა, დაესაჯა ევა! გული ეტკინა! შური ეძია თავისი თავისათვისაც! თავისი ოჯახისთვისაც! ჯანდაბას ის ზურმუხტებიც! ჯანდაბას ის ოხრად დასარჩენი საყურეებიცა და ბეჭედიც! ჯანდაბას ყველაფერი! უნდა მოუკლას გული! უნდა ჩააყაროს თვალში ნაცარი! რაკი არის რაღაც ისეთი, რაც შესძრავს ამ ქვასა და კლდეს! მარომ ხატი ხელში შეათამაშა.

ევა მაროს კაბის კალთაზე დაეჭიდა: – ნუ დაიდებ ჩემს ცოდვას, მარო! – ხმა აუკანკალდა და თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები.
ცოდვასო? ცოდვასო? ამ სიტყვამ მარო მთლად გადარია:
– რომელ ცოდვას მეუბნები, შე წასაწყმედო, შენა, რომელ ცოდვას, რომელს! – დაიღრიალა მარომ, ხატი ერთბაშად დააპირქვავა და აგიზგიზებულ ცეცხლს ზედ დაამხო, – ის საცოდავი მაკა შემოინარცხე! წადი, აბა, ნახე, კიდევ ითამაშეთ კარტი! ითამაშეთ! ითამაშეთ! (წეღან საპარიკმახეროში ამბობდა მაკაზე, ძაღლი მიაკვდა სულშიო), – ყვიროდა მარო.

ტკაცატკუცით მოეკიდა ცეცხლი გამომშრალ ხესა და საღებავს... ევამ ერთი ამოიკვნესა და სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ მაშინვე გონს მოეგო და მაშას სტაცა ხელი. მაროც მოულოდნელად შედრკა... რაღაც დაემართა... და სანამ ევა მაშით გამოათრევდა ხატს, მარო ცეცხლს არ მოერიდა, ხელი ჩაყო და ცეცხლმოდებული ხატი ბუხრის წინ დააგდო. ხატს ბიკონივით ეკიდა ცეცხლი... ტკრციალით იწვოდა...ევამ რაღაც ფლასს სტაცა ხელი და ხატს ზევიდან დააგდო ცეცხლის ჩასაქრობად. და როცა ცეცხლი ჩააქრო, ალაგ-ალაგ დანახშირებულ ფიცარს ფიცარს საღებავის კვალიც აღარ ეტყობოდა. მხოლოდ ერთგან მკრთალად ჩანდა ცხენის აწეული ფლოქვი, სხვა ყოველივე ცეცხლს გადაეშალა.

***

ჩვენი მეზობელი კი, ვახვახიანთ სანდრო, თავადი გიგოს ვაჟი, მართალია, ხმითა და სიმღერით არ გამოირჩეოდა, თუმცა კარგ როხროხა ბანს ამბობდა, დილის საარით იყო განთქმული, არცერთი მისი ქეიფი, რიჟრაჟზე საარით არ დამთვარებულიყო, არ იქნებოდა, შემოსხავდა მედუდუკეთა დასტას დიდი „ჭანდრის“ დაბლითა ტოტებზე, – გარემოს კარგად მოეფინოს თქვენი ღუღუნიო, ჩემო მგალობელო ჩიტებოვო, თვითონ კი, თავის ამფსონებთან ერთად ჭადრის ამოკუზულ ფესვებზე ჩამომჯდარი, სმენას იტკბობდა და ნაბახუსევ გუნებას იამებდა... ახლაც გაფრთხილებული ჰყავდა თავისი მედუდუკენი, იცოდეთ, ღამეს რიჟრაჟი რომ შეეპარება, რცხილაძიანთ თუთაზე უნდა შემოსხდეთო. პატარძალსაც ომახიანად შესძახა: იცოდე, ნინა, შენი სვლა და გოგმანი საქორწინო სარეცელისკენ საარის ღუღუნით უნდა დაგვირგვინდესო!

***
ვეღარ ჩერდებოდა, სახეზე ღვიარება ჩამოსდიოდა და მოთქვამდა და მოთქვამდა, მთლად გადანათდა. გული უთრთოდა, თავსაც მთელი ძალით გაიქნევდა ხოლმე და ცრემლიან თვალებსაც სიბრაზით გააელვებდა, მერე ისე აჭყლოპინდა, სიტყვები ჩაეხშო, ბებიამ პალტო ფიცხლავ გადადო. ჩიკოს ხელი მოჰკიდა, მე გავიქეცი სამზარეულოში, ლიტრით წყალი გამოვარბენინე, ბებია მაკამაც თავი ანება მუშაობას, ბებია გულში იკრავდა, ამშვიდებდა, დაგიწერ, როგორც შენ გინდაო, დღესვე გაგიგზავნი შეკვეთილ წერილსო. სტალინი ისეთია, აუცილებლად შეგისრულებს, რასაც სთხოვო, მაგრამ მჯერა ამასობაში შენი კარგი მშობლებიც დაბრუნდებიანო, აბა, ერთი ეს წყალი დალიე და დამშვიდდიო... ბებია მაკაც მგზნებარედ ჩაერთო ჩიკოს მოფერებასა და დაშოშმინებაში, სანამ ძია სტალინი შენ მშობლებთან გაგზავნის, ჩვენთან მოდი ხოლმეო თუ გინდა, ღამეც ჩვენთან დარჩიო, მეც დავძახოდი: კარგი რაა, კარგი რაა-მეთქი. ჩიკოც ვერა და ვეღარ ჩერდებოდა და ისეთი ღავღავი იდგა ბებია მაკას დარბაზში, ისეთი, რომ რაღა მეც ბრაზი მომდიოდა ჩიკოზე, ისეთი ისტერიკა რომ აუტყდა, ბებია მაკასი მერიდებოდა და თან გული მწყდებოდა, მთელი ჩვენი ქება გაგვიქარწყლა-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, ამდენი მოფერებითა და შეძახილით რომ ჩაცხრა და ჩაშოშმინდა, ასეთი ქარიშხლის შემდეგ ტახტზე საცოდავად აიბუზა, თავიც ისე გადახარა, თითქოს უცებ ყური ასტკივდაო, ხოლო დაშაშრულ ლოყებზე ჯერ ისევ ჰქონდა შერჩენილი ცრემლების ნამი. ახლა უკვე მთელი ძალით, ცოცხლად წარმოვიდგინე როგორ აიბუეს, ცასა და ქვეყანას შორის მარტოდ დარჩენილი.
flag

Sign into Goodreads to see if any of your friends have read ვა, სოფელო....
Sign In »

Reading Progress

May 15, 2023 – Started Reading
May 15, 2023 – Shelved
July 10, 2023 – Shelved as: favorites
July 10, 2023 – Finished Reading

No comments have been added yet.