ოჯახში ძალადობა

დაღესტნური ქორწილის ვიდეოზე პატარძლის დამცირების სცენამ სოცქსელებში აღშფთება გამოიწვია

ბოლო კვირებია, სოცქსელებში დაღესტნური ქორწილის ამსახველ ვიდეოზე საუბარი არ წყდება, სადაც საქმრო პატარძლის მიმართ შეურაცხმყოფელად იქცევა.

ვიდეოზე ასახულია კადრები: ახალგაზრდა კაცი ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით შედის ოთახში, სადაც პატარძალი ელოდება, რომელსაც საქორწინო ფატა სახეს მთლიანად უფარავს. კაცის კვალდაკვალ, ოთახში რამდენიმე კაცი შემოდის. ისინი ცეკვას და ღრიალს იწყებენ. ერთ-ერთი კაცი პატარძალს უახლოვდება, რომელიც უძრავად დგას, და მას თავზე ფულის კუპიურის ზომის ქაღალს ადებს. ქაღალდი ძირს ვარდება და მას იქვე მდგომი ერთ-ერთი ქალი იღებს.

კოსტიუმიანი კაცი, ჯიბეში ხელებით, პატარძალს უახლოვდება, შემდეგ მას კისერზე ხვევს ხელს უხეშად და თავისკენ იზიდავს. მეორე ხელი ისევ ჯიბეში აქვს. როცა მას მეორე მხრიდან მეორე კაცი ამოუდგება გვერდში, კაცი მარჯვენა ხელს მას ხვევს და აქეთ პატარძლის, იქით მეორე კაცის მხრებზე დაყრდნობით, ორივე ფეხს მაღლა სწევს. დანარჩენი კაცები გვერდით დგებიან და ფოტოებს იღებენ.

ამ საქორწინო ვიდეომ დაღესტანში ქალის მდგომარეობის შესახებ დისკუსია დაძრა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქორწილის რიტუალისას ქალის ამგვარი დამცირების ტრადიცია აქ ძალიან ჩვეულებრივი რამაა, სოცქსელების მომხმარებლებმა კი ქორწილის ეს ვიდეო ლოკალურ ტრადიციას დაუკავშირეს.

“თანამედროვე დაღესტანი. სამარცხვინო რამ. პირუტყვი საქმრო თავისი საცოლის წასაყვანად მოვიდა”, – ვკითხულობთ ვიდეოსთვის დართულ ტექსტში.

როგორც წესი, დაღესტანში საცოლის მზითვისთვის გაღებული ხარჯები ბევრად აღემატება თავად ქორწილის ხარჯებს, რაც თავისთავად ძალიან მაღალია და ახალდაქორწინებულებს ვალების ტვირთქვეშ აქცევს.

29 სექტემბერს გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს მხოლოდ იუთუბზე 19500-მდე ნახვა აქვს, ჯამში კი – 100000-მდე. კომენტარების ავტორები აღაშფოთა საქმროს საქციელმა და ისინი დაუფარავად გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას ვიდეოზე ასახული სცენის მიმართ. “რა ამაზრზენი უპატივცემულობაა მომავალი ცოლის, მისი ძმების, მისი მშობლების მიმართ? როგორ შეიძლება, ასეთ პირუტყვს გაატანო ცოლად შენი შვილი?!”, “რა საწყალია ეს გოგო… ალბათ ქომაგი არავინ ჰყავს… ამ ნაგავს ხელში როგორ ჩაუგდეს გოგო?!”, “მას ჰგონია, რომ “მაგარი ტიპია”, მაგრამ, სინამდვილეში ტაკიმასხარაა!”, – ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.