ძილის წინ საკითხავი (და არა მხოლოდ) ძილის წინ საკითხავი (და არა მხოლოდ) ყველა ეპოქას თავისი მეზღაპრე ჰყავს.
თუკი რაიმე გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან, უფრო სწორად, იმ დაუვიწყარი წუთებიდან, რომლებიც წინ უძღოდა ჩვენს ჩაძინებებს, ეს ამ მეზღაპრეთა მიერ შეთხზული ამბებია …
სხვისი არ ვიცი და, მე იმ წიგნებსაც ჩემ მიერ წაკითხულებად ვთვლი, რომელთაც ძილის წინ მიკითხავდნენ ჩემი მშობლები, უპირველეს ყოვლისა კი დაუღლელი ბებიაჩემი, რომელიც ზოგჯერ ჩემ დაძინებამდე ჩათვლემდა ხოლმე, რასაც საშინელ ღალატად ვთვლიდი …
მეჩვიდმეტე საუკუნეს შარლ პერო ჰყავდა - თავისი წითელქუდათი...
მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის გასაყარს - გრიმები და ჰოფმანი...
უფრო გვიან ხანას - ანდერსენი და ოსკარ უაილდი...
კიდევ უფრო აქეთას - ასტრიდ ლინდგრენი...
ბევრი იყო მანამდეც და მერეც მრავლად გაჩნდნენ, მაგრამ მთავარ მეზღაპრეებად მაინც ესენი მახსენდებიან.
როცა ბებიაჩემი ამათ ზღაპრებს მიკითხავდა, სიტყვების და აბზაცების გამოტოვება არ უწევდა, როგორც ამას ზოგჯერ ქართული ზღაპრების კითხვის დროს შვრებოდა, როცა ზღაპარში მოულოდნელ კანიბალიზმს ან სისხლისგამყინავ მკვლელობას წააწყდებოდა ხოლმე …
ანდერსენში კი, აბა, რა უნდა გამოეტოვებინა: ყველა სიტყვას თავისი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც ჩემი და კიდევ მილიონობით ადამიანის მეხსიერების და სულის ნაწილად იქცა...
ბავშვისთვის წერა ძალიან რთულია.
სინამდვილეში, არცერთ ბავშვს არ უყვარს, როცა მას ენისმოჩლექით ელაპარაკები და ისე მიმართავ, როგორც არათანასწორს, ამიტომ, თუკი "ძალით გაბავშვურებას" ან "უფროსობას" შეგატყობს, სულ რომ ტოლსტოი იყო, მის გულს მაინც ვეღარაფრით მოიგებ.
ტოლსტოი ტყუილად არ მიხსენებია - ყველა დროის ყველაზე დიდი მწერალი წლების განმავლობაში ცდილობდა ბავშვებისთვის წერას (ახალი აღთქმის "გამარტივებაც" კი სცადა ბავშვებისთვის), მაგრამ წერილებსა და დღიურებში სულ იმას ჩიოდა, რომ ზღაპრისთვის მართებული ინტონაციის მიგნება ხშირად "დიდებისთვის" განკუთვნილი ტექსტების წერაზე ბევრად რთული იყო...
და ამას ამბობდა მწერალი, რომელმაც "ომი და მშვიდობა" დაწერა, მწერალი, რომელიც თანაბარი დამაჯერებლობით აღწერდა ნაპოლეონის, შეყვარებული თინეიჯერის და, წარმოიდგინეთ, ცხენის ფიქრებსაც კი...
გაბრიელ გარსია მარკესმა ექვს თვეში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი რომანი "მარტოობის ასი წელი ” , თუმცა, მისივე თქმით, ჩვიდმეტი წელი (!) მოანდომა პირველი წინადადების ინტონაციის მიგნებას. ბოლოს კი ბაბუამისის ხმა და ტონი გაიხსენა, როცა მოხუცი ბუნებრივად, დამაჯერებლად და რეალისტურად უყვებოდა სრულიად ფანტასტიკურ ამბებს...
არც დიდი კოლუმბიელი მწერალი მიხსენებია ტყუილად, რადგან ის სწორედ ისეთ ისტორიებს აღწერს თავის რომანებში, რომლებიც დროის განმავლობაში მითად და ზღაპრად ტრანსფორმირდებიან, რომლებიც რეალურის და მაგიურის, არსებულის და არარსებულის გასაყარზე არიან...
ყველაფერი კი მაინც ჰომეროსიდან იწყება, რადგან ის, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფი ეგონა კაცობრიობას (თუნდაც "ილიადაში “ აღწერილი ტროას ომის სახით), აწ უკვე ხილული და ღრმად, მიწაში ჩამარხული ისტორია ყოფილა. განა "ტროას აღმომჩენი" შლიმანის
ისტორიაც ზღაპრული არაა? მითების არქეოლოგი ხომ ბოლოს თავადვე იქცა მითად...
ადამიანის ბედი ზღაპრულ თავგადასავალს ჰგავს - მოულოდნელობებით, ფათერაკებით, შიშებით, დამარცხებებით და გამარჯვებებით სავსეს …
და, რაც მთავარია, ჰგავს იმ მარადიული სიბრძნით, იმ ღერძით, იმ დიდი გამოსავლით, რის გარეშეც მსოფლიოს არცერთ წერტილში არ მოჰყვებიან არცერთ სულ პატარა ზღაპარსაც კი: თუ როგორ სძლევს ბოროტებას სიკეთე...
ამ წიგნში სწორედ ასეთი ამბებია მოთხრობილი - ამბები ქალებისა, რომელთაც სძლიეს წინააღმდეგობებს, სძლიეს უსამართლობას, სძლიეს აკვიატებებსა და ბოროტებას და რომელთა ცხოვრებაც ხშირ შემთხვევაში ზღაპარს ჰგავს...
ლაშა ბუღაძე