ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ანგარიშები და ქონება დააყადაღა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს. ვლადიმერ ევტუშენკოვი და მისი ვაჟი - ფელიქსი ჩეხეთის ეროვნული სანქციების სიაში ივნისის ბოლოს მოხვდნენ - „სისტემური საქმიანობისთვის, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევტუშენკოვების დაყადაღებულ აქტივებს შორისაა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Savoy Westend, რომელიც საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვარში მდებარეობს. ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გასულ წლებში აღნიშნულ სასტუმროში გავლენიანი რუსი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და არტისტები ისვენებდნენ. სასტუმრო ახლა შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს - იქ მხოლოდ ისინი ცხოვრობენ, ვისაც ჯავშანი ივლისის ბოლომდე ჰქონდათ.

სახელმწიფო ტელეარხის ცნობით, საკურორტო ქალაქში ევტუშენკოვების ოჯახის ქონების ჯამური ღირებულება 500 მილიონ ჩეხურ კრონს (20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) აჭარბებს. ჟურნალისტების შეფასებით, დაყადაღებული ქონების ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი კრონია (4.6 მილიონი დოლარი).

ჩეხური გამოცემა Seznam Zprávy წერს, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო-კომპლექსს რუსი ოლიგარქი კომპანია Lunisoft-ის მეშვეობით აკონტროლებს. ის ასევე ფლობს მეზობლად მდებარე ვილას Shakespeare კომპანია Sarlen-ის გავლით.

ვლადიმერ ევტუშენკოვი ფლობს სააქციო საზოგადოებას - „კონცერნი „რადიოტექნიკური და საინფორმაციო სისტემები“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორი კომპანიაა. „რადიოტექნიკური და საინფორმაციო სისტემები“ 2011 წელს ევტუშენკოვის კომპანია „სისტემამ“ დააფუძნა. „სისტემა“ ასევე აკონტროლებს კომპანია „კრონშტადტს“, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის აპრილში, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ ევტუშენკოვი დაასანქცირა, მან „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. გარდა ამისა, მილიარდერმა კომპანიაში თავისი წილი 49.2%-მდე შეიმცირა და საწესდებო კაპიტალის 10% შვილს, ფელიქს ევტუშენკოვს გადასცა. 2023 წლის აპრილში დიდმა ბრიტანეთმა ფელიქს ევტუშენკოვიც დაასანქცირა.

Forbes-ის მიხედვით, ვლადიმერ ევტუშენკოვი რუსი მილიარდერების რეიტინგში 51-ე ადგილზეა და მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ევტუშენკოვი ქართველ მილიარდერთან და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. 2022 წლის აპრილში მათი სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს თბილისში გამოგზავნილი მისი წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედროს. ჩანაწერში ფიგურირებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც, რომელსაც მთავრობამ რაჭაში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადასცა. „დიახ, ჩემი მეგობარია ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელსაც ვიცნობ 30 წელიწადზე მეტია“, - ამბობს ხიდაშელი. ის „ინტრაკომ ტელეკომ სოლუშენის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ეს კომპანიაც ევტუშენკოვის „სისტემასთან“ არის დაკავშირებული.

ვლადიმერ ევტუშენკოვი, ისევე როგორც მისი ვაჟი, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა შორის არ არის, თუმცა მის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული დიდ ბრიტანეთს, უკრაინას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ახლა უკვე - ჩეხეთსაც (აქამდე ჩეხეთის ეროვნული სანქციების სიაში მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე (ვლადიმერ) გუნდიაევი შედიოდა).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).