რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რვა ადამიანი დააკავეს. აქედან ხუთი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო სამი - უკრაინის და სომხეთის. უწყებაში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაზიდვის პროცესში საქართველოს ორი მოქალაქეც იყო ჩართული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსეთი აფეთქებას ტერორიზმის მუხლით იძიებს. უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, დანაშაულის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, ასევე, სამმართველოს თანამშრომლები და აგენტურა.

„ეფესბეს“ მტკიცებით, ბომბი, რომელიც ხიდზე აფეთქდა, სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში იყო შენიღბული და მისი საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა. გამოძიების ვერსიით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ბულგარეთში, საპორტო ქალაქ რუსში გაიგზავნა, საიდანაც ჯერ საქართველოში, ფოთის პორტში ჩავიდა, შემდეგ კი სომხეთში.

„ბულგარეთიდან ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო (დაბადებული 1975 წელს), დენის კოვაჩი (1979) და რომან სოლომკო (1971), საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე, ბროკერი ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი (1985)“, - განაცხადეს უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

მათი ინფორმაციით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, სომხეთში, ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წესებით განბაჟდა და დოკუმენტები შეიცვალა, რის შედეგადაც, ტვირთის გამგზავნად სომხური კომპანია გაფორმდა, მიმღებად კი რუსული. გამოძიების თანახმად, 4 ოქტომბერს, DAF-ის რეგისტრირებული სატვირთო მანქანით, ტვირთმა „ზემო ლარსზე“ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. 6 ოქტომბერს ის კრასნოდარის მხარეში მდებარე არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და განათავსეს. „ეფესბეს“ განცხადებით, 7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქე რომან სოლომკოს დახმარებით, უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ზლობას და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის მიერ ტვირთის დოკუმენტები კიდევ ერთხელ შეიცვალა და გამგზავნი გახდა შპს „TEK-34“ (ულიანოვსკი), ხოლო მიმღები ყირიმში არარსებული ფირმა. იმავე დღეს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის, მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში, რომელიც ყირიმის მთავარი ქალაქისკენ, სიმფეროპოლისკენ გაემართა. „ეფესბეს“ განცხადებით, 8 ოქტომბერს, დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გავლისას აფეთქება განხორციელდა.

„ტვირთის გადაადგილებაზე კონტროლს მთელ მარშრუტზე და კრიმინალური სქემის მონაწილეებთან კონტაქტს ახორციელებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი“, - აცხადებს „ეფესბე“.

უწყების მტკიცებით, გამოძიება გრძელდება და ყველა ორგანიზატორი და თანამონაწილე, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები „რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიეცემიან“.

8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებიდან მალევე რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი საწვავის ავზებით დატვირთულ მატარებელს გაუჩნდა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, კონსტრუქციის ნაწილი კი ჩამოინგრა. ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. უკრაინულმა მედიასაშუალებებმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შედეგი იყო. სამსახურს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ბასტრიკინმა 9 ოქტომბერს, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას თქვა, რომ აფეთქებული სატვირთო მანქანის მარშრუტი დადგენილი ჰქონდათ და ის ბულგარეთში, საქართველოში, სომხეთში, ჩრდილოეთ ოსეთში და კრასნოდარის მხარეში იმყოფებოდა. ბულგარეთის მთავრობამ განმარტა, რომ აფეთქებასთან დაკავშირებული სატვირთო მათ ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა. რუსეთის ბრალდება უარყო საქართველოს ხელისუფლებამაც. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს არ გაუვლია.

„გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას. საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არცერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. თუმცა, ის, რომ ვიღაცამ თქვა და ამიტომ მე თავი უნდა ვიმართლო, არ ვფიქრობ, რომ თავი უნდა ვიმართლო. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია“.

რუსეთმა ქერჩის სრუტეზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2016-2019 წლებში ააშენა. 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მას უკრაინის სამხრეთით საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის იყენებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).